Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ხალხური ხელოვნების ფესტივალი”


10 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ კულტურის სამინისტროს ფინანსების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს – ხელისუფლება

კულტურას ისევ “მეორეხარისხოვან დარგად” აღიქვამს. ასეთ პირობებში, ის მცირეოდენი თანხა, რომელიც კულტურის სამინისტროზეა გამოყოფილი, ერთეული ღონისძიებების ჩატარებას ხმარდება. რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს კულტურის სამინისტრომ მაინც მოაწყო ხალხური ხელოვნების ფესტივალი, რომლის შესახებ ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გვიამბობს.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ არ გადადო ხალხური ხელოვნების ფესტივალი და წელს უკვე მესამედ ჩაატარა. რა თქმა უნდა, არაპროფესიონალ ხელოვანთა ზეიმის მოწყობა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ოპერაში, რომელიმე გრანდიოზული სპექტაკლის დაფინანსება, თუმცა კულტურის სამინისტროს მესვეურები აღნიშნავენ, რომ ფინანსებში არაა საქმე... მიუხედავად იმისა, რომ ხალხური ხელოვნება საქართველოში ისეთი პოპულარობით ვეღარ სარგებლობს, როგორც თუნდაც პოპ-მუსიკა, ან მოდა, დღესდღეობით ისევ კულტურის ეს დარგია ეროვნული ხელოვნების სავიზიტო ბარათი საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ხალხური ხელოვნების სტიმულირება გარკვეული თვალსაზრისით ხელისუფლებასაც აწყობს; შემოქმედება - ეკონომიკურ პრობლემებთან “დისტანცირების” და თავად ხელისუფლების მიმართ მომძლავრებული აგრესიისგან ნაწილობრივი განთავისუფლების საშუალება ხდება, თავისებური “ოპიუმი ხალხისათვის”. სხვა საქმეა, რამდენად ფასეულია ასეთი შემოქმედება. ეროვნულ გალერეიაში მოწყობილი ხალხური რეწვის გამოფენით თუ ვიმსჯელებთ, მნიშვნელოვან სიახლეს ამგვარი “გადართვით”, თუ “ჩანაცვლებით” მაინც ვერ მივაღწევთ; დღევანდელი ქართული ხალხური ხელოვნება ძირითადად დამკვიდრებული კულტურული ფასეულობების ტირაჟირებას უფრო ჰგავს – პატრიოტული, რელიგიური თემების ზედაპირული წარმოჩენით, უკვე მრავალჯერ ასახული დეკორატიული ფორმების ეგრეთ წოდებული “ფოკლორიზაციით”. მიუხედავად ამისა, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე წარმოდგენილ მონაწილეთა რიცხვი – 1060, 15 ქორეოგრაფიული კოლექტივი, 42 ხალხური სიმღერის ანსამბლი, მართლაც რომ ფანტასტიკურია... აბა ვინ იფიქრებდა, რომ დღევანდელ საქართველოში ამდენ ხალხს ემღერება, ან “ეცეკვება”. არ არის გამორიცხული, რომ კულტურულ ცხოვრებაში არაპროფესიონალ ხელოვანთა “ჩართვას” კულტურის სამინისტროს პროგრამული დაფინანსებიდან გამოყოფილმა თანხამაც შეუწყო ხელი; “გრან-პრისთვის” ხომ ფესტივალზე 3000 ლარი გამოიყო, ორი მეორე პრემიისთვის –1500 ლარი... და აბა როგორ არ იმღერებ, ან არ იცეკვებ ასეთი სოლიდური პრემიის მოსაპოვებლად? და რადგანაც საქართველოს პარლამენტმა ვერა და ვერ მიიღო კანონი მეცენატობის შესახებ, და, რადგანაც ხალხური ხელოვნება მაინც და მაინც არ ანაღვლებთ ქართველ ბიზნესმენებს, ასეთი კულტურის პროპაგანდისთვის ისევ ხელისუფლება იღწვის. პრინციპით “მთავარია რაოდენობა, და არა ხარისხი”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG