Accessibility links

logo-print

გასული კვირის ყველა ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოსკოვის ცენტრში განხორციელებულ ტერორისტულ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ყველა ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოსკოვის ცენტრში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, როცა ერთ-ერთი თეატრის წარმოდგენაზე მისული ასობით მაყურებელი ჩეჩენი

ტერორისტების მძევლად იქცა. 25 ოქტომბრის გაზეთ “ახალი ეპოქის” შენიშვნით, ასობით მძევლის აყვანა თავისთავად საზარელი ფაქტია, მაგრამ საგანგაშოა ისიც, რომ საქართველოს “კეთილმოსურნენი” ამ ტრაგედიაში ქართულ კვალს ეძებენ. გაზეთის აზრით, საგულისხმოა, რომ მოსკოვის ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ პანკისში მოთარეშეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების არსებობა აღიარა. გაზეთი წერს:


“საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ანტიტერორისტული გულახდილობა გამოიჩინა, არადა, ოფიციალურ თბილისს თითქოს არავინ აიძულებდა, პანკისის ხეობაში ტერორისტები აღმოეჩინა. კრემლი ამ თემაზე შეთქმულივით არ ლაპარაკობდა, სოლიდური დასავლური გამოცემები კი მხოლოდ იმას აქვეყნებდნენ კანტიკუნტად, რომ ქართველი ძალოვნების მიერ პანკისში დაკავებული “ალ-ყაიდას” წევრები ამერიკელებს გადასცეს...
რაც შეეხება რუსული მასმედიის ინფორმაციას მოსკოვის ტერაქტის ხელმძღვანელის მოვსარ ბარაევის “პანკისურ კავშირებზე”, საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მსგავს, ოღონდ “ირიბ” კავშირებს აღიარებს. მისი სიტყვით, მოვსარ ბარაევს არა, მაგრამ მის ძმას, არბი ბარაევს, რომელიც შარშან მოკლეს ჩეჩნეთში, მართლაც, ჰქონდა კავშირი პანკისის ხეობასთან. ვალერი ხაბურძანია აპირებს რუს კოლეგებთან ერთად გამოარკვიოს, რამ გამოიწვია მოსკოვის ტერაქტისას ქართველებთან დაკავშირებული პროვოკაციები.
საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო ტერორისტული აქტი მოსკოვში. აქ ყველაფერი ნათელია. გასარკვევი და ბურუსით მოსილი ის არის, როგორ გამოიყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის ტერაქტს. კრემლს ნამდვილად უღირს დიდი პროვოკაცია საკუთარი მიზნის მისაღწევად. სწორედ მსგავსი პროვოკაციებით დაიწყო მეორე ჩეჩნური კამპანია, რის შედეგადაც რუსეთის პრეზიდენტი გახდა ყველასთვის უცნობი ვლადიმერ პუტინი.”


25 ოქტომბრის გაზეთ “24 საათის” აზრით, ჩეჩნების მიერ მოსკოვში განხორციელებულმა იერიშმა პუტინის ხელისუფლების სიმტკიცისა და ეფექტურობის მითი დამსხვრევის პირას მიიყვანა. გაზეთის პროგნოზით, თუ პუტინმა უახლოეს დღეებში ვითარებიდან გამოსავალი ვერ იპოვნა, მისი ავტორიტეტი და, შესაძლოა, ძალაუფლებაც საფუძვლიანად შეირყეს, რადგან:


“ჩეჩენი ტერორისტების მიერ მოსკოვში თეატრის იერიში და დაპყრობა არც წყალქვეშა ნავის კატასტროფაა და არც სამხედრო ვერტმფრენის ტრაგედია. მელნიკოვის ქუჩაზე მიმდინარე დრამატული მოვლენები გაცილებით უფრო მსხვილი მასშტაბის პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს პუტინისთვის, ვიდრე ბოლო წლებში რუსეთში მომხდარი ლოკალური კატასტროფები.
აქამდე პუტინს ადვილად შეეძლო, ნებისმიერი კატასტროფა და წარუმატებლობა შემთხვევითობისთვის, გენერლებისთვის ან, თუნდაც, მეზობელი ქვეყნისთვის გადაებრალებინა. მაგრამ მოსკოვის ცენტრში ნახევარი ასეული კბილებამდე შეიარაღებული ადამიანის მიერ ათასამდე კაცის მძევლად აყვანა, რბილად რომ ითქვას, რუსეთის სახელმწიფოს დეზორგანიზებულობაზე მიუთითებს. ამაზე პასუხისმგებლობას პუტინი ვერაფრით აირიდებს. ვის შეიძლება დააბრალოს მან მოსკოვში მიმდინარე დრამატული მოვლენები? პუტინს ხომ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩეჩნების წინააღმდეგობის მოძრაობა წელშია გატეხილი და ომი, დიდი ხანია, დასრულდა. მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად, პუტინს საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. უკვე ცხადად ჩანს, რომ მოსკოვის ტრაგედია მისი პოლიტიკის შედეგია. მის ავტორიტეტსა და ძალაუფლებას ჯერ ასე არაფერი დამუქრებია, როგორც მოსკოვის თეატრის გუშინწინდელი ოკუპაცია. პუტინს არჩევანი აღარ რჩება – თუ მან მოსკოვის კრიზისი სწრაფად და ეფექტურად ვერ გადაწყვიტა, მაშინ საკუთარი უუნარობა საჯაროდ უნდა აღიაროს და იმ პოპულარულობასაც დაემშვიდობოს, რომელსაც მისი ხელისუფლება ეყრდნობა.
როგორ შეიძლება კრიზისის გადაჭრა? პირველი სცენარი იგივეა, რაც 1995 წლის ივნისში ბუდიონოვსკში და 1996 წლის იანვარში ყიზლარში მოხდა - ჩეჩნები თავიანთ პოლიტიკურ მიზანს აღწევენ, მსოფლიოს ყურადღება ჩეჩნეთის პრობლემაზე გადააქვთ და რამდენიმე ათეული მძევლის განადგურების შემდეგ უვნებლად ტოვებენ დანაშაულის ადგილს. საეჭვოა, რომ ეს სცენარი პუტინს ხელს აძლევდეს. მისი ხელისუფლება ხომ სულ იმის მტკიცებაშია, რომ უძლური ბორის ელცინის უნებისყოფო მთავრობას არაფრით ჰგავს. ელცინის დროინდელი სცენარის გამეორება პუტინისთვის მისი ქარიზმის იმ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის დაკარგვას ნიშნავს, რომლის წყალობითაც იგი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას ინარჩუნებს.
მეორე სცენარი, ერთი შეხედვით, კიდევ უფრო წამგებიანია – ჩეჩენ აჯანყებულებთან მოლაპარაკებები დაიწყება, რუსული ჯარი ჩეჩნეთში ახლანდელი პოზიციებიდან უკან დაიხევს და ამით მძევლები გადარჩებიან. ეს, თითქოს, პუტინის ხელისუფლების უუნარობას ამჟღავნებს, მაგრამ ამ სცენარს პუტინისთვის ერთი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს – დღეს მისთვის დროებითი დაზავება შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე სრული გამარჯვებისკენ სწრაფვა, რომელიც სულ უფრო და უფრო შორეული და განუხორციელებლი ჩანს.
მესამე სცენარი კი ყველაზე სისხლიანია – გუშინ დილით, თავის პირველივე ინტერვიუში, პუტინმა არ გამორიცხა პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა. მთავრობის წევრებთან მისი შეხვედრიდან აშკარად ჩანდა, რომ პუტინი სამხედრო იერიშის ან ტერორისტებთან მოლაპარაკებების გამართვის დილემის წინაშე იდგა. სავარაუდოა, რომ გენერალიტეტი მისგან თეატრზე იერიშის მიტანას მოითხოვს. სპეციალური დანიშნულების რაზმებით თეატრის შტურმი, თუ ის წარმატებული აღმოჩნდა, დიდ პოლიტიკურ კაპიტალს შეჰმატებს პუტინის ხელისუფლებას. მაგრამ იერიშის წარუმატებლობის რისკი იმდენად დიდია, რომ ამ სცენარზე დათანხმება უდიდეს პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს. პუტინი კი, თუ დავუკვირდებით, არასოდეს ყოფილა გამბედავი პოლიტიკოსი.”



ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მოსკოვში მომხდარ ტერაქტებში რუსეთის ხელისუფლების ხელს ხედავს – ასეთ მოსაზრებას 25 ოქტომბრის გაზეთ “ახალ 7 დღეს” უზიარებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეჩენი ჟურნალისტი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ ბარაევები ჩეჩნურ საქმეს არასდროს ემსახურებოდნენ. ციტატა ამ ინტერვიუდან:


“მოსკოვში, კულტურის ყოფილი სახლის შენობაში შეჭრილი ტერორისტები არ აკეთებენ ჩეჩნურ საქმეს. ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს, რუსეთს კი სურს, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩეჩნები მსოფლიოს თვალში წარმოაჩინოს ტერორისტებად. ჩეჩნები საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან თავისუფლებისთვის და, მათი ტრადიციების მიხედვით, გამორიცხულია ბრძოლის მიუღებელი ფორმები – გამორიცხულია ბავშვების, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა. ამას რუსები აკეთებენ ჩეჩნეთში. ამას არც ერთი ნამდვილი ჩეჩენი არ აკეთებს.
ჩეჩნეთში მოქმედებდა რამდენიმე ბანდიტური დაჯგუფება, რომლებიც თვითონ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ და ჩეჩენმა ხალხმა მოიკვეთა. ასეთები იყვნენ ახმადოვების, მალაზანოვის, ბარაევის დაჯგუფებები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მოსკოვში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად ბარაევს ასახელებენ. ბარაევს ბევრი სისხლიანი აქტი აქვს განხორციელებული – ადამიანის გატაცება, მკვლელობები; მას ჩეჩნების სისხლშიც აქვს ხელი გასვრილი. ერთი სიტყვით, ბარაევი არასდროს მოქმედებდა ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ის ყოველთვის ამ ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა.
აღსანიშნავია ერთი ტენდენცია – რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ექსპერტებმა მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი და ტერორისტების მიერ ქართველების, საქართველოს სახელის ფიგურირება ახსნეს იმით, თითქოს ჩეჩნები პროვოცირებას უკეთებენ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ – ამით კი შურისძიებას ცდილობენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის გადაცემული ჩეჩენი მებრძოლების გამო. ეს მტკნარი სიცრუეა. მე შევხვდი დევნილ ჩეჩენთა წარმომადგენლებს. მათ ისიც ბრალდებოდათ, რომ თითქოს ყურანზე დაიფიცეს ქართველების წინააღმდეგ შურისძიების აღსასრულებლად. ეს ასე არ ყოფილა. ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ არათუ შურისძიების, არამედ უდიდესი მადლიერების გრძნობით არიან განწყობილნი. ყველა ჩეჩენმა იცის, რომ ის ხუთი მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს არა საკუთრი ნებით, არამედ საკუთარი ნების წინააღმდეგ გადასცა.
ერთი სიტყვით, მე ახლა იმაზე მეტად, რაც მოსკოვში ხდება, მაწუხებს იმაზე ფიქრი, რაც შეიძლება ჩვენთან, საქართველოში, მოხდეს. მოსკოვში მეტად საეჭვო ფაქტი მოხდა. ამ ფაქტს ფრთხილი ანალიზი, სწორი მიდგომა და შეფასება უნდა მიეცეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ტერორისტებმა, ვინც უნდა იყვნენ ისინი, უკვე გააკეთეს ანტიჩეჩნური საქმე. მთავარია, მათ და, მათთან ერთად, ჩვენ ანტიქართული მიმართულება არ მივცეთ ამ ფაქტს.”

როგორც იცით, მოსკოვის კულტურის სასახლეში მყოფი მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 26 ოქტომბერს, დილის 6 საათზე, განხორციელდა. შესაბამისად, ოპერაციის შედეგებს ქართული პრესა ჯერ ვერ გამოეხმაურა. სავარაუდოა, მომავალ კვირას ამ თემას კიდევ არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნება.
XS
SM
MD
LG