Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაბა იოსელიანი პარტიებისა და კანონმდებლობის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 19 ივლისს, სასტუმრო მეტეხში გამართულ შეხვედრას შეეხმიანა ჯაბა იოსელიანი, რომლის ყოფილ თანამებრძოლთა თუ თანამოაზრეთა ციხიდან ვადამდელმა გამოშვებამ ამას წინათ ბიძგი

მისცა პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიციით გამოსვლას. ჯაბა იოსელიანი ლაპარაკობს მხედრიონის ძველ ინიციატივებზე, რომელთაც თავად დემოკრატიულად მიიჩნევს, ძრახავს მოქმედ კანონმდებლობას და იმ პოლიტიკურ პარტიებს, ხაჩიშვილის გათავისუფლებამ რომ შეაშფოთა.

პოლიტიკურ პარტიებს ჯაბა იოსელიანი კარგა ხანია ნეგატიურად ეკიდება. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა მხედრიონის ლიდერი განუზომელ ძალაუფლებას ფლობდა, არცთუ იშვიათად გამოდიოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიათა როლის ზრდის წინააღმდეგ. დღეს ჯაბა იოსელიანის მთავარი სათქმელი ისაა, რომ მნიშვნელოვან არჩევით ორგანოებში კანდიდატთა პარტიული სიებით სავალდებულო წარდგენა ზღუდავს მოქალაქეთა ძირითად – საარჩევნო – უფლებას. [იოსელიანის ხმა]: “ადამიანის, მოქალაქის უპირველეს უფლებას – არჩევნების უფლებას, უფლებას, იყოს არჩეული – ართმევ: შენ შეგიძლია მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ხარ პარტიის წევრი ან პარტიული სიით გადიხარ. ეს იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური პარტიები გაურიგდნენ ხელისუფლებას და, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ფეხებზე დაიკიდეს ქართველი ხალხი. შევარდნაძემ ძვალი გადაუგდო პარტიებს – აჰა, თქვენ გექნებათ წარდგენის უფლება და საარჩევნო პროცესსაც გააკონტროლებთო. დღეს ყველა ლაპარაკობს ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ მთელი ერის უფლებების დაცვა რომ არის წართმეული, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს.”.

ჯაბა იოსელიანი უკიდურესად უარყოფითად აფასებს წინა კვირის მიწურულს პარტიების შეკრებას და გარკვეულ პრინციპებზე მათი შეთანხმების მცდელობას. იოსელიანი გამორიცხავს რაიმე საფრთხის წარმოქმნას ყოფილი მხედრიონელების გათავისუფლების შემდეგ და მიიჩნევს, რომ კაცის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგ, და ამ საფუძველზე, პოლიტიკური ორგანიზაციების კონსოლიდაცია ამორალურია [იოსელიანის ხმა]: “ეს არის ძალიან დიდი უზნეობა. უზნეობის საფუძველზე გაერთიანებული პარტიები იქნებიან უზნეონი თავისი არსით. გაერთიანებისათვის ათასი სხვა მიზეზი არსებობდა. უზნეობაა, როცა შენ ხან ქრისტიანი გქვია, ხან – დემოკრატი, ამ დროს კი არც ერთი არ ხარ და გაინტერესებს მხოლოდ პოპულიზმი და პოლიტიკური ამინდის შექმნა. ამის გამო იღებ შენ ამ მასალას (იგულისხმება პატიმრების გათავისუფლება). ჯერ ერთი, ხაჩიშვილიც, გელაშვილიც და პაპუკაშვილიც იყვნენ არაკანონიერი პატიმრები”.

გელაშვილის, პაპუკაშვილისა და ხაჩიშვილის გათავისუფლება ჯაბა იოსელიანს კანონზომიერად მიაჩნია, რადგან, მისი თქმით, შევარდნაძე სიცოცხლით არის დავალებული იმავე გიგა გელაშვილის მიმართ. გარდა ამისა, ამ ხალხის საქმე პროცესუალური ნორმების სრული იგნორირებით შედგა, ძიებისას კი ხუთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეცვლის ჯაბა იოსელიანის ეს და სხვა განცხადებები ამ პიროვნებისა და მისი ახლანდელი თანამოაზრეებისადმი დამოკიდებულებას. იოსელიანის გათავისუფლების შემდეგ აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურ ძალებს მასთან სათოფეზე მიახლოებაც არ სურთ.
XS
SM
MD
LG