Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობათა რამდენიმე შეფასება


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა ლამის ყოველდღე უარესდება, რაც, ძირითადად, რუსეთის ხელისუფალთა მწვავე და ხშირად მოუზომავი განცხადებებითაც გამოიხატება.

სიტყვიერ ომში, ბუნებრივია, ჩაერთვნენ ქართველი პოლიტიკოსებიც, რომელთაც ახლა სწორედ რუსეთთან დამოკიდებულების ნიშნით აფასებენ. მოსახლეობაში მეტ-ნაკლებად პოპულარული პარტიებიდან დღემდე ერთადერთი ლეიბორისტული პარტია იკავებდა თავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისადმი თავისი პოზიციის გამოხატვისაგან, რაც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჩემთან საუბრისას იმით ახსნა, რომ ხელისუფლებაში არმყოფი პოლიტიკური ორგანიზაცია სტრატეგიული შინაარსის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, თუ არ უნდა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მე დავუკავშირდი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მდგრადი პროცესების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს ვახტანგ ჭკუასელს და ვთხოვე შეეფასებინა რუსეთის ხელისუფალთა ბოლოდროინდელი განცხადებები.

ლეიბორისტების ლიდერის ძალისხმევა ბოლო დროს მთლიანად შიდა პოლიტიკურ პროცესებზეა მიმართული. პარტიის მთავარი სამიზნე თბილისის მერი გახდა, რასაც შალვა ნათელაშვილი ხსნის ზოდელავას უკიდურესი კორუმპირებულობით. არასახელისუფლო პარტიათა განცხადებები პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ლეიბორისტების ამომრჩეველს, ტრადიციულად, ნაკლებ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა და უფრო სოციალურ პრობლემებზეა ორიენტირებული. და მაინც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დღეს ის საკითხია, რომელზედაც პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას საზოგადოებრივად ცნობადი ყველა ფიგურა თუ ორგანიზაცია თავის მოვალეობად მიიჩნევს. ნათელაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთ-ჩეჩნეთის დაპირისპირებისადმი წლების მანძილზე არათანმიმდევრული იყო. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი შეკითხვას, რატომ არის ჩეჩნეთში მებრძოლი რუსი ჯარისკაცი გმირი, ხოლო აფხაზეთში მებრძოლი ქართველი პარტიზანი ტერორისტი? [ნათელაშვილის ხმა]: “რატომ შეუძლია რუსეთს ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ძალის გამოყენებით და რატომ გვეკრძალება ეს ქართველებს ენგურის იქით? რატომ გვყავს მძევლად დატოვებული ათიათასობით მოქალაქე და წინაპართა საფლავები”?

ლეიბორისტთა ლიდერის განცხადებით, დღევანდელი დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის მათი ხელმძღვანელების “დამსახურებაა”. [ნათელაშვილის ხმა]: “ორივე ხელისუფლება მუშაობს საკუთარ რეიტინგზე: პუტინმა აღნიშნული დემარშით აიწია შერყეული ავტორიტეტი, რომელიც დაეცა ჩეჩნური კამპანიის გაჭიანურების გამო, - რუს შოვინისტებს სალბუნად დაედოთ განცხადება ჩვენი დაბომბვის თაობაზე, - შევარდნაძემ კი დაიდგა წამებულის გვირგვინი, ანუ ორივე ლიდერი მოგებული დარჩა. წაგებულია მხოლოდ ქართველი ხალხი და, სხვათა შორის, რუსი ხალხიც”. უნდა ითქვას, ნათელაშვილის ეს მოსაზრება ეხმიანება ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსისა თუ მიმომხილველის თვალსაზრისს, რომლის ძალითაც, პუტინმა შევარდნაძის შემუსვრა მოინდომა, შედეგად კი, ახალი სიცოცხლე შთაბერა მას.

ამ მხრივ საინტერესო იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მდგრადი პროცესების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ ვახტანგ ჭკუასელის შეფასება, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას მიუსადაგა რუსეთის ხელისუფალთა ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ქმედებებს. ვახტანგ ჭკუასელმა ამას სიბრიყვე უწოდა [ჭკუასელის ხმა]: “ეს უკვე ბრიყვული საქციელია. დიპლომატი უნდა იყოს თავშეკავებული და, როცა ის ამბიციების გამო თავშეკავებას კარგავს, იწყებს ბრიყვული განცხადებების კეთებას და ბრიყვული ნაბიჯების გადაგმას. ეს გააკეთა რუსეთმა საქართველოს მიმართ და ამის გამო, ფაქტობრივად, დაისაჯა კიდეც 11 სექტემბრის შემდეგ”.
XS
SM
MD
LG