Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო სექტორი საგადამხდელო სისტემების დახვეწაზე მსჯელობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში საგადამხდელო სისტემების სრულყოფისა და დასავლური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, ”შერატონ მეტეხი პალასმა” 28-29 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ

კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც, ქართული კომერციული ბანკების გარდა, ყაზახეთის, ლატვიის, ინგლისის, შვეიცარიის ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ერთიანი ”სამანეთო” ზონის გაუქმების შემდეგ საქართველოს საფინანსო სისტემები, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა, სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. საბანკო-საფინანსო სექტორი და აქამდე არსებული საგადამხდელო სისტემები მოითხოვდნენ მთლიან მოდერნიზაციას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელი გახდა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება და საგადამხდელო სისტემების ადაპტირება დასავლურ სტანდარტებთან – ყურადღება უნდა გამახვილებულიყო თანხების სწრაფ და უსაფრთხო გადარიცხვებზე და კლიენტის მომსახურებაზე, ადგილმდებარეობის მიუხედავად.

ძველი საბჭოური საგადამხდელო სისტემა აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო ახალ პირობებში. საფინანსო სექტორს ამ დროისათვის არც გამოცდილება და არც ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდა ახალ სტანდარტებზე ადაპტირებისათვის. სულ რამდენიმე წლის წინ ერთი ბანკიდან მეორეში თანხის გადარიცხვა რამდენიმე დღე და ხშირად კვირებიც კი გრძელდებოდა. საგადასახადო დავალებები ორ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის ფიზიკურად კურიერების დახმარებით მიდიოდა და, შესაბამისად, მყისიერ ანგარიშსწორებაზე მაშინ ოცნება თუ შეიძლებოდა.

ბოლო პერიოდში, საბანკო-საფინანსო სექტორის განვითარების კვალობაზე, ჩამოყალიბდა მსხვილი ბანკთაშორის საანგარიშსწორებო ცენტრები, დაინერგა თანამედროვე სისტემები, კომერციულ ბანკებში ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკური ბაზის სრულყოფის შემდეგ საგადამხდელო სისტემა დასავლურ სტანდარტებს მიუახლოვდა. თუმცა, ბანკთაშორის ანგარიშსწორებებს გარდა, საგადამხდელო სისტემები სხვადასხვა სერვისებსაც მოიცავს, რომლის განვითარებასაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს.

საგადამხდელო სისტემების დახვეწისა და სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, 28-29 ოქტომბერს თბილისმა სპეციალურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლების გარდა, შვეიცარიის, ინგლისის, ლატვიის, ყაზახეთის ცენტრალური ბანკების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მსვლელობისას გაირკვა, რომ საქართველოს საგადამხდელო სიტემა, ფაქტობრივად, მზად არის დასავლურ ტექნოლოგიებზე გადასვლისათვის, თუმცა საერთო ეკონომიკური ფონი, საზოგადოებაში საგადამხდელო კულტურის დონე და მწირი რესურსები ამ პროცესს აფერხებს.

კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ საგადამხდელო სისტემათა ისეთი ფორმების განვითარების აუცილებლობას, როგორიცაა საკლირინგო, პლასტიკური ბარათების, ფასიანი ქაღალდებისა და დეპოზიტარების სისტემები. საერთო ეკონომიკური ფონის გარდა, ამ ტექნოლოგიების სწრაფ დანერგვასა და პროგრესს ის საკანონმდებლო ბაზაც აფერხებს, რომელიც არ არის ადაპტირებული ამ მოთხოვნებთან. შექმნილია სპეციალური საგადამხდელო კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას უწევს ამ მუშაობას; კომიტეტის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები კომერციული ბანკები, რომლებიც, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული საქართველოში თანამედროვე საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებით.
XS
SM
MD
LG