Accessibility links

logo-print

ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა


პანკისის ანტიკრიმინალურმა ოპერაციამ მივიწყებული ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემის აქტუალიზება განაპირობა. თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა

ხომ კრიმინალებისა და ტერორისტებისთვის პანკისის ხეობაზე არანაკლები დასაყრდენია. რუსეთ-საქართველოს საზღვრის ამ მონაკვეთზე კონტროლის აღდგენას ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩრდილოვან ბიზნესს სწორედ ცხინვალის რეგიონი კვებავს. რუსეთს კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია იმით უქმნის საფრთხეს, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ჩეჩენი მეომრების სატრანზიტო არხი. ამაზე გელაევის რაზმის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის მარშუტიც მეტყველებს.

რუსეთ-საქართველოს შეთანხმება საზღვრის ერთობლივი კონტროლის შესახებ მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც ტერორისტებისა და კრიმინალების მკვებავი არხების გადაკეტვას შეძლებს. თუ რამდენად მოხერხდება ასეთი მექანიზმის შექმნა, მომავალი გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი ერთი რამ არის ცხადი: როგორც რუსეთი, ასევე საქართველო ინტენსიურად შეუდგა კიშინიოვში მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას. მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ პროცესი არა მარტო მოსკოვისთვის, არამედ თბილისისთვისაც მომგებიანია, რადგან საქართველოსთვის ისეთი პრობლემატური საკითხების გადაჭრის პერსპექტივა ჩნდება, რომელთა მოგვარება მოსკოვის ნების გარეშე წლების მანძილზე ვერა და ვერ მოხერხდა. ქართულ-ოსური კონფლიქტიც სწორედ ასეთი საკითხია.

19 ოქტომბერს ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ამ შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარგზავნილი ვასილ კორჩმარი, საქართველოს -ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენელი ირაკლი მაჭავარიანი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას - საზოგადოებრივი საბჭოს მდივანი თეიმურაზ კუსოვი და „სამხრეთ ოსეთის“ მხარეს - იქაური პრეზიდენტის მრჩეველი ბორის ჩოჩიევი. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრის მონაწილეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში რაიმე წინსვლა შეუძლებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზების გარეშე.

თბილისი წლების მანძილზე ცდილობდა სეპარატისტულად განწყობილი ცხინვალის გულის მონადირებას ეკონომიკური ბერკეტებით და ეს შეძლო კიდეც კონტრაბანდაზე და კრიმინალურ ბიზნესზე თვალის დახუჭვით. თუმცა მოსკოვმა თითქმის ერთ დღეში მოახერხა იმის დამსხვრევა, რის შექმნასაც თბილისმა დიდი დათმობებით მიაღწია.
ეს კი მოსკოვმა ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების სათავეში თბილისისთვის უცნობი პიროვნების მოყვანით შეძლო. სწორედ ამიტომ ვერ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ ცხინვალზე ზემოქმედებისათვის, ჩრდილოეთ ოსეთთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი მაჭავარიანმა ჩემთან საუბრისას, აი, რა განაცხადა:

[მაჭავარიანის ხმა]

თუმცა, თუ რუსეთს შეუძლია ცხინვალის ხელისუფალის ბედი გადაწყვიტოს, სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების კონტროლი მის ძალებს აღემატება. ეს იმიტომ, რომ ცხინვალის სახელისუფლებო ელიტის ერთი წლის წინანდელმა სწრაფად შეცვლამ უკუპროცესები გამოიწვია და სამხრეთ ოსეთის უღიარებელი რესპუბლიკის მმართველმა ადგილობრივ პროცესებზე გავლენა დაკარგა.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების კიშინიოვის შეთანხმება კი ამ ჩიხში შესული კონფლიქტის გასაღებს იძლევა, თუმცა შესათანხმებელი ჯერ კიდევ ბევრი რამაა. ჩრდილოეთი ოსეთი სამხრეთ ოსეთისთვის ისეთსავე სტატუსს ითხოვს, როგორიც თავად მას აქვს რუსეთის ფედერაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია მოსკოვის აზრი, თბილისის პოზიციას კი შეიძლება ვაჭრობისთვის მზადყოფნა ეწოდოს. ირაკლი მაჭავარიანმა ჩემთან საუბრისას განაცხადა:

[მაჭავარიანის ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG