Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძვრები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში


დავით პაიჭაძე, თბილისი თუ ია ანთაძის აზრით, კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის გააქტიურება, მაღალი ალბათობით, უკავშირდება რუსეთის ინტერესთა რეალიზებას საქართველოში,

ქართულ საშინაო პოლიტიკაში მიდის ისეთი პროცესები, რომელთაც შეიძლება საერთო არაფერი ჰქონდეთ საგარეო პოლიტიკურ კონიუნქტურასთან. რამდენიმე შიდაპოლიტიკური ძვრა, ცნობილი პოლიტიკოსების პარტიული გადაადგილებანი და ახალი განზრახვები, ალბათ, საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობდა, რომ არა საქართველო-რუსეთის დღევანდელი ურთიერთობები. ვფიქრობ, მხოლოდ მომავალი გამოაჩენს, თუ რამდენად განსაზღვრავდა საგარეო პოლიტიკური გავლენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე ცვლილებებს.

შიდა პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულ მოქალაქეთა ყურადღებას ბოლო პერიოდში ორი მოვლენა მიიპყრობდა: პარლამენტარ გიორგი თარგამაძის ფაქტიური მოწყვეტა ასლან აბაშიძის პოლიტიკური ორბიტიდან და “მრეწველთა” საპარლამენტო ფრაქციის წევრის ვახტანგ ხმალაძის განზრახვა, დააფუძნოს პოლიტიკური ორგანიზაცია. გიორგი თარგამაძის “აღორძინებისგან” ჩამოცილების მიზეზი მეტ-ნაკლებად ცნობილია: მას არ აპატიეს თბილისის საკრებულოს არჩევნებში “აღორძინების” კამპანიის წარმართვა საკუთარი პერსონის წამოწევითა და ასლან აბაშიძის უხსენებლად. მართლაც, ამ პარტიის საარჩევნო ბუკლეტზე გაცილებით მეტი ფართობი ვახტანგ გორგასალის ძეგლის სილუეტს ეკავა, ვიდრე აჭარის ლიდერის ფოტოს, თუმცა ქართველი მეფის ზედწოდებაში კოდირებულია აჭარელი ლომის სახელიც; გავიხსენოთ გრიგოლ ორბელიანის ცნობილი სტრიქონი: “ესე არს გმირი, ის გორგ-ასლანი”... ცხადია, ასლან აბაშიძეს ვერავინ დაარწმუნებს, რომ “აღორძინებამ” თბილისში წარმატებას მიაღწია და პარტიის ლიდერის ხატისა და სახელის ექსპლუატაციას, შესაძლოა, უარესი შედეგიც მოეტანა. აი, საპირისპირო აზრი კი აბაშიძემ იოლად გაიზიარა, “აღორძინების” სხვა წევრის - სანდრო ბრეგაძის ძალისხმევით.

რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის გადაწყვეტილებას, რევაზ შავიშვილთან ერთად დააფუძნოს ნეოლიბერალური მიმართულების პარტია, ის რამდენადმე მოულოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ ხმალაძის ყოფნა “მრეწველებთან” და, განსაკუთრებით, გურამ შარაძის გვერდით ამ სამი წლის მანძილზე შეუთავსებლის შეთავსებად აღიქმებოდა. ჩემთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მემარჯვენე ორიენტაციის პარტიათა ნიშას ამოვსებულად არ მიიჩნევს, რადგან არაერთი მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაცია უკიდურესად მემარცხენე იდეებით, კანონპრექტებითა და ინიციატივებით გამოდის. ამავე დროს, ახალი მემარჯვენე პარტიის პოლიტიკური იდენტობის განმსაზღვრელი არ იქნება მისი მიმართება შევარდნაძესთან, არ მოხდება პარტიის “მიბმა” რომელიმე ლიდერთან, ვისი წასვლაც მალევე დაშლის ამ პარტიას. მომავალი პარტია ადამიანურ რესურსს მოძებნის პროფესიულ ჯგუფებში – პოლიტოლოგებს, იურისტებს, ეკონომისტებს შორის... ვახტანგ ხმალაძემ რამდენიმე სახელიც ჩამოთვალა: სოსო ცინცაძე, ნიკო ორველაშვილი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტარიელ კულულაშვილი... ჩემს კითხვას, ხომ არ არის პარტიის შექმნა ნაწილობრივ მაინც განპირობებული საგარეო-პოლიტიკური პროცესებით, ვახტანგ ხმალაძემ ასეთი პასუხი გასცა [ხმალაძის ხმა]: “ეს უფრო განპირობებულია შიდა პოლიტიკური პროცესებით, ვიდრე გარეთ მიმართულით; იმით, რომ საზოგადოების საგრძნობ ნაწილს, საერთოდ, ნდობა აქვს დაკარგული პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი; საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გადასულია მძიმე პასიურ მდგომარეობაში, არსებითად, მოუხმობელია, თითქოს არავის სჭირდება, არადა, ამ ნაწილში დიდი პოტენციალია... აი, უფრო ამით არის განპირობებული, ვიდრე რაიმე საგარეო-პოლიტიკური მოტივით”.
XS
SM
MD
LG