Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ


ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ახალი ინიციატივით გამოდის - იგი იწყებს მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის,

კერძოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებისთვის და, აღნიშნულთან დაკავშირებით, ელის იმ პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას, რომლებმაც საერთო მიზნებისთვის გაერთიანება დაიწყეს. პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების დაწყებას ირინა სარიშვილი-ჭანტურია უახლოეს დღეებში გეგმავს.

პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებისთვის ხელმოწერების შეგროვებას ეროვნულ- დემოკრატიული პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს. აქვე განვმარტავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის დაყენებისთვის 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო. ირინა სარიშვილი-ჭანტურია ფიქრობს, რომ საკითხის გადაწყვეტა მომავალ პარლამენტს უნდა მიენდოს და არა დღევანდელ ჭრელ პარლამენტს, სადაც, არათუ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობის, უბრალო უმრავლესობის მიღწევაც შეუძლებელია.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი ინიციატივა, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია, ითვალისწინებს შევარდნაძის მმართველობის დასასრულის მოახლოებას და საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ძალებისადმი - ძალებისადმი, რომლებმაც უნდა შეძლონ მშვიდობიანი თანაარსებობა - საზოგადოების დამოკიდებულებას. ირინა სარიშვილი- ჭანტურიას აზრით, საქართველოსთვისაც და საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრისთვისაც გაცილებით ხელსაყრელი არასაპრეზიდენტო მოდელი იქნება.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] “მომავალში ყველაზე ოპტიმალური იქნება ის სახელისუფლებო მოდელი, რომელშიც ეს შტო, საპრეზიდენტო მოდელი, არ იარსებებს. ამ მოდელის პირობებში ქვეყანა უნდა ვაშენოთ ერთად და არ უნდა შეიქმნას ფსიქოზი ერთი ადამიანის გარშემო, არც უარყოფითი და არც დადებითი ემოციის შემცველი.”

აზრს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ ამართლებს, ზოგადად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებიან, თუმცა სახელისუფლებო სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ მეტ-ნაკლებად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ჩვენ ვესაუბრეთ იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, რომლებმაც ერთმანეთთან - მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიასთან - აქტიური კონსულტაციების დაწყება მოახერხეს და შემდეგი სურათი მივიღეთ:

ახალი მემერჯვენეების აზრით, რომლებიც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ეთანხმებაინ იმაში, რომ დღევანდელი სახელისუფლებო მოდელი მახინჯია და შესაცვლელია, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელებს შორის არჩევანი ხალხმა უნდა გააკეთოს და არა რომელიმე პარტიამ.

ბლოკში “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი” განსხვავებული პოზიციებია. “ნაციონალური მოძრაობის” პრესმდივანმა განგვიმარტა, რომ ეს ორგანიზაცია პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნას მხარს არ უჭერს. ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტის - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის თქმით კი, ბლოკი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული მინისტრთა კაბინეტის შემოღების მომხრეა, ხოლო, რაც შეეხება მოდელს, როგორი უნდა იყოს ის - საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო, ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების პირობებში ჩამოყალიბდება.

ძალებში, რომლებიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალ ინიციატივას ერთხმად აჰყვებიან, გაერთიანებული დემოკრატები და ტრადიციონალისტები უნდა ვიგულისხმოთ. გია ბარამიძის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნა ეროვნულ-დემოკრატების, ტრადიციონალისტებისა და გაერთიანებული დემოკრატების მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციას შეესატყვისება და სერიოზული მოთხოვნაა.
XS
SM
MD
LG