Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის საკითხს განიხილავს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ჯერაც ვერ შეთანხმებულან გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ 3 მუდმივ წევრთან: საფრანგეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ახალი რეზოლუციის მიღებაზე,

რომლითაც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება იქნება ნებადართული, თუ ბაღდადი მოქმედების სრულ თავისუფლებას არ მისცემს ქვეყანაში დაბრუნებულ გაეროს განიარაღების ექსპერტებს.

შეერთებული შტატები და ბრიტანეთი მხარს უჭერენ რეზოლუციის მიღებას, რომლითაც სამხედრო ძალის გამოყენება იქნება ნებადართული იმ შემთხვევაში, თუ ერაყი განუხრელად არ შეასრულებს გაეროს განიარაღების ექსპერტთა ყველა მოთხოვნას.

საფრანგეთი გამოვიდა წინადადებით, რომ უშიშროების საბჭომ ორი რეზოლუცია მიიღოს: პირველი ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებას დაედება საფუძვლად, ხოლო მეორეში უკვე ძალის გამოყენება იქნება გათვალისწინებული, თუ ერაყი უწინდელივით გაჯიუტდება და მოქმედების სრულ თავისუფლებას არ მისცემს გაეროს ექსპერტებს.

ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს გაეროს მოთხოვნას, თუ მას დასჯით დაემუქრებიან. ბუშმა თქვა, რომ ამ პრობლემის მოგვარება გაეროს მეშვეობით სურს და რომ სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალებაა.

გაეროში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა ასევე მოუწოდა უშიშროების საბჭოს, მეტი ქმედითი ზომა მიიღოს ერაყის წინააღმდეგ.

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფრანგ, რუს და ჩინელ დიპლომატებთან ერაყის მიმართ ახალი, მკაცრი რეზოლუციის მიღების თაობაზე, და როგორც გაეროში შეერთებული შტატების მისიის წევრმა იანა ჩეპმენმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ხსენებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

საფრანგეთის მისიის წევრმა ჟინეტ დე მატამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უწინდელ პოზიციაზეა და ერაყის მიმართ კვლავინდებურად 2 რეზოლუციის მიღებას უჭერს მხარს.

უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს შორის არსებული უთანხმოების დეტალები ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი გახდება ოთხშაბათს, როცა საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს ერაყის საკითხს. ამგვარი სხდომის მოწყობა, მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის სახელით, უშიშროების საბჭოს წერილობით სთხოვა ამ მოძრაობის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკამ.

მიუმხრობელთა მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, მალაიზიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჰაშმი აღამმა ორშაბათს, გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, ბაღდადს მოუწოდა, განუხრელად შეასრულოს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია: [ჰაშმი აღამის ხმა] ”ჩვენ მოვუწოდებთ ერაყს, უპირობოდ დააბრუნოს ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტები და შეასრულოს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია. საბჭოს გაბედული და საზრიანი მოქმედება, ყველა მოსალოდნელი შედეგის აწონ-დაწონვა მართებს. ამაზე მისი პრესტიჟი და ავტორიტეტია დამოკიდებული.” 101510

გაეროში მომუშავე დიპლომატები მოელიან, რომ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის რეზოლუციას, რომელიც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს, საფრანგეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, წინ აღუდგებიან სირია, ირლანდია, მექსიკა, კამერუნი, გვინეა და, ალბათ, მავრიტანიაც.

ბაღდადმა განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიას უკვე შაბათს, 19 ოქტომბერს შეუძლია ერაყში დაბრუნდეს და შეუდგეს შემოწმებას, მოხდა თუ არა ქვეყანაში ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ლიკვიდაცია. თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა აღნიშნა, ვიდრე უშიშროების საბჭო სათანადო რეზოლუციას არ მიიღებს, განიარაღების არც ერთი ექსპერტი არ დაბრუნდება ერაყში.
XS
SM
MD
LG