Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირის დასაწყისში ქართველ ჟურნალისტებს ერთბაშად ორი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირის დასაწყისში ქართველ ჟურნალისტებს ერთბაშად ორი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება მიეცათ: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად მათ რუსეთის მიერ

ტერორიზმის ბუდედ შერაცხულ პანკისში იმოგზაურეს. 1 ოქტომბრის “დილის გაზეთის” თქმით, ნატოელ სტუმრებს ხეობაში ექსკორტირებას ქართველი ძალოვანი მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უწევდა. გაზეთი წერს:

“სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი პანკისის ხეობაში აღდგენილია”, – უპატაკა მთავარმა პოლიციელმა ევროპელ პარლამენტარებს. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია 17 განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, 41 ძებნილი; ამოღებულია დიდძალი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და იდეოლოგიური ლიტერატურა. როგორც შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი შარვაშიძე აცხადებს, პანკისის ხეობას ამჯერად შინაგანი ჯარების 540 სამხედრო მოსამსახურე და 20 ერთეული ჯავშანტექნიკა იცავს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილეს დუისსა და ხალაწანში, ანუ იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ყველაზე მეტი “ბოევიკი” იყო კონცენტრირებული. მათი განცხადებით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და სრულიად დააკმაყოფილა მათი ცნობისმოყვარეობა. ირლანდიელი დოქტორის, კონფლიქტოლოგ დოკ ლინჩის განცხადებით, რუსეთის პრეტენზიები საქართველოსადმი ყოვლად უსაფუძვლოა და პანკისის ხეობაში რუსი სამხედროების გამოჩენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ლინჩის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ამგვარი პერსპექტივა საქართველოს ნამდვილად აქვს. დაახლოებით იგივე აზრი გამოთქვეს დელეგაციის სხვა წევრებმაც. მათი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაძლევს ამჟამად არსებულ კრიზისს და, მართლაც, სერიოზულ ბრძოლას გამოუცხადებს სახელისუფლებო წრეებში არსებულ კორუფციას, საქართველო სასურველი პარტნიორი იქნება ნატოსა და დასავლეთისთვის. უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატთა ვიზიტი პანკისში მნიშვნელოვან დივიდენდებს შესძენს ქართულ მხარეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, რამაც, ჯაფარიძის აზრით, რუსეთიდან წამოსულ აგრესიასაც უნდა დაუდოს ზღვარი.”




1 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, 7 ნოემბერს კიშინიოვში დაგეგმილი დსთ-ს ქვეყნების სამიტის წინ ბევრი ვარაუდობდა, რომ შევარდნაძე დსთ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხს წამოჭრიდა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ტრადიციულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ დსთ-მ, შესაძლოა, პოზიტიური როლი ითამაშოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული სიძნელეების დაძლევაში. მისივე განცხადებით, პანკისის პრობლემა აღარ არსებობს და დაინტერესებული ქვეყნები, თავისი მეთვალყურეების გამოგზავნის შემთხვევაში, თავადაც დარწმუნდებიან ამაში. რაც შეეხება პრეზიდენტის ბრიფინგის სხვა თემებს, გაზეთ რეზონანსის ცნობით:


“შევარდნაძემ ბრიფინგზე უკმაყოფილება გამოთქვა უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნების გამო. პრეზიდენტის თქმით, საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნების მსგავსი პრეცედენტი, შესაძლოა, ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. ამდენად, უშიშროების საბჭოს წევრის მოვალეობაა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა. ყველასთვის ნათელი იყო, თუ ვის გულისხმობდა ბ-ნი ედუარდი, თუმცა მას ნინო ბურჯანაძის გვარი არ დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ ედუარდ შევარდნაძის სიტყვებში აშკარად იგრძნობოდა საყვედურის ტონი.”


1 ოქტომბრის გაზეთ “24 საათის” ცნობით, უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტის უკვე ლეგენდარული 27-ე მუხლის გამომზეურებას პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც გამოეხმაურნენ. გაზეთი წერს, რომ პრეზიდენტის მკაცრი შეფასების შემდეგ საპრეზიდენტო ფრაქციები კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანშეწონილობაზეც კი ალაპარაკდნენ.


“ამ ინფორმაციას ნინო ბურჯანაძე საკმაოდ მშვიდად შეხვდა. “იმპიჩმენტს კანონიერი საფუძველი სჭირდება, მე კი საამისოს ვერაფერს ვხედავ. ვისაც მიაჩნია, რომ საკითხი ასეთი კუთხით უნდა დაისვას, ეს მათი საქმეა და შესაბამისი პროცედურები მშვენივრად იციან,” – განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ჟურნალისტებს სხდომის დამთავრების შემდეგ.
ნინო ბურჯანაძე “ყოვლად დაუშვებელს” უწოდებს იმ ფაქტს, რომ გაზეთმა “ქრონიკამ” საიდუმლო დოკუმენტი მთლიანად გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ უშიშროების სამინისტრომ უნდა შეისწავლოს, თუ როგორ მოხვდა დოკუმენტი გრიფით “საიდუმლო” პრესაში.
პარლამენტის თავმჯდომარე ერთ მეტად საინტერესო მინიშნებასაც აკეთებს: “ უშიშროების საბჭოდან ჯერ გამოსულიც არა ვარ ხოლმე, რომ ჟურნალისტები უკვე იმ საკიხებზე მისვამენ შეკითხვებს, რომლებიც, წესით, საბჭოს კარებს აქეთ არ უნდა იცოდნენ.”
აღნიშნულიდან გამომდინარე, სულაც არ უნდა გამოიწვიოს გაოცება ნინო ბურჯანაძის მეორე განცხადებამ იმის შესახებ, რომ მისი ინფორმაციით, “ცალკეულ ფრაქციებსა და დეპუტატებს უშიშროების საბჭოში თავიანთი საინფორმაციო წყაროები ჰყავთ”. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უშიშროების სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა ორგანოებმა ეს საკითხიც ღრმად უნდა შეისწავლონ.
“უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. მასში არ უნდა იყოს იმდენი ადამიანი, რამდენიც დღეს არის,” – დაასკვნის პარლამენტის თავმჯდომარე.



უშიშროების საბჭოში მომზადებული საიდუმლო დოკუმენტის გახმაურებამ პარლამენტში საინტერესო ინიციატივების გაჩენას შეუწყო ხელი. თუ ფრაქცია აღორძინების ლიდერი ჯემალ გოგიტიძე პარლამენტარების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს, ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების საკითხს აყენებს. 2 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსს” ამ ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი გოგავამ განუცხადა:


“პარლამენტი კრიმინალურ ოაზისად არ უნდა იქცეს. დეპუტატები არ უნდა იყვნენ კერძო ბიზნესის ლობირებისთვის პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ელემენტების კონცენტრაცია არ უნდა მოხდეს, უნდა დადგეს სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვის ან გაუქმების საკითხი. რაც შეეხება პარლამენტის რიცხოვნობის შემცირების საკითხს, გვაქვს ინფორმაცია, რომ თავისი მოხსენების დროს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების გონივრულ შემცირებასთან ერთად, ამ საკითხის დაყენებასაც აპირებს. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, რადგან პარლამენტში 235 დეპუტატიდან მხოლოდ 40 პროცენტი აკეთებს საქმეს,” – აღნიშნავს ირაკლი გოგავა.
სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის ინიციტივას სხვა ფრაქციებიც ეთანხმებიან. რაც შეეხება პარლამენტის რიცხოვნობის შემცირებას, დეპუტატების აზრით, ვიდრე არ გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხები, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხოვნობის შემცირება შეუძლებელი იქნება.”



ამ კვირის ქართულ პრესაში აქტუალურობა არ დაუკარგავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. 4 ოქტომბრის გაზეთ “ახალი 7 დღის აზრით”, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ შეეგუება საქართველოზე გავლენის შესუსტებას. გაზეთი შენიშნავს, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის პარალელურად, ანტირუსული განწყობა თავად საზოგადოებაშიც საკმაოდ მყარად იკიდებს ფეხს, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის რუსეთის ხელისუფლებას თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაზეთი წერს:



“რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დასარეგულირებლად, სასურველი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, თავად არ ირჩევს გზას – მას გზას სიტუაცია ჰკარნახობს – რუსეთის საქართველოზე გავლენის შენარჩუნების ერთადერთ გზად ამიტომ რჩება მუქარის, ტერორის, იარაღის ენაზე საუბრის გზა.
ძველი რესურსებიდან, რომელსაც რუსეთი საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა, ისევ შეიძლება ამოქმედდეს თითოეული მათგანი. ეს არის: პრორუსული ფიგურების გააქტიურება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში; ცენტრალური ხელისუფლების მიერ უმართავ რეგიონებში პრობლემების გამწვავება; ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება; რუსეთში მყოფი ქართული დიასპორის შევიწროება – თუმცა ეს ფაქტორები უკვე ვეღარ მუშაობენ რუსეთის სასარგებლოდ ძველი წარმატებით, მაგრამ მათ გამოყენებას მაინც მოჰყვება შიდა სიტუაციის გამწვავება.
საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა კი ამერიკას, რომელიც მფარველობს რუსეთის პირისპირ მდგარ საქართველოს, დიდი ხანია, ნაკლებად აინტერესებს – მისი უკრიტიკო დამოკიდებულება შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებული შტატების ილუზიები დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების თემაზე დასასრულს მიუახლოვდა ამერიკამ ნავთობსადენის პროექტის განსახორციელებლად ზავი დადო საქართველოს პრეზიდენტის კორუფციულ რეჟიმთან, არჩია თანამშრომლობის გზა არა ქვეყანასთან, არამედ ქვეყნის სათავეში მდგარ ოჯახურ კლანთან. შესაბამისად, ნავთობსადენი მოგებას მისცემს ორივეს: საქართველოს მმართველ კლანსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, უბრალოდ, არაფერ შუაშია.”
XS
SM
MD
LG