Accessibility links

უმუშევართა დასაქმების საცდელი პროექტი. ტესტირებამ 250 გამარჯვებული უნდა გამოავლინოს


ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია უკვე შეუდგა უმუშევართა დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა პროფდიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების შეჯამებას.

უმუშევართა ტესტირების პირველ, ეგრეთ წოდებულ, საცდელ, ექსპერიმენტულ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს დასაქმების ცენტრებში რეგისტრირებულ უმუშევართაგან, დაახლოებით, 1200 ადამიანმა გამოთქვა. ტესტირებამ, რომელიც დედაქალაქსა და რეგიონებში, ერთდროულად, 23 ივლისს გაიმართა, ბიზნესორიენტაციის მქონე 250 უმუშევარი უნდა გამოავლინოს.

უმუშევართა და მცირე მეწარმეთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, მაინც სკეპტიკურად განაწყობს უმუშევართა მთელ არმიას და მათ, ასევე, ათობით ასეულ მხარდამჭერს. შესაძლოა, ამითაც აიხსნას ის ფაქტი, რომ, უმუშევართა სიმრავლის მიუხედავად, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი, სრულიად საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 1200 კაცმა გამოთქვა.მათ შორის, მაქსიმუმ, 250 გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ტესტირებაში გამარჯვება კი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ უმუშევარ მოქალაქეთათვის ბოძებულ, არსებითად, დაგვიანებულ შანსს, როგორც უპროცენტო სესხის მიღების, ისე სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ელემენტარული ბიზნეს-უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით; უმუშევართა გარდა, პროგრამა მოქმედ მცირე მეწარმეებზეც ვრცელდება.
[რეზო საყვარელიძის ხმა]“შემდეგი გზა ამ უმუშევრებისა იქნება ის, რომ ისინი სამეწარმეო საქმიანობისათვის მომზადებას გაივლიან მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ცენტრებში, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონშია. ეს არის კერძო ცენტრები. ყველა ეს ნაბიჯი მათთვის არის უფასო. ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ათი დღის შემდეგ, მათი ბიზნეს-იდეებიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ცენტრებთან ერთად, ისინი დაიწყებენ ბიზნეს-გეგმებზე მუშაობას, მივლენ შემდეგ კომერციულ ბანკში.” [სტილი დაცულია]
საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სამსახურის უფროსის რეზო საყვარელიძის თქმით, უკვე შეიძლება ტენდერში გამარჯვებული იმ კომერციული ბანკის დასახელება, რომელიც პრაქტიკულ უმუშევრებს, პოტენციურ ბიზნესმენებს ისეთ რეალურ მეწარმეებად აქცევს, რომელთაც თავად შეეძლებათ უმუშევართა დასაქმება. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ძნელი სავარაუდოა, თანხა, რომელიც ინდივიდუალური უმუშევრისთვის უპროცენტო და, ამ მხრივ, შეღავათიანი სესხით გაიცემა, მართლაც, საკმარისი იყოს თუნდაც მცირე წარმოების ასამუშავებლად.
[რეზო საყვარელიძის ხმა]“მცირე მეწარმის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა არის 30 000 ლარი,უმუშევრების შემთხვევაში მაქსიმალური თანხა არის 6 ათასი ლარი.ეს არის ლაპარაკი ინდივიდუალურ მეწარმეობაზე, თუმცა ეს 6 ათასი ლარის შემთხვევა არ არის აუცილებელი თითოეულ ადამიანზე იყოს მიმართული. ჩვენ ვასტიმულირებთ ჯგუფური სესხების აღებას და, ალბათ, ძირითადი მიმართულებები აქეთ იქნება და ჯგუფური სესხების აღება ამა თუ იმ უმუშევრისთვის გაცილებით უფრო მისაღები იქნება, ვიდრე მარტო რომ მიიღოს სესხი”. [სტილი დაცულია]
უმუშევართა დასაქმების აღნიშნული პროგრამის მთლიანი ღირებულება 1 800 000 ლარია. პროგრამაში სახელმწიფო 600 000 ლარით მონაწილეობს, ბანკი კი - 1 200 000 ლარით. ბანკთან ინდივიდუალური კრედიტორის გირავნობის პრობლემას კი მოაგვარებს სადაზღვევო კომპანია, რომელთანაც ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
XS
SM
MD
LG