Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა ისევ განათლების


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა ისევ განათლების

საკითხებს ეხება, ოღონდ ამჯერად ვილაპარაკებთ არა პრობლემებზე, არამედ განათლების მიღების შესაძლებლობებზე. მისაღები გამოცდები უმაღლეს სასწავლებელთა უმეტესობაში უკან დარჩა და ახლა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეებს თითქოს აღარც უნდა აღელვებდეთ, სად შეიძლება სწავლის გაგრძელება. მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მოგითხროთ იმ საშუალებათა შესახებ, რაც საზღვარგარეთ განათლების მიღების მოსურნე ადამიანებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში, – გიამბობთ საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობაზე, რომლის მეშვეობითაც ბევრი ქართველი აბიტურიენტი, სტუდენტი, ბაკალავრი, ასპირანტი თუ ახალგაზრდა მეცნიერი გაემგზავრა ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ცოდნის შესაძენად და წარმოგიდგენთ ჩვენი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ცენტრის ხელშეწყობით წელს იმყოფებოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი 1995 წელს დაარსდა ფონდში “ღია საზოგადოება – საქართველო”. დღეს ცენტრს წარმომადგენლობები აქვს ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და ახალციხეში. ცენტრში შეიძლება ამომწურავი ინფორმაციის მიღება იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომელშიც ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების სწავლას ხელს უწყობს სოროსის ფონდი. ცენტრის შემოთავაზებული პროგრამები ემსახურება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარებას საქართველოში. ცენტრის დირექტორის, ნინო ჩინჩალაძის თქმით [ჩინჩალაძის ხმა], “ყოველწლიურად საკონსულტაციო ცენტრი 100-დან 120 სტუდენტსა და პროფესიონალს ეხმარება უცხოეთში სასწავლებლისა და დაფინანსების მოძიებაში, ორგანიზაციულად და ფინანსურად ხელს უწყობს მათ გამგზავრებას”. სწავლის მოსურნეებს ცენტრში შეუძლიათ მოემზადონ ინგლისურ ენაში ყველა იმ გამოცდისათვის, რომელთა წარმატებით ჩაბარება აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.

საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ისწავლონ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, აღმოსავლეთი ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნების უნივერსიტეტებში, თუმცა, როგორც ნინო ჩინჩალაძე ამბობს, მათი მთავარი პარტნიორი ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტია [ჩინჩალაძის ხმა], “რომელშიც 8 დეპარტამენტია სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში. ეს დეპარტამენტებია: ისტორიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, მედიევისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტები. იქვე არის წარმოდგენილი ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრატურა, რომელიც შედარებით ახალი დარგია სოროსის ქსელისთვის. ყოველწლიურად 12-15 მაგისტრანტი მზადდება ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ასე რომ, ჩვენი მომზადებული მაგისტრების რიცხვმა უკვე 97-ს მიაღწია ბოლო 7 წლის მანძილზე მხოლოდ ამ უნივერსიტეტიდან”. აქვე დავძენ, რომ საერთოდ, სოროსის ფონდის დახმარებით უცხოეთში განათლებამიღებული საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 700-ს აღწევს.

საზღვარგარეთ განსწავლული ახალგაზრდები, როგორც წესი, საქართველოში ბრუნდებიან. ნინო ჩინჩალაძე უცხოეთში დარჩენისა თუ ემიგრაციის მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს და ხელთ არსებული სტატისტიკით ასაბუთებს, რომ ამ არხით საქართველოდან “ტვინების გადინება” არ ხდება. საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრს მუდმივი კონტაქტი აქვს ამ ახალგაზრდებთან, როგორც უცხოეთში მათი სწავლის, ისე იქიდან დაბრუნების შემდეგ. ცენტრი აკვირდება მათი აქაური საქმიანობის დინამიკასაც. ნინო ჩინჩალაძე ირწმუნება, რომ სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ძალიან კარგად სწავლობდა და ახლაც ასე სწავლობენ. თუ ადრე დაბრუნებულ კურსდამთავრებულებს მხოლოდ თარჯიმნისა და მდივნის ადგილს სთავაზობდნენ, ახლა სურათი შეიცვალა და სამუშაო ადგილი, ასე თუ ისე, შეესაბამება განათლებასა და კვალიფიკაციას. ოღონდ, ეგ არის, რომ ამ ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი მუშაობს სახელმწიფო სექტორში. მათ თავადაც არ სურთ იქ დასაქმება დაბალი ხელფასების და კიდევ იმის გამო, რომ პრაქტიკულად არ ექნებათ გავლენა გადაწყვეტილებათა მიღებისას. ამიტომაც, ძირითადად, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ. დიდია მათი ხვედრითი წილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაშიც. და მაინც [ჩინჩალაძის ხმა]: “მე მგონია, მათი შესაძლებლობები ბევრად მეტია, ვიდრე დღეს ავლენენ იმ საქმეებში, რომლითაც დაკავებულნი არიან. ეს არის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე, კარგი განათლებამიღებული ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელსაც რეალურად ძალიან ბევრი რამის გაკეთება და დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია”.

წელს საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ამერიკის სკოლებში უკვე საშუალო სკოლის უფროსკლასელთა თითო წლით წარგზავნას და სწავლას გულისხმობს. სენტ-ლუისისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ჩვენი ბაკალავრებისთვის ახალი ამოქმედებულია სოციალური მუშაკების მაგისტრატურა. ადამიანური საქმიანობის ეს სფერო თითქმის სრულიად უცხოა საქართველოში. ასე რომ, პირველ კურსდამთავრებულებს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დაფუძნებისა და მშენებლობის მისიაც დაეკისრებათ.
XS
SM
MD
LG