Accessibility links

logo-print

სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ შემოდგომისთვის პროგნოზირებული დესტაბილიზაციის თემა გასულ კვირაშიც საკმაოდ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ შემოდგომისთვის პროგნოზირებული დესტაბილიზაციის თემა გასულ კვირაშიც საკმაოდ პოპულარული იყო ქართულ პრესაში.

ჟურნალისტთა დიდი ნაწილი იზიარებს პოლიტიკოსთა მოზრდილი ჯგუფის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის შეწყალებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თემურ ხაჩიშვილის, მხედრიონელ გიგა გელაშვილისა და უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსის გურამ პაპუკაშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. 8 ივლისის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, ვრცელდება ხმები, რომ საქართველოს მშვიდი არც შემოდგომა ექნება და საზოგადოება შეიძლება მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომსწრეც გახდეს. გაზეთი წერს:

პოლიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ხაჩიშვილი იმ მდინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე შევიდა, მეორედ აღარ შეტოპავს და ხელისუფლება მისით მანიპულირებას ვეღარ მოახერხებს; მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ იგივე ხელისუფლება თავის ეშმაკურ ფანდებს კვლავაც გამოიყენებს. მათი აზრით, გამორიცხული არც ის არის, რომ ხაჩიშვილს თავისუფლება სწორედ იმიტომ აჩუქეს, რომ მას ხელისუფლების მიერ შეკვეთილი განცხადებები გაეკეთებინა.
პარლამენტარ ელენე თევდორაძის აზრით, ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, თუნდაც ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდების გაძლიერების გამო. ამიტომ მიდის ის ყველაზე საზიზღარ და ჭუჭყიან ავანტიურაზე, რომ თავისი ზრახვები ვიღაცას გადააბრალოს. მას საშემოდგომო ტერაქტი-გადატრიალების შესახებ ხმების გავრცელების საკუთარი ვერსია აქვს: შეიძლება ეს პროცესი ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული.
პარლამენტარ დემურ გიორხელიძის აზრით, მუდმივი საუბარი დესტაბილიზაციაზე მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანები გამუდმებით დაძაბულობაში ამყოფონ: ზაფხულში - შემოდგომის შიშში, შემოდგომაზე - ზამთრისა და უშუქობის მოლოდინში. მას ნაკლებად სჯერა, რომ ამ ხმების გავრცელებით ვინმე მიზანს მიაღწევს და შემოდგომაზე გავრცელებული ხმები ახდება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ საქართველოში დღესაც არსებობენ პოლიტიკური გუნდები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის არაფერზე დაიხევენ უკან.
“პირველ ლობის”, ირაკლი მელაშვილს, ჟვანია-სააკაშვილის გუნდების მოაზრება მომავალი გადატრიალების ორგანიზატორებად, უბრალოდ, იმის გამო არ შეუძლია, რომ, როგორც თავად აცხადებს, “გადატრიალების თავი არც ერთს აქვს და არც მეორეს.”
წინასწარ შემოდგომის გადატრიალებასა თუ ტერაქტზე საუბარი, რა თქმა უნდა, მეტად რთულია და არც ის არის გამორიცხული, რომ ხალხის დაძაბვის ეს მეთოდი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მართლაც, მხოლოდ მეთოდი იყოს და მეტი არაფერი.
თუმცა ის, რომ ხელისუფლება ხრიკებით სულდგმულობს, ხალხისთვის არც ახალია და არც მთავარი. მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მშვიდი შემოდგომა და, საერთოდ, მშვიდი ცხოვრება, რომლის დადგომასაც ის უკვე ძალიან დიდი ხანია, ელის.”



11 ივლისის გაზეთ “24 საათის” განცხადებით, დიდია იმის ალბათობა, რომ შემოდგომაზე მორიგი დესტაბილიზაციის პროგნოზი უფრო ადრე, ზაფხულშივე, ახდეს. “ თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში კოლექტიური შევარდნაძე შემოიჭრა, ჩვენი თანამშრომლები სცემა და თითქმის მთელი ოფისი გაანადგურა,” – ასეთი კომენტარი გაუკეთა 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის ფაქტს ამავე არასამთვრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა გიგა ბოკერიამ. გაზეთის ცნობით, ყველაზე სასტიკად თავდამსხმელები ლევან რამიშვილს გაუსწორდნენ. “ავადმყოფს მიღებული აქვს დაჟეჟილობა მთელ სხეულზე, აუცილებლად საჭიროებს ნევროპათოლოგის დახმარებას, შესაძლოა, მძიმე ფორმის ტვინის შერყევაც ჰქონდეს მიღებული,” – აცხადებენ სასწრაფო დახმარების ექიმები. გაზეთი წერს:

გიგა ბოკერია მომხდარს შევარდნაძის ხელისუფლების აგონიად მიიჩნევს და ყველას, “ვისაც კიდევ აწუხებს საქართველოში დემოკრატიის ბედი,” სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, მომხდარი ლოგიკურია და, შესაძლოა, ამ ფაქტს კიდევ უფრო სახიფათო გაგრძელება ჰქონდეს. იგი არ გამორიცხავს, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შემდგომშიც დაემუქროს. ბოკერია არ საუბრობს კონკრეტულად რომელიმე ჯგუფზე ან დამნაშავეებზე. ის ყველაფერში ხელისუფლებას სდებს ბრალს.
მომხდარი ლოგიკურად ეჩვენება პოლიტილოგ გია ნოდიასაც. აქ ისიც “კოლექტიური შევარდნაძის” ხელს ხედავს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება უშუალო ორგანიზატორი არ არის, ეს მისი თანხმობით მოხდა. მან, ფაქტობრივად, ძალადობის ტალღა მიუშვა, არ შეაჩერა, რომ მერე ყველაფერი კონსტრუქციულ ოპოზიციას გადააბრალოს.” გია ნოდიას მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ახალ პოლიტიკურ კრიზისს წარმოშობს.




საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს 8 ივლისის “დილის გაზეთი”, რომლის აზრითაც, დღეს თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პანკისში მხოლოდ და მხოლოდ დროის საქმეა. ასევე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი და, შესაძლოა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მომავალ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილოებას, რუსეთი იქნება და არა ამერიკა, როგორც ეს ბევრს ეგონა. გაზეთი წერს:


რუსეთის ხელისუფლება დღეს უკვე ღიად აცხადებს, რომ პანკისში არსებულ სიტუაციას ვერ შეეგუება და იქ წესრიგის დამყარებას მის ხელთ არსებული ყველა ხერხით და საშუალებით შეეცდება. სამწუხაროდ, ამერიკის ხელისუფლება რუსეთის ამგვარ განცხადებებს თითქმის სრული დუმილით შეხვდა და, როგორც ჩანს, ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ პანკისის ხეობაში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდებიან.
როგორც რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურები აცხადებენ, პანკისის ხეობაში ამჟამად 800 ჩეჩენი და 100 არაბი ბოევიკი იმყოფება. თუ ადგილობრივი რელიეფის თავისებურებებს და ჩეჩენი მებრძოლების საკმაოდ მაღალ პროფესიონალიზმს და ბრძოლისუნარიანობას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მოწინააღმდეგეებს საკმაოდ დიდი სამხედრო ძალების კონცენტრაცია მოუწევთ. წესით და რიგით, ამ თვალსაზრისით, რუსებს პრობლემები არ უნდა შეექმნათ, თუმცა სხვა საქმეა რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების პროფესიონალიზმი. როგორც ცნობილია, ამიერკავკასიაში რუსეთს ამჟამად სამი სამხედრო ბაზა აქვს: ბათუმის მე-12, ახალქალაქის 62-ე და გიუმრის სამხედრო ბაზა სომხეთში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ სწორედ ეს ძალები, რომლებსაც, თავად რუსების აღიარებით, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, მომავალი სპეცოპერაცია, შესაძლოა, არცთუ წარმატებული აღმოჩნდეს და დროში გაიწელოს, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს, ფაქტობრივად, გარანტირებული ექნება კიდევ ერთი ცხელი წერტილი, რომელიც მომავალში, შესაძლოა, დიდ კავკასიურ ომშიც გადაიზარდოს.
როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში, ქისტური დასახლებების გარდა, ქართული სოფლებიც მრავლად არის. იმ შემთხვევაში, თუ იქ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმდებები დაიწყება, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსული თვითმფრინავებიდან ჩამოყრილმა ჭურვებმა ქართველები და ქისტები გაარჩიოს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ხეობაში გამაგრებულმა ჩეჩნებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა ერთგვარ ცოცხალ ფარად გამოიყენონ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩეჩნები, პანკისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც საკმაოდ მრავლად ჩასახლდნენ და, თუ ძალიან გაუჭირდათ, შურისძიების მიზნით, ალბათ, სხვადასხვა მხრიდან შეგვავიწროებენ. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მუსულმანურ სამყაროში ჩეჩნებს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი და თანამგრძნობი ჰყავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მტრების რაოდენობა თითქმის გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ასე რომ, “გეორგიევსკის ტრაქტატი”, შესაძლოა, სანატრელიც გაგვიხდეს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით აღუდგება წინ რუსი ჯარისკაცების პანკისის ხეობაში გამოჩენას.
XS
SM
MD
LG