Accessibility links

logo-print

8 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსის” აზრით, საქართველო ჩეჩნური რისხვის მოლოდინშია. გაზეთი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 8 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსის” აზრით, საქართველო ჩეჩნური რისხვის მოლოდინშია. გაზეთი წერს, რომ “საქართველოს საზღვრის დამრღვევი ჩეჩნები რუსეთისთვის პოლიტიკური სპეკულაციის ახალი წყარო ხდება.

რუსეთის გენერალური პროკურორის თბილისში ვიზიტის შემდეგ კვლავ გაურკვეველი რჩება მათი ექსტრადიციის საკითხი, თუმცა მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ ქართული მხარე რამდენიმე კვირაში რუსეთს ცამეტივე ჩეჩენს გადასცემს”.
“რეზონანსის” ინფორმაციით, “რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო 13 ჩეჩენის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შედგენა. სავარაუდოდ, ორი კვირის ვადაში, დაკავებულების მიმართ უმძიმესი დოსიე შედგება და თბილისში ჩამოვა. იმ შემთხვევაში, თუ უსტინოვის უწყება დაასაბუთებს, რომ დაკავებულები იდენტიფიცირებულები არიან რუსეთში ძებნილ პირებთან, ქართული მხარე იძულებული გახდება მათ გადაცემაზე დათანხმდეს. შესაბამისად, შესაძლოა რუსეთი საქართველოს დროებით დაუთბეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალური ხდება ჩეჩნებთან ურთიერთობის გამწვავების საფრთხე. ეს ფაქტორი კი, პანკისში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა არანაკლებ საშიში გახდეს, ვიდრე რუსული აგრესია.
ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩეჩნების ხელით საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყება რუსული სცენარის შემადგენელი ნაწილია. ეს პერსპექტივა რუსეთისათვის მიმზიდველი მას შემდეგაა, რაც პანკისში სპეცოპერაციის დაწყების რუსული პროექტი ჩავარდა”.

რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი სხვა სფეროშიც აამოქმედოს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოვის ოლქის საჰარო სივრცე დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე იქნება დაკეტილი. მთავარი მიზეზი კი ის ყოფილა, რომ აღნიშნულ ზონაში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და ამიტომ რუსეთი საქართველოს ავიალაინერების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. საინტერესოა, რომ ეს შეზღუდვა სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებს არ შეხებია.

9 აგვისტოს გაზეთი “24 საათი” აღნიშნავს, რომ “რუსი სამხედროები აგრძელებენ რეპრესიებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიმართ. რეისების შეფერხების მიზეზად კი ისევ და ისევ სამხედრო მანევრებსა და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობას ასახელებენ. ეს უკანასკნელი ღონისძიება, ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 31 ოქტომბრამდე გასტანს”.

შემდეგ გაზეთი წერს: “რუსების ავიათამაშებს ქართველმა ავიატორებმა მათივე მეთოდიკა დაუპირისპირეს და გუშინდელი დღიდან რუსეთის ავიაკომპანიებს უკვე საქართველოს აეროპორტი დაუდგენს ფრენის გრაფიკებს. როგორც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა, მერაბ ადეიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ქმედებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამის გამო ქართული მხარე რუსულ ავიაკომპანიებს საჰარეო სივრცეს მხოლოდ მას შემდეგ გაუთავისუფლებს, რაც რუსი სამხედროები ქართულ ავიაკონპანიებს შეზღუდვებს მოუხსნიან”.

“24 საათის” კითხვაზე – “იკვეთება თუ არა საქართველოსთვის რუსეთის საჰარეო სივრცის შეზღუდვაში “აეროფლოტის” ეკონომიკური ინტერესები?” – მერაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ “ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგზავრებისათვის დისკომფორტის ხელოვნური შექმნისა და ავიაკომპანიის დისკრიმინაციის პრობლემა უფრო მწვავეა”.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის თავმჯდოამარის, ზურაბ ჭანკოტაძის განცხადებით, “რუსების ქმედება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქართულ მხარეს, რადგან “ აირზენას” მგზავრებს 12 საათის, ხოლო ეკიპაჟის წევრებს კი სრული 24 საათის განმავლობაში თვითმფრინავში ყოფნა უწევთ, ეს კი პილოტებისთვის იმდენად დამქანცველია, რომ ფრენის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ასუსტებს”.

გაზეთის თქმით, “ავიატორები ამჟამად ეკონომიკურ ზარალზე არ საუბრობენ, თუმცა, ეს ფაქტორი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შეზღუდვების გამო რამდენიმე დღეში, კერძოდ, 12- აგვისტომდე, “აირზენას” ეკონომიკური ზარალი 100 ათას დოლარს მიაღწევს, რაც პატარა ავიაკომპანიისათვის სოლიდური დანაკლისი იქნება. “აირზენას” ხელმძღვანელობა შიშობს, რომ რუს სამხედროთა საქციელი ავიაკომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს”.

“24 საათის” ინფორმაციით, ექსპერტები “აირზენასა” და “აეროფლოტის” ეკონომიკური დაპირისპირების ასპექტებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტის შესახებ გაზეთი წერს:

“საქმე ისაა, რომ საქართველოში კვლავ დღის წესრიგშია სახელმწიფო ავიაკომპანიის – “სახელმწიფო ავიახაზების” პრივატიზების საკითხი. “24 საათის” ხელთ არსებული კულუარული ინფორმაციით, სახელმწიფო ავიაკომპანიის შესყიდვის სურვილი “აეროფლოტს” აქვს. სხვათა შორის, თავის დროზე, “აირზენას” სხვა ქართული ავიაკომპანიების ხელოვნურად “დაძირვის” მცდელობაში ადანაშაულებდენენ. ამდენად, “აირზენას” დღევანდელი პრობლემები, შესაძლოა, შიდა ეკონომიკური გადათამაშებების ფონზე, საქართველოს გარკვეული ეკონომიკური წრეების ინტერესებს დაემთხვეს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, ამ ეტაპზე კი “აირზენა” რუსების პოლიტეკონომიკური და სამხედრო თამაშების მხვერპლად იქცა”.

სამწუხაროდ, მშვიდი ვითარება არც ქვეყნის შიგნით შეინიშნება. გრძელდება დაპირისპირება აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ბათუმურ ალიანსს შორის. როგორც 9 აგვისტოს “დილის გაზეთი” წერს, “საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინების” წევრი, ვალერი გელბახიანი შეეცადა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმურობა დაემტკიცებინა. გელბახიანის განცხადებით, “ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური სტატუსი არ გააჩნია. შესაბამისად, მას საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. ამდენად, მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვთ”.

ვალერი გელბახიანის აზრით, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დევნილებმა ახალი არჩევნების შედეგად უნდა აირჩიონ.

“დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ ასეთ პოზიციას არ იზიარებს პარლამენტარი გია გვაზავა, რომელიც იმავდროულად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეც არის. გვაზავას განცხადებით, “როგორც კი დევნილებს შორის არჩევნები ჩატარდება, ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხი დაეცემა, რადგან ამ არჩევნებში აფხაზები და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოსახლეობა არ მიიღებს მონაწილეობას. ამდენად, ამ არჩევნებს, ისევე, როგორც სეპარატისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ ცნობს. ჩვენი ძმები კი რატომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს, გაუგებარია. ამ კამპანიის წამომწყები ან მტერი უნდა იყოს, ან უვიცი. კონფლიქტის მოგვარებაზე თუ არის საუბარი, ამგვარი დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს, აფხაზეთის ხელისუფლება მთლად უუნაროც რომ იყოს”.

9 აგვისტოს “დილის გაზეთში”კიდევ ერთ დაპირისპირებაზეა საუბარი. გაზეთი წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს პრეზიდენტისა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. მათი აღშფოთება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სახალხო პარტიის მიერ შეტანილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ანუ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას გულისხმობს.

ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ბიულეტენების გადათვლის პროცედურა, რომლის დასრულებამდეც ახალ საკრებულოს მუშაობის დაწყების უფლება არა აქვს. ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებილი გადაწყვეტილების ბოლო პუნქტი არ აკმაყოფილებთ.
სასამართლო პროცესების გაჭიანურებასა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში სააკაშვილი შევარდნაძეს ადანაშაულებს.

“შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გამოგვიყო ენა და გვითხრა, რომ ვიქნები მუდმივად და არჩევნებიც ისე ჩატარდება, როგორც მე მინდაო”, – აცხადებს სააკაშვილი.
ზურაბ ჟვანია კი ამბობს, რომ მათი სარჩელი მხოლოდ კონკრეტულ დამნაშავეთა დასჯას ითვალისწინებდა, სინამდვილეში კი დასჯილი საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა”.

როგორც 9 აგვისტოს გაზეთი “რეზონანსი” გვამცნობს, “ზურაბ ჟვანიას თქმით, სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით ხელისუფლება ხალხს მხოლოდ ძალისმიერ გზას უტოვებს”.

8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიამ აგრეთვე განაცხადა: “ეს პრეცედენტი ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნების კონსოლოდაციას ითხოვს. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა იმისი გაგების უნარი, თუ რა სახიფათო არჩევანის წინაშე აყენებს ის მოსახლეობას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. არჩევნების არჩატარებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი რომელიმე ცალკე სტრუქტურა. არჩევნების ჩაშლაზე პასუხისმგებელი დღევანდელი ხელისუფლებაა”.

შემდეგ “რეზონანსი” წერს: “რაც შეეხება ხმების გადათვლის პროცესს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების ინვენტარიზაციის პროცესი უკვე დასრულდა. კომისიაში გადათვლის პროცესის დასრულების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. სავარაუდოდ, თბილისს საკრებულო კიდევ რამდენიმე თვე არ ეყოლება. სააკაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ხმების გადათვლის პროცესის დასაწყებად “ფეხს განგებ ითრევს”.

დაბოლოს, ინფორმაცია მუდმივ პრობლემად ქცეულ ელექტროენერგიის თემაზე. 9-15 აგვისტოს გაზეთ “ახალი ეპოქის” ცნობით, “8 აგვისტოს, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე, “ეი-ი-ეს თელასის” გენერალურმა დირექტორმა, იგნასიო ირიბარენმა განაცხადა, რომ თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფი 2,8 თეთრით უნდა გაიზარდოს.

ავთანდილ ჯორბენაძემ ამ მოთხოვნის მართებულობა გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანია დათანხმდა ტარიფის მცირედით გაზრდას, გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. თავიდან 12,4-თეთრიანი ტარიფის 9 თეთრით გაზრდაზე იყო ლაპარაკი.

გაზეთის თქმით, “ერთია მხოლოდ, “ეი-ი-ეს თელასი” პირობას ვერ დებს, დედაქალაქს ზამთარში 24 საათიანი გრაფიკით მიაწოდოს ელექტროენერგია და ამის მიზეზად “ტექნიკური პრობლემების” გარდა, რუსეთიდან ბუნებრივი აირის არამყარ მიწოდებასაც მიიჩნევს”.
XS
SM
MD
LG