Accessibility links

ნატოს წევრობისათვის საქართველოს სურვილი უფრო მეტი აქვს, ვიდრე შესაძლებლობა


სოხუმის დაცემის მეცხრე წლისთავს და რუსეთის მხრიდან აგრესიის მორიგ მუქარას თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დაწყება დაემთხვა.

სიმბოლურია, რომ "როუზ-როსის" სახელით ცნობილ სემინარზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პირველად ტარდება, მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივაზე კეთდება. შაბათი კი, სემინარის მეორე დღე, საქართველოს სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმას მიეძღვნა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ განცხადდა საქართველოს სწრაფვა, გახდეს ალიანსის წევრი. თუმცა, ზოგიერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას სურვილი უფრო მეტი აქვს, ვიდრე შესაძლებლობა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველო ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო დადგენილება საქართველოს ნატოს სტრუქტურებში ინტეგრირების დაჩქარების შესახებ. ერთი თვის წინ კი საქართველოს უშიშროების საბჭომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე სპეციალური პროგრამა დაამტკიცა.

თუმცა, დეკლარირებული პოლიტიკური პრინციპების გარდა, ნატოსკენ მიმავალმა საქართველომ, პარალელურად, რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შეასრულოს: საჭიროა სამხედრო ძალების საკადრო და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება, არმიაზე დემოკრატიული - სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის გაზრდა ახალი პროგრამების დასაფინანსებლად და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, როგორც ყველაზე უმთავრესი პირობა.

მიუხედავად ზოგიერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, ჩამოთვლილ პირობებს საქართველო მხოლოდ მინიმალურ დონეზე აკმაყოფილებს. არმიის სათავეში კვლავაც მთლიანად სამხედროები იმყოფებიან, სამხედრო ბიუჯეტის 30 პროცენტიანი გაზრდა მხოლოდ მომავალი წლისთვის იგეგმება და ისიც მთლიანად იმ 2000 ჯარისკაცის სახელფასო ფონდის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, რომლებიც ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" ღებულობენ მონაწილეობას. ფინანსურ უზრუნველყოფას ყველაზე სერიოზულ პრობლემას უწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შაბათის სხდომაზე ძირითადი მომხსენებელი გახლდათ.

[თედო ჯაფარიძის ხმა]"რა თქმა უნდა, პირადად მე რომ მკითხოთ, დღეს მთავარია, რომ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, ძალოვან სტრუქტურებს ჰქონდეთ საშუალება განვითარების, ჰქონდეთ ის სათანადო ბიუჯეტი, რომელიც მათ ამ პროცესის რეალიზებაში დაეხმარებათ."

აღსანიშნავია, რომ ნატოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში "როუზ როსის" სემინარის არაერთმა მონაწილემ გამოთქვა კომპლიმენტი საქართველოს მიმართ, რომელიც ბოლო დროს ალიანსის არაერთ ინიციატივას - მათ შორის, "ანალიზისა და დაგეგმარების" პროცესს -შეუერთდა. სემინარის მონაწილეებს მხედველობიდან არც საქართველოს ტერიტორიაზე გამართული "მშვიდობისათვის პარტნიორობის" ორი მრავალეროვნული სწავლების ჩატარების ფაქტი და ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" ფაქტი გამოპარვიათ. მაგრამ, ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შტაბის უფროსის დევიდ კოლინზის თქმით, ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძალიან აშფოთებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებული ტერიტორიული პრეტენზიები და გადაუჭრელი შიდა კონფლიქტები, რაც რეალურად აფერხებს რეგიონის განვითარებას.

[დევიდ კოლინზის ხმა] "სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მეზობლებთან და, ასევე, მოგვარებული უნდა ჰქონდეთ სასაზღვრო კონფლიქტები. ამიტომ საქართველომ და რეგიონის ქვეყნებმა ეს პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაწყვიტონ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალი წინააღმდეგობის გამო, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთული იქნება."

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის ფედერაცია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას არ ესწრებოდნენ რუსი პარლამენტარები. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში "როუზ როსის" სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა მოსკოვის საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენელი ალა იაზკოვა, რომელმაც რადიო “თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გაკვირვებულია რუსი კანონმდებლების ასეთი საქციელით და მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტავად საჭიროა დიალოგი ყველა დონეზე.




[ალა იაზკოვას ხმა] "რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ამ არასასიამოვნო კონფლიქტური ვითარების მოწესრიგების შესაძლებლობა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზეა დამოკიდებული, არამედ ჩვენ სიხარულით შევიტყვეთ, რომ შექმნილია სამმხრივი ამერიკულ-ქართულ-რუსული კომისია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუკი ეს იქნება მრავალმხრივი საპარლამენტთაშორისო კომისია."

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოში კიდევ სამ დღეს დაყოფენ. ორშაბათს მათ დაგეგმილი აქვთ გამგზავრება პანკისის ხეობაში. სემინარის დასკვნით დღეს კი, პარლამენტარ გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საგანგებო რეზოლუციას მიიღებენ.
XS
SM
MD
LG