Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები უნივერსიტეტში მიღების წესებს სასამართლოში ასაჩივრებენ


სოზარ სუბელიანი, თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული გამოცდების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა,

რაც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, თეა თუთბერიძემ, გაასაჩივრა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება “მიღების წესების შესახებ”. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად კი, სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ავტომატურად აჩერებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ამ ინფორმაციამ ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში, ისე ახლადჩარიცხულ სტუდენტებსა თუ უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს შორის, რადგან რექტორის ბრძანების შეჩერება თავად ჩატარებული გამოცდების კანონიერებასაც საეჭვოს ხდის.

მოსარჩელე, თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ რექტორის ბრძანების გასაჩივრება მისი უფლებების დარღვევის გამო გადაწყვიტა. თუთბერიძემ, იურიდიული ფაკულტეტის ფასიანი სექტორის მეორე კურსის დამთავრების შემდეგ, დააპირა თავიდან ჩაებარებინა საბიუჯეტო სექტორზე, მაგრამ ამის უფლება მას არ მისცეს: უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების თანახმად, მისაღები გამოცდების თავიდან ჩაბარება მხოლოდ იმ სტუდენტს შეუძლია, ვინც პირველ კურსს დახურავს, შემდგომ კურსელებს კი ამგვარი უფლება ერთმევათ. ამის შესახებ თუთბერიძესაც განუმარტეს, თუმცა მისივე მდგომარეობაში მყოფ არაერთ სხვა სტუდენტს იგივე მოთხოვნა არ შეეხო.

სარჩელში კიდევ რამდენიმე მოტივზეა საუბარი, რომლებიც, თუთბერიძის აზრით, აბიტურიენტთა ნაწილს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. მათგან ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფაქტორად, შეიძლება მისაღებ გამოცდებზე იმ პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა მივიჩნიოთ, რომლებიც თავად ამზადებენ სტუდენტებს: [თეა თუთბერიძის ხმა] “როდესაც მე – აბიტურიენტი, რომელიც არ ვემზადები არც ერთ რეპეტიტორთან – მივდივარ გამოცდაზე და ის აბიტურიენტები მოდიან, რომლებიც, ძირითადად, იმ ლექტორებთან, იმ პროფესორ-მასწავლებლებთან ემზადებიან, რომლებიც უნივერსიტეტში თვითონ იბარებენ მისაღებ გამოცდებს, ფაქტობრივად, აქ არის ინტერესთა კონფლიქტი და მე არათანაბარ მდგომარეობაში ვარ იმათთან. ეს აკრძალულია კანონითაც – არ შეიძლება მონაწილეობდეს ამ პროცესებში ისეთი თანამდებობის პირი, ვისაც პირადი ინტერესი გააჩნია.” [სტილი დაცულია]

სარჩელში ნათქვამია, რომ რეპეტიტორებისა და აბიტურიენტების ურთიერთობა კორუფციის ერთ-ერთი სახეა, თუმცა უნივერსიტეტის სტუდენტების მეორე ნაწილი, რომელთა შორის, განსაკუთრებით, სტუდენტური პროფკავშირის წევრები აქტიურობენ, კატეგორიულად გამორიცხავს კორუფციასა და არაობიექტურობას, ყოველ შემთხვევაში, იმ გამოცდებზე მაინც, რომლებსაც თვითონ ესწრებოდნენ დამკვირვებლის სტატუსით. სტუდკავშირის წევრის, ლევან ჯაშის თქმით, დამკვირვებლებმა ერთი საეჭვო ფაქტიც კი ვერ აღმოაჩნიეს.

მონიტორინგში მონაწილე სტუდენტები მუქარასაც არ ერიდებიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოცდების ობიექტურობაში ეჭვის შეტანას გაბედავენ: [ლევან ჯაშის და ირაკლი ბერიშვილის ხმა] “ყველა ის საუბარი, რომელიც მიმდინარეობს ტელევიზიის მეშვეობით და მედიის მეშვეობით, აყენებს შეურაცხყოფას არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორებსა და ლექტორებსა და რექტორატს, არამედ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წელს თავის თავზე აღიეს ამ პროცესის რეგულირება. ყველა ის სტუდენტი, რომელიც დღეიდან განაცხადებს, რომ აქ იყო შემჩნეული რაიმე რეციდივი, გამოდის, რომ ის გვადანაშაულებს ჩვენ…”
“არ დაფიქსირებულა ჩვენი მხრიდან არც ერთი ისეთი დარღვევა. ამდენად, ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ გამოცდებმა ჩაიარა ობიექტურად და იმ შემხთვევაში, თუ იქნება რაიმე ბრალდება, თუნდაც ლექტორებზე ან რექტორატზე, თავისთავად, ჩვენც მოვიაზრებით იმაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე საკმაოდ ცუდ რეაგირებას მივცემთ.”[სტილი დაცულია]


ბევრი აბიტურიენტი, მიუხედავად სტუდენტ-პროფკავშირელთა მუქარისა, ბედავს იმაზე საუბარს, რა შთაბეჭდილებაც გამოცდებმა დაუტოვა. ერთ-ერთი მათგანი, მარინა სტოროჟუკი, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის სპეციალობაზე აბარებდა და 35 ქულა მოაგროვა, გამსვლელი კი 37 ქულა იყო. მარინამ წელს დაამთავრა სკოლა და, მიუხედავად იმისა, რომ ფასიან სექტორზე ჩაირიცხა, სწავლის გაგრძელება არ ისურვა. მისი თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ სწავლის საფასური – წელიწადში 500 დოლარი არ ყოფილა: [მარინა სტოროჟუკის და სოზარ სუბელიანის ხმა]
“იცით, საშუალება რომ იყოს, მე თვითონ არ მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას, იმიტომ, რომ 11 წელი მართლა ტყუილად არ მივლია სკოლაში და მენანება ჩემი ამდენი შრომა… იქ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენი თავი გამოვავლინოთ, ჩვენი ცოდნა სათანადო დონეზე შეფასდეს. წერით გამოცდაზე თვითონ ლექტორები ეხმარებოდნენ ბავშვებს…”
“რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება?”
“იგივე შპარგალკებით. ჩემს უკან იჯდა გოგონა და შავ ნაწერში უსწორებდა ქალბატონი – ალბათ, რეპეტიტორი იყო, – რაღაც მითითებებს აძლევდა…”
“ახლა რას აპირებ?”
“ალბათ, შევუერთდები ამ სარჩელს და ვეცდები, რომ მაინც ვიპოვო ამ ქვეყანაში სიმართლე, იმიტომ, რომ მჯეროდა, დიდი იმედებით შევდიოდი იმ მართლა თეთრ კედლებში. მაინც არ დამიკარგავს ბოლომდე იმედი და მჯერა, რომ ვიპოვი სამართალს.”
“ემზადებოდი ამ წლების განმავლობაში?”
“კი, მაგრამ რეპეტიტორებთან არა, მე თვითონ.”
“ხომ არ გიცდია, ან ვინმე ნაცნობი მოგენახა, ან “ჩაწყობაზე” გეზრუნა?”
“მესამე გამოცდა რომ დამთავრდა და გამოქვეყნდა ნიშნები, აღმოჩნდა, რომ მარტო ათიანი მყოფნიდა. ვნახეთ ნაცნობი და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ, ბოლო გამოცდაში, უბრალოდ იმაში, რომ არ დაეკლოთ ნიშანი და სათანადოდ შეეფასებინათ ცოდნა, გვთხოვეს 1000 ლარი…”
“და ვერ გადაიხადეთ!.. თუ არ გადაიხადეთ?”
“არა, არ გადავიხადეთ, უბრალოდ, ვერ გადახდაზე უკვე არ არის…”[სტილი დაცულია]


უნივერსიტეტის პრორექტორი, პარლმენ მარგველაშვილი, ეთანხმება იმ აზრს, რომ გამოცდები ობიექტურ სურათს ვერ იძლევა, თუმცა, მისი აზრით, ამის მიზეზი კორუფციის მასშტაბი არ არის: [პარმენ მარგველაშვილის და სოზარ სუბელიანი ხმა]
“თქვენი აზრით, კორუფციას უნივერსიტეტში სისტემური ხასიათი აქვს თუ ეს მაინც გამონაკლისებია?”
“ეს არავითარ შემთხვევაში არ ცდება კანონის ფარგლებს, არავითარ შემთხვევაში.”
“კანონის ფარგლებში კორუფცია რას ნიშნავს?”
“აი, მე რას გეუბნებით: მაგალითად, მე თქვენ მომეწონეთ, როგორც გარეგნულად, თქვენი მეტყველება მომეწონა და თქვენ მე გამოცდის დროს რაღაცა გაპატიეთ და დაგიწერეთ შეიძლება უფრო მაღალი ნიშანი, ვიდრე, რაღაცა საზომით, თქვენ იმსახურებდით. აქ მე ვერავინ დამწამებს კანონის დარღვევას, არა? აი, ამ ფარგლებს გეუბნებით მე. სხვა ტიპის კანონის დარღვევა…”
“რექტორის სიის არსებობა, რაზეც ბევრს ლაპარაკობენ?”
“ასეთი რამე უნივერსიტეტში არ არის.” [სტილი დაცულია]

რაც შეეხება თუთბერიძის სარჩელს, მარგველაშვილის აზრით, მისი მთელი მნიშვნელობა, უკეთეს შემთხვევაში, ერთგვარი იურიდიული ვარჯიშობაა: [პარმენ მარგველაშვილის ხმა] “პრაქტიკა მივიღოთ, სასამართლოში როგორ მივიდეთ, როგორ დავწეროთ განცხადება, როგორ გამოვიძახოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეს, პრინციპში, მიმაჩნია ახალგაზრდობის მონაპოვრად. ბევრი ამაში შეიძლება ანაზღაურებასაც იღებს, ეს დაინტერესებაც აქვს, მაგრამ მე უფრო მინდა, კეთილი მომავალი დავინახო ამაში.” [სტილი დაცულია]

რაიმე უფრო სერიოზულ შედეგი, პარლმენ მარგველაშვილის თქმით, ამ სარჩელს არ შეიძლება მოჰყვეს, რადგან, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არღვევს იმ ტრადიციულ ღირებულებათა მთელ იერარქიას, რომელსაც დღემდე ეფუძნებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრება. [პარმენ მარგველაშვილის ხმა] “ნუ, ახლა, ეს უაზრობაა, ასეთი კანონი არ უნდა იყოს, ესე იგი. რა უნდა გაუქმდეს, ცხოვრება უნდა შეწყდეს? ნამდვილად სასაცილო იქნება, რომ, დავუშვათ, ახლა, მისაღები გამოცდები დამთავრდა, ჩარიცხვები დამთავრდა და თქვენ გამოაცხადოთ, რომ მისაღები გამოცდები არ ჩატარებულა. მაშინ, ასეთი კანონი უნდა გავაუქმოთ. არა, რომ წერია, ესე იგი, არ ვარგა, რომ წერია და ამიტომ ვერ ვიცხოვრებთ ცუდი წესით.” [სტილი დაცულია]

სასამართლოს სხდომა, რომელმაც სარჩელი უნდა განიხილოს, ჯერჯერობით არ არის დანიშნული, თუმცა, თუთბერიძის გზას უკვე არაერთი აბიტურიენტი მიჰყვა და, უახლოეს დღეებში, სასამართლოს არაერთი ახალი სასარჩელო განცხადების მიღება მოუწევს.
XS
SM
MD
LG