Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერები ქვეყნის პარლამენტში. ვახტანგ რჩეულიშვილი ჩარჩოებში ვერ თავსდება


საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ შიდაპოლიტიკური სპექტრი თვალშისაცემად არ შეცვლილა. სიახლედ არც კი შეიძლება მივიჩნიოთ,

როგორ იქცა ცნობილი დემარში პრეზიდენტისადმი ერთგულების დამტკიცების საბაბად. ამ კონტექსტში ნაკლებად საინტერესოა, რანაირად დაიცვეს ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის კურსის მყარად მიმდევარმა ფრაქციებმა. ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის კიდევ ერთი უდავო ფერისცვალება, რომელზედაც მინდა ამჟამად გესაუბროთ.

ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკურ პორტრეტში ძნელად დასანახი და ამოუცნობი შტრიხები, ფაქტობრივად, არ იძებნება. მის სახეს იდუმალებით გამორჩეულს ვერ უწოდებ, მაგრამ ხშირად დასამახსოვრებელი კი ხდება. ედუარდ შევარდნაძის საპარლამენტო საათზე, დებატების გახსნამდე, მან პრეზიდენტს მზრუნველად გაუსწორა მიკროფონი და ყველასათვის ცხადი გახდა, რატომ გააკეთა ეს. მოგვიანებით, 16 ოქტომბერს, ვახტანგ რჩეულიშვილი საგანგებოდ წავიდა მთავრობის სხდომაზე, რათა საჯაროდაც გამოეხატა პრეზიდენტის თანამოაზრეობა. მინიშოუ მისთვის წარმატებით დამთავრდა, პრესისთვის და საზოგადოებისთვის კი ასეთი შინაარსის პოლიტიკური განცხადება გაკეთდა:
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა ]“ მე ყოველთვის მივდივარ მთავრობის სხდომაზე მაშინ, როდესაც გადასაწყვეტი მაქვს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ჩათვალეთ, რომ დღესაც მოვახერხე ეს.”
ვახტანგ რჩეულიშვილი, გარკვეულწილად, საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს პრეზიდენტ შევარდნაძის მითითებას, შეიქმნას საგანგებო კომისია, გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში. კომისიას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ჩაუდგება სათავეში. სახელმწიფო მინისტრს ქვეყნის მეთაურმა რეალური ძალაუფლების ფარგლებში დამოუკიდებლად მუშაობის გარანტია მისცა. ეს ვახტანგ რჩეულიშვილმა ერთმნიშვნელოვნად შეაფასა როგორც სახელმწიფო მინისტრისთვის უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრის პრეცედენტი და თავისი გამარჯვება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის კანცელარიაში სოციალისტთა ლიდერის გამოჩენა სამი ძირითადი მიზეზით აიხსნა. პირველი მათ შორის იყო სწორედ სახელმწიფო მინისტრის მარიონეტად ქცევის ტენდენციის შეჩერება და მისი მყარი უფლებამოსილებებით აღჭურვა. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კურსი. ვახტანგ რჩეულიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ კურსის წარმატებით გატარების საქმეში მისი როლი შეუცვლელია და უახლოეს მომავალში თბილისი-ვაშინგტონი-მოსკოვის სამკუთხედის პრობლემებზე სასაუბროდ საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს. შესაბამისად, პრეზიდენტისა და სოციალისტთა ლიდერის მოსაზრებები აქაც ემთხვევა ერთმანეთს და რჩეულიშვილი ამ ახლად გამომცხვარ თანამოაზრეობას სიამაყით უსვამს ხაზს. და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მეხსიერება მოკლე არ არის, იგი დღეისათვის ზეპოლიტიკური პოლიტიკოსის იმიჯს იქმნის.
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა]“მე ვარ სახელმწიფო მოღვაწე, ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც ცდილობს საქართველოს გადარჩენაში შეიტანოს თავისი მოკრძალებული წვლილი. ჩემთვის პოზიციონერისა და ოპოზიციონერის ტანისამოსი ძალიან ვიწროა. არც ერთ ჩარჩოში არ ვჯდები, არც პოზიციონერის და არც ოპოზიციონერის, იმიტომ რომ ასევე ვუთხარი დღეს შევარდნაძეს.” [სტილი დაცულია]
დაბოლოს, პრეზიდენტ შევარდნაძესთან ვახტანგ რჩეულიშვილის შეხმატკბილების პროცესი მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის რჩეულიშვილმა საკუთარი თავი ვერ იხილა. ამით “აღორძინების” ბლოკთან დაშორიშორება, თითქოსდა, გარდაუვალი აღმოჩნდა, მაგრამ ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის გაუარესებას სოციალისტთა ლიდერი საჯაროდ მაინც არ ადასტურებს. სხვათა შორის, პრეზიდენტ შევარდნაძესთან დითირამბებით ურთიერთობას რჩეულიშვილი პერიოდულად მაშინაც ახერხებდა, როცა პრეზიდენტის ოპოზიციონერი ერქვა. როდემდე გასტანს მისი ფერისცვალება ამჯერად? როგორც თვითონ ამბობს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან პრეზიდენტის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ბრძოლა ღია კარის მტვრევაა მხოლოდ.
XS
SM
MD
LG