Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ რამდენიმე დღის წინ შესრულდა 10 წელი იმ ომის დაწყებიდან


ამ რამდენიმე დღის წინ შესრულდა 10 წელი იმ ომის დაწყებიდან,

რომელსაც 16000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკვე ათი წელია 300000-მდე აფხაზეთის მკვიდრს დევნილი ჰქვია. 10 წელია ქართველები და აფხაზები საერთო ენას ვერ პოულობენ და როგორც 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებულ ომზე, ისე ერთმანეთის შესახებ ბუნდოვან, სუბიექტურ წარმოდგენას იტოვებენ. ამ ომზე დღეს წარსულში ვსაუბრობთ, თუმცა არც კი ვიცით, დასრულდა თუ არა ის. ამიტომაც არის საჭირო გავიხსენოთ ეს ომი. მოკლედ, “ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელ გამოშვებას მთლიანად ვუთმობთ თემას, რომელზეც უამრავჯერ გვისაუბრია და რომელთან დაკავშირებულ ღია შეკითხვებსაც მკაფიო პასუხი ჯერ არ გასცემია. დასაწყისში დავით პაიჭაძე გვესაუბრება იმ სტერეოტიპების შესახებ, რომლებითაც ქართველები და აფხაზები ერთამენთს უყურებენ, შემდეგ კი – ქართველი ჟურნალისტის თვალით დანახული ომი: 10 წლის წინანდელ რეალობას ჟურნალისტი თეა სხიერელი გაიხსენებს. ომის პერიოდის სოხუმში მუშაობა მას სოხუმის დაცემის წინ, 1993 წლის ზაფხულში მოუწია.

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე ლაპარაკს ჩვენში იშვიათად ახლავს საკუთრივ აფხაზეთში არსებული ვითარების აღწერა ან ანალიზი. ჩვენ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა ხდება აფხაზეთში, გაცილებით უკეთ ვიცით არძინბას ხელისუფლების პოზიცია და განწყობა, ვიდრე აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისა. არ ვიცით და თითქოს არც გვაინტერესებს, რას ეუბნებიან აფხაზეთში დარჩენილთ ან რას ფიქრობენ ისინი საქართველოსა და ქართველებზე. ცნობილია, რომ არაერთი დევნილის სახლ-კარს იქ ისევ აფხაზები პატრონობენ და უვლიან. ვიცით ისიც, რომ დევნილთა დიდი ნაწილის სახლები ან საერთოდ მიტოვებულია ან სხვები დაეპატრონენ. საქართველოში მიაჩნიათ, რომ არძინბას ხელისუფლება ამ ქვეყნის მტერია, მაგრამ ვერავინ განმარტავს, როგორ ეკიდებიან საქართველოს აფხაზეთის ხელისუფლებაში არმყოფი პირები. ჩვენ გვინდა, რომ დევნილები დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და ხეირიანად არ ვიცით, რა გარემოში უნდა დაბრუნდნენ ისინი. გვაქვს ცნობები, რომ აფხაზეთში უარესი გაჭირვება და სიღარიბეა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. დღევანდელი აფხაზეთის შესახებ სტერეოტიპებად ქცეული ჩვენი ცოდნის დემონსტრირება კიდევ შეიძლება რამდენიმე, საყოველთაოდ გაზიარებული მტკიცებით. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სტერეოტიპულია აფხაზთა ცოდნაც ქართველების შესახებ. მეტიც, ამ ცოდნას ხშირად ასაზრდოებენ ომისდროინდელი ხატებით, რაც ხელს უწყობს ქართველზე, როგორც პირსისხლიან მოძალადეზე წარმოდგენის განმტკიცებას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნაწყვეტები რუსულ ვებ-გვერდზე – abxazia.ru-ზე განთავსებული მასალებიდან, რომლებიც თვითმხილველთა მიერ ომის დროს მშვიდობიან მოსახელობასთან ქართველი მებრძოლების ქცევის აღწერას შეიცავენ. სოხუმელი მოქალაქე ჭყონია იხსენებს: “1992 წლის 3 ნოემბერს ჩემს სახლს ალყა შემოარტყა 30 გვარდიელმა. გაისმა ბრძანება: ხელები მაღლა! შინ მე და ჩემი ძმა ვიყავით. მე ბაღში გავიქეცი, მაგრამ გვარდიელებმა დამიჭირეს, მცემეს, თავი გამიტეხეს და ხის ძირას დამაგდეს. ესროდნენ სახლს, ჩამოგლიჯეს კარ-ფანჯარა, ბავშვის საფლავზე ველოსიპედი იდგა, ისიც წაიღეს. მე და ჩემი ძმა მანქანაში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. ტამიშთან გადმოგვიყვანეს და ისევ გვცემეს. ძმა მიყვიროდა: ადექი, თორემ მოგკლავენ. ძლივს ავდექი. გვცემეს ცაგერაშიც. ორი ნეკნი ჩამიმტვრიეს, თავიდან სისხლი მდიოდა. გადამარჩინა მილიცილემა ბობუამ, რომელიც დღეგამოშვებით მორიგეობდა და ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა. მილიციაში 18 დღე დავყავი”...
ასევე სოხუმელი მოქალაქე, გვარად ტიდო, მოწმობს: “17 ნოემბერს კარზე ავტომატის კონდახებით დააბრახუნეს: კარს ურტყამდნენ და ყვიროდნენ: გააღეთ, სამხედრო პოლიციაა! სამამდე ვითვლით, მერე – გესვრით! შემოვიდა ორი ფორმიანი კაცი. ვინ თანაუგრძნობს აქ აფხაზებს? რატომ ამბობენ თქვენზე, რომ აფხაზებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ? თან გვაგინებდნენ. ბინა გაჩხრიკეს, გატეხეს ვიტრინა ჭურჭლით, კარადიდან ყველაფერი გადმოყარეს. ერთმა ფეხზე გაიხადა, ქვიშა გადმოფერთხა, ფეხსაცმელი სუფრით გაწმინდა და გვკითხა: სომეხი ანა სად ცხოვრობს? ქართულ ენაზე შეადგინეს აქტი, რომ იარაღი ვერ აღმოაჩინეს და გვაიძულეს, ხელი მოგვეწერა. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ: ეგებ ჩვენი დახვრეტის აქტზე გვაწერინებთ ხელს? რა? – გაუკვირდა გვარდიელს, – თქვენს დასახვრეტად ქაღალდს გავაფუჭებ”?

არ არის გამორიცხული, ეს ჩვენებები მართალი იყოს, ან ახლოს იყოს სიმართლესთან. ამ გვერდზე ქართველთა სისატიკის სხვა მაგალითებიც არის აღწერილი, რომელთა დაჯერება მკითხველის ნებაა. ქართველები სასტიკნი არიან ბავშვებისა და მოხუცების მიმართ, აწამებენ ადამიანებს ასაკისა და სქესის განურჩევლად, წამებისას კი, ასე ვთქვათ, ისტორიულ-მეცნიერულ არგუმენტაციას იშველიებენ: “ვინ ხართ თქვენ? აბაზთა განაყოფები, მთიდან ჩამოსულები, ჩვენს მიწაზე ცხოვრობთ, მაინც რა არ გყოფნით. ურჯულოებო, აბაზგებო, სისხლისმსმელებო, გაგანადგურებთ თავისუფალი საქართველოსთვის”. ასეთ აქცენტებს, თხრობაში ძალადობისა და სისატიკის პედალირებას ძირითადად ერთი ფუნქცია აქვს: შენარჩუნდეს სიძულვილი და შიში ქართველთა მიმართ; რამდენად სჯერა ამ პროპაგანდის აფხაზეთის მოსახლეობას? რამდენად ძლიერია ის განწყობა აფხაზურ საზოგადოებაში, რომელსაც ასეთი ინფორმაციის გავრცელება აღვივებს? როგორ გვიყურებენ დღეს ჩვეულებრივი აფხაზები? ამ კითხვათა უტყუარი პასუხი უნდა იცოდნენ არა მხოლოდ დევნილებმა, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქემ. სხვა შემთხვევაში, არათუ ლაპარაკი – ფიქრიც ზედმეტია კონფლიქტის მოგვარებაზე, მშვიდობიან დაბრუნებასა თუ სამომავლოდ ერთად ცხოვრებაზე.

ქართველ ჟურნალისტთა დღევანდელ თაობას 1992 წელს დაწყებული ომი კარგად ახსოვს. არაერთ მათგანს პირადად მოუწია მუშაობა იმ მძიმე პერიოდში, როცა მთავარ თემას ომი და მისი საშინელება წარმოადგენდა. ჟურნალისტი თეა სხიერელი, მაშინ, საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებით გაერთიანება “საღამო მშვიდობისაში” მუშაობდა. ამ გაერთიანებას ფრონტის ხაზზე სისტემატურად ჰყავდა მივლინებული საკუთარი კორესპონდენტები. ზოგიერთი მათგანი პრაქტიკულად იქიდან მუშაობდა. ეს მუშაობა საბედისწერო აღმოჩნდა გრიშა დოლგოპოლოვისთვის, რომელიც ლტოლვილების გამოყვანის დროს დაიღუპა. გასაგები მიზეზების გამო, გაერთიანების ხელმძღვანელობა ქალი თანამშრომლების ცხელ წერტილში გაშვების წინააღმდეგი იყო, მაგრამ, 1993 წლის ზაფხულში, როცა სიხუმის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, მოვლენები იმდენად დრამატულად ვითარდებოდა, რომ აფხაზეთში ერთი ან ორი კორესპონდენტის ყოფნა საკმარისი არ იყო. გაერთიანება “საღამო მშვიდობისამ” სოხუმში დამატებითი ჯგუფი გაგზავნა და ამ ჯგუფში თეა სხიერელიც აღმოჩნდა. მას სოხუმში წასვლა ორმა მოტივმა გადააწყვეტინა. პირველმა – პროფესიულმა მოტივმა და მეორემ: [თეა სხიერელის ხმა] “მე მყავდა ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ ჩემი მასპინძლები სოხუმში. მე ვარ მათი შვილების ნათლია. მე მჭირდებოდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა სინამდვილეში, იმიტომ, რომ მე ამ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გამეგრძელებინა და ბევრ კითხვაზე უნდა მქონოდა პასუხი.
თავიდან, საერთოდ, წარმოუდგენელი იყო სად მივდიოდი, რადგან თავიდან ბოლომდე კინოფილმიც კი არ მქონდა ნანახი ომზე, თუ არ ჩავთვლი “ჯარისკაცის მამას”. მაგრამ, თბილისის აეროპორტშივე გავაცნობიერე, სად მივდიოდი. როცა თვითმფრინავში ავდიოდით, მოიტანეს ძალიან ბევრი თუთიის საკაცეები, იმიტომ, რომ წინა დღეებში სერიოზული შეტაკებები იყო და ბევრი დაღუპული იყო სოხუმის აეროპორტში. სოხუმში ჩავფრინდით გაჭედილი თვითმფრინავით, რომელშიც იყო დუშეთის ბატალიონიც – ამ ბატალიონიდან, უმრავლესობა, რამდენიმე დღეში დაიღუპა, – და ვიყავით ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წვრები.”

შემდეგ იყო ქაოსი, რომლის არანორმალურ წესებს ჟურნალისტებიც უნდა დამორჩილებოდნენ. ფრონტის წინა ხაზი გუმისთის და შრომა-თავისუფლების მიმართულებით ვრცელდებოდა. სოხუმი კი თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. ჟურნალისტები ღამეს ეგერთ წოდებულ “გოსდაჩის” სარდაფში ათევდნენ. “მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ამ ომს სახელი არ ქონდა. მას ომიც კი არ ერქვა. არ იყო კოორდინაცია, არ იყო შეთანხმებული მოქმედება. ერთადერთი იყო ბედისწერა,” – იხსენებს თეა და დასძენს:

[თეა სხიერელის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობდა პრეს-ცენტრი, სადაც ყველას უნდა გაევლო აკრედიტაცია და შეეთანხმებინა თავისი მოქმედება, ეს არ ხდებოდა. ჟურნალისტებიც ისევე ქაოტურად მოქმედებდნენ, როგორც სხვები. პირადი ნაცნობობის საფუძველზე ხდებოდა გადაადგილებაც და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს რედაქციას ჰქონდა კარგი კონტაქტები, გვეხმარებოდნენ ჯარისკაცები და მათი მეთაურები. მათი მეშვეობით გვქონდა საშუალება გავსულიყავით ფრონტის ხაზზე და მოგვემზადებინა გადაცემები. ჩვენ შეგვეძლო მოგვეპოვებინა უნიკალური კადრები. ამ მასალის საფუძველზე, მოგვიანებით, საკმაოდ საინტერესო ფილმი მოამზადეს გოგა ჭყონიამ და მამუკა არეშიძემ.”

თეა სხიერელს სოხუმში ყოფნა დაახლოებით ორ კვირას მოუხდა, მანამდე, სანამ სოჩის ცნობილი ხელშეკრულება არ დაიდო და ცეცხლი დროებით არ შეწყდა.
თბილისში დაბრუნებას ახლდა ოცდაოთხსაათიანი მუშაობა გადაცემათა სერიაზე, რომელიც ომს, ომსა და ბავშვებს, ომსა და მოხუცებს შეეხებოდა.
დღეს გაერთიანება “საღამო მშვიდობისას” არქივში აფხაზეთის ომის შესახებ უნიკალური ვიდეომასალა ინახება, თუ შეიძლება უნიკალური ვუწოდოთ იმას, რაც ამ ვიდეომასალის ნახვისას შეიძლება ვიხილოთ.

[თეა სხიერელის ხმა]” მას შემდეგ, რაც ჩამოვედი სოხუმიდან, ვთვლი, რომ ომზე უფრო დიდი საშინელება არ არსებობს. ეს არ არის უკიდურესი ზომაც კი. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა. ადამიანი, რომელსაც ძალიან მცირე გამოცდილება მაინც მაქვს იმის, თუ რა არის შეიარაღებული კონფლიქტი, როგორი უსამართლოა ის და როგორ იღუპებიან ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უდანაშაულო ადამიანები, ვერასოდეს ვერ მივცემ თავს იმის გაფიქრების უფლებას, რომ შესაძლოა შეიარაღებული ძალით მოხდეს აფხაზეთის დაბრუნება.”

თეა სხიერელს ჰქონდა საშუალება სოხუმი ომის შემდეგაც მოენახულებინა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ატომური ომით განადგურებულ ზონაში მოხვდა, რომ იქ მზეც მკვდარი იყო და ზღვაც. ჰქონდა შეხვედრები აფხაზ ჟურნალისტებთან და დაინახა, რომ მათთან უფრო რთულია ურთიერთობა, ვიდრე აფხაზ ლიდერებთან, თუმცა ესმის, საიდან მოდის ეს აგრესიულობა. მაინც, რატომ იყო ეს ომი, დღემდე გაურკვეველია და ვერც თეამ მიაგნო ამ შეკითხვის პასუხს. მისი აფხაზი მეგობრებიც ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი საზღვარგარეთ მიმოიფანტა, რადგან, აფხაზეთი მათთვისაც დაიკარგა. იმედია, დროებით.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეხსენებინა რა იყო და როგორი იყო ომი, რომელსაც აფხაზეთში უამრავი ახალგაზრდაც შეეწია.
გემშვიდობებით მომავალ კვირამდე.
XS
SM
MD
LG