Accessibility links

logo-print

ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციის მე-12 წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა 12 წლის წინათ, 1990 წლის 2 აგვისტოს, ერაყის 100 000-იანი ჯარი მეზობელ ქუვეითში შეიჭრა და 5 საათში დაიპყრო ნავთობით მდიდარი საამირო. ამ მზაკვრულმა თავდასხმამ დასაბამი მისცა კრიზისს,

რომელიც დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვანმა კოალიციამ 6 თვის შემდეგ ერაყელები ქუვეითიდან გააძევა.

ნავთობით მდიდარი საამიროს დაპყრობა ბაღდადმა უმალვე ”2 აგვისტოს რევოლუციად” და ერაყის სუვერენიტეტში ქუვეითის სამართლიან დაბრუნებად მონათლა. ერაყელებმა ალყაში მოაქციეს ქუვეითის დედაქალაქი და მმართველი ოჯახის, საბას რამდენიმე წევრი დაატყვევეს. სამეფო ოჯახის დანარჩენმა წევრებმა საუდის არაბეთში მოასწრეს გაქცევა.

და თუ ერაყის ოფიციალური პრესა იმით ამართლებდა ქუვეითის დაპყრობას, რომ ნავთობით მდიდარი ეს საამირო ისტორიულად ერაყის შემადგენელი ნაწილი იყო, დანარჩენმა მსოფლიომ ამაში პატარა მეზობლის წინააღმდეგ დიდი ქვეყნის მიერ განხორციელებული აგრესია დაინახა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოითხოვა, რომ ერაყს დაუყოვნებლივ გაეყვანა ქუვეითიდან თავისი შეიარაღებული ძალები. ბაღდადმა ყურად არ იღო ეს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა გაერომ მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მიიღო და, პირიქით, თავის ერთ-ერთ პროვინციად გამოაცხადა ქუვეითი.

ოკუპაცია დამთავრდა 6 თვის შემდეგ, როცა მრავალეროვანმა კოალიციამ, შეერთებული შტატების თაოსნობით, ქუვეითიდან გააძევა ერაყის ჯარი. კოალიციაში, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, შედიოდა ერაყის არაერთი მეზობელიც, მათ შორის საუდის არაბეთი, სირია, თურქეთი და სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფო.

კოალიციური ძალების მიერ სპარსეთის ყურეში სამხედრო ოპერაციის დაწყება 17 იანვარს გამოაცხადა ამერიკელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”ორიოდე საათის წინ, მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე ერაყსა და კუვეიტში. და იერიში ახლაც გრძელდება. სახმელეთო ძალები ოპერაციაში არ მონაწილეობენ. ეს კონფლიქტი 2 აგვისტოს დაიწყო, როცა ერაყელმა დიქტატორმა პატარა და სუსტი მეზობელი დაიპყრო. არაბული ლიგისა და გაეროს წევრი, ქუვეითი, დაემხო, მის ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ. სადამ ჰუსეინმა 5 თვის წინათ დაიწყო ეს ბარბაროსული ომი ქუვეითის წინააღმდეგ. დღეს ბრძოლაში კოალიცია ჩაერთო.”

და თუ მრავალეროვანმა კოალიციამ წარმატებით დაასრულა სპარსეთის ყურის ომი, ის საერთაშორისო კრიზისი, ბაღდადის მიერ ქუვეითის ოკუპაციამ რომ გამოიწვია, დღემდე მოუგვარებელია. 12 წლის წინანდელმა აგრესიამ ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ სადამ ჰუსეინი საფრთხეს უქმნის როგორც სპარსეთის ყურის რეგიონს, ასევე დასავლეთსაც. დღეს ერაყის ტერიტორიულ ამბიციებზე უკვე აღარაა ლაპარაკი. განგაშს ის იწვევს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებს. თეთრი სახლის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ერაყის კრიზისის მოსაგვარებლად, აუცილებელია სადამ ჰუსეინის დამხობა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

ერაყის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის თვითონ ქუვეითიც, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ არიან მომხრე ერაყის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და მოუწოდებენ ბაღდადს, დაუშვას ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა; ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა და გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გაუმართლებელი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG