Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვის თავისუფლების მიმოხილვა საქართველოს სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოს სასამართლოებში სულ უფრო იმატებს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელების რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთიანი სასამართლო პრაქტიკა ჯერ კიდევ ვერ გამომუშავდა.

საქართველოს სასამართლოები ძალიან ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა სულისკვეთება არა მხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც კი კარდინალურად განსხვავდება. არადა, სასამართლო პრაქტიკა, როცა ერთი და იმავე ხასიათის გამონათქვამისთვის ორ სხვადასხვა სასამართლოს ან თუნდაც ერთი და იმავე სასამართლოს ორ სხვადასხვა შემადგენლობას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებები გამოაქვს, სერიოზულ ბარიერს უქმნის სიტყვის თავისუფლების განხორციელებას. გადაწყვეტილებათა მრავალფეროვნების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შედარებით ახალი მოვლენაა და მისი განხორციელების დროს ნაკლებად არის გათვალისწინებული ის გამოცდილება, რაც დემოკრატიულმა სამყარომ ამ სფეროში დააგროვა, თუმცა, გამოუცდელობის გარდა, არის უამრავი სხვა ფაქტორი, რაც თემიდას მსჯავრზე ახდენს გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტები მნიშვნელოვნად განაპირობებს, რამდენად და რა ფორმით იარსებებს საქართველოში სიტყვის თავისუფლება. ამაში გვარწმუნებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხარისხსა და მიმართულებას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოთა გადაწყვეტილებებიც, სადაც სიტყვის თავისუფლების კიდევ უფრო ხანგრძლივი და მყარი გამოცდილება არსებობს.

ცალკეული ჩინოვნიკები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და სრულ აღვირახსნილობაში გადავიდა, რასაც მხარდაჭერა კი არა, ალაგმვა და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა სჭირდება, მაგრამ სასამართლო პრაქტიკის შესწავლა საწინააღმდეგო სურათს იძლევა, ქუჩაში მოქალაქეების გამოკითხვა კი გვაფიქრებინებს, რომ ზემოთ მოყვანილი აზრი უფრო პრესის თავისუფლებისგან შეწუხებულ ჩინოვნიკებს ეკუთვნით, ვიდრე მოქალაქეებს. კითხვაზე – რამდენად არის საქართველოში პრესა თავისუფალი – გამოკითხული მოქალაქეები ასეთ პასუხს იძლეოდნენ: [გიორგი გელაშვილის, ვახტანგ ხმალაძის, ქალბატონ ლილის, რამაზ ახალაძის და სოზარ სუბელიანის ხმები]

[გიორგი გელაშვილის ხმა] “პრესა, რა ვიცი, ჩემი აზრით, თავისუფალი არ არის, მაინც… გარკვეული შეხედულებები ბოლომდე არ ითქმის, მოსახლეობას არ მიეწოდება ის, რაც ხდება რეალურად, მიჩუმათებულია ბევრი რამე.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ პრესა თავისუფალი არ არის, ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ნაკლებობის თუ სხვა რაღაცის?”
-
[გიორგი გელაშვილის ხმა] “ჩემი აზრით, პროფესიონალიზმის ნაკლებობაც არის, მაგრამ, მე მგონი, შეგნებულადაც ხდება ბევრი რამე.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “რას გულისხმობთ – ჟურნალისტებს არ უნდათ რაღაცის გაშუქება, თუ მათზე ზეწოლა ხდება?”
-
[გიორგი გელაშვილის ხმა] “ზეწოლაა, ზემოდან ხდება, თორემ ჟურნალისტს ყველაფრის გახმაურება უნდა. მე ვატყობ სიტუაციას, რომ ეს ზემოდან ხდება.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “თქვენი გვარი-სახელი?”
-
[გიორგი გელაშვილის ხმა] “გელაშვილი გიორგი.”

-
[ქალბატონ ლილის ხმა] “თავისუფალი? ძალიან ბევრი ტყუილები წერია – ვისაც როგო უნდა, ისე წერს. ასე რომ, მე აღარც გაზეთისა მჯერა უკვე და აღარც არავისი, საერთოდ…”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “ისე, თქვენი აზრით, პრესა თავისუფალია?”
-
[ქალბატონ ლილის ხმა] “თავისუფალი? იცით, რა არის? ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. ჩვენი მთავრობა იმას აკეთებს, რაც თვითონა ხელს აძლევს და იმას არ აკეთებს, რაც ჩვენს გაჭირვებას რამეს უშველის. არაფერში ჩვენ არ გვარგია არც გაზეთი, არც ტელევიზია და არც არაფერი სხვა.
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “თქვენი გვარი -სახელი?”
-
[ქალბატონ ლილის ხმა] “არ გინდათ ჩემი გვარი -სახელი!”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “სახელი მაინც მითხარით!”
-
[ქალბატონ ლილის ხმა] “ლილი.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “დიდი მადლობა!”
-
[ქალბატონ ლილის ხმა] “ახლა არ გამომჭიმო სადმე, შენი ჭირიმე. მომკლავენ ჩემი შვილები.”

-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “აი, რაღაცა პროცენტით არის თავისუფალი.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “რომელი უფრო თავისუფალია, გაზეთები თუ ტელევიზია?”
-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “მე მგონი, მე მგონი, თავისუფლების რადიო რომ არის, რომელსაც მე ყოველ საღამოს ვუსმენ, ის უფრო ობიექტურია, ვიდრე ლუბოი გაზეთი ჩვენი… ვერ გეტყვი, რომ პრესა მთლიანად თავისუფალი იყვეს…”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “რა არის ხელის შემშლელი, თქვენი აზრით?”
-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ბიუროკრატია!”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “თქვენი გვარი-სახელი?”
-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ხმალაძე.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “სახელი?”
-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ვახტანგი.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “ისე,ხშირად ყიდულობთ გაზეთებს?”
-
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ვერსიას” ვყიდულობ ჩემთვის.”

-
[რამაზ ახალაძის ხმა] “პრესაში ბევრია შეკვეთა და ბევრნი არიან შეკვეთილი ჟურნალისტები. ეს, განსაკუთრებით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ ბევრია ნაყიდი ჟურნალისტები.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “თქვენი სახელი?”
-
[რამაზ ახალაძის ხმა] “რამაზი.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] გვარი?
-
[რამაზ ახალაძის ხმა] “ახალაძე.”[სტილი დაცულია]

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები, თუმცა ამგვარ შემთხვევათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ეს შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში: სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში საქმეები, ძირითადად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად შედის, რასაც, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იცავს, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო კოდექსი.

მოსარჩლეთა უმრავლესობა ამჯობინებს, სარჩელი სამოქალაქო კოდექსით შეიტანოს, რადგან “პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის” შელახვის შემთხვევაში მოპასუხე, ანუ ინფორმაციის გამავრცელებელი, თავად არის მოვალე, დაამტკიცოს თავის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება, მაშინ, როცა ცილისწამებით საქმის აღძვრის შემთხვევაში თავად მოსარჩლემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ამ ინფორმაციის გავრცელებით მას პატივი და ღირსება შეელახა. ბოლო წლებში ცილისწამების ბრალდებით ორად ორმა გახმაურებულმა საქმემ მიიქცია საზოგადოების ყურადღება: პირველად საქმე აღიძრა მოქალაქე კლარა შუკვანის წინააღმდეგ, როცა გენერალურმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ მის მიერ საჯაროდ გამოტანილი პლაკატი – “ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე” – ცილისწამების ნიშნებს შეიცავს და პატივსა და ღირსებას ულახავს საქართველოს პრეზიდენტს.

მეორე გახმაურებული საქმე დაკავშირებულია ისევ ქალბატონთან, ჟურნალისტ კლარა აბრამიასთან, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და აფხაზეთის შინაგან საქმეთა ასევე ყოფილი მინისტრი მამუკა ნაჭყებია ითხოვდნენ. საქმე, საბოლოოდ, ჟურნალისტის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული სამოქალაქო საქმეები უფრო ხშირად მოპასუხეთა დამარცხებით მთავრდება ხოლმე. ამგვარი გადაწყვეტილებები ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროსასამართლოს მიერ შექმნილ პრეცედენტებს, არამედ ადამიანურ ლოგიკასაც. მაგალითად, დიდუბე-ჩუღურეთის მოსამართლემ ნონა ზარქუამ 500 ლარით დააჯარიმა გაზეთი “რეზონანსი” და დაავალდებულა, უარეყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. “რეზონანსის” ყოფილი გამომცემლის მალხაზ რამიშვილის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება სერიოზული ზეწოლის ქვეშ მიიღო: [მალხაზ რამიშვილის ხმა] “რამდენიმე გამოთქმა იყო სხვადასხვა წერილში: “სვარშჩიკი მკალავიშვილი და კიდე რაღაც ასეთები – ბუასილი იყო ერთი, მეორე – თავად ბასილ მკალავიშვილმა მოითხოვა, რომ ჟურნალისტები წასაყვანი არიან საგიჟეთშიო და ამის პასუხად დაიბეჭდა კარიკატურა, რომელსაც ჰქონდა მინაწერი, რომ მამა ბასილს ავტობუსით წაიყვანენ საგიჟეთშიო. მოსამართლემ მოითხოვა ამ ცნობის უარყოფა. თავიდან პროცესებზე ბასილ მკალავიშვილის მხრიდან ორ-ორი კაცი მოდიოდა. მესამე პროცესზე ჩვენც ორნი მივედით და იქით მხრიდან უცებ მოვიდა 100 კაცი. მოსამართლე მაგრად დაფრთხა, შესვენების დროს დამიძახა კაბინეტში. რომ შევედი, ქალი კანკალებდა – ერთი “სი-ესის” ბალონი მაქვს და რამდენ კაცს მოვერევიო. თან, როგორც ჩანს, ცოტა რელიგიური შიშიც ჰქონდა – დაწყევლის ეშინოდა, თან ფიზიკური აგრესიაც რომ დაინახა…”[სტილი დაცულია]

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება გაზეთმა ვერ შეძლო, რადგან ამასობაში თავად გაზეთის გამომცემლებს შორის დაიწყო დავა და ბასილ მკალავიშვილისთვის ვერავინ მოიცალა. ამ უკანასკნელმა მოგებული 500 ლარი სასამართლოს აღმასრულებლის მეშვეობით ამოიღო, ინფორმაციის გავრცელება კი გაზეთს დღემდე არ მოუხდენია, თუმცა ამ უარყოფის გამოქვეყნება უფრო ნათლად წარმოაჩენდა სასამართლო გადაწყვეტილების აბსურდულობას. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა უარყოს გაზეთმა, რომ მკალავიშვილი არ არის “სვარშჩიკი”, რომ მას ავტობუსით არ წაიყვანენ საგიჟეთში და ასე შემდეგ. თანაც, ევროსასამართლო დასაშვებად მიიჩნევს არა მხოლოდ ნეიტრალური “ინფორმაციისა” თუ “შეხედულებების”, არამედ შეურაცხმყოფელი, სკანდალური და უთანხმოების გამომწვევი ინფორმაციის გავრცელებასაც. მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ასპარეზზე ისეთ ცნობილ პირთან, როგორიც ბასილ მკალავიშვილია.
XS
SM
MD
LG