Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ივნისის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები სერიოზული დავის საგნად რჩება


თბილისის საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული 5 თვიანი ვნებათაღელვა ახალ ფაზაში შევიდა. საკრებულოს შეკრების წინ, შეკრებისას და მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს

თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქართველ პოლიტიკოსთა შორის დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელში და საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ატეხილმა მასშტაბურმა ცემა-ტყეპამ, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს შეკრებისას სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მერიის შენობის ბლოკირებამ უმართავი ვითარების შექმნის საშიშროებაზე მსჯელობას ახალი იმპულსები შესძინა.
არჩევნებში ურთიერთდაპირისპირებული ძალები საქმეს, ერთი მხრივ, პარლამენტში, მეორე მხრივ, სასამრათლოში არჩევენ. ამას გარდა, მერიასა და პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით, საქმე გენერალურ პროკურატურაში აღიძრა.

თუ ადგილობრივ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განვიხილავთ, ქვეყანაში უმართავი ვითარების შექმნის საშიშროება მზარდ საშიშროებად უნდა მივიჩნიოთ. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც 2 ივნისის არჩევნები, ისე ამ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ( არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლა, ამ პროცესის გამო საკრებულოს ამუშავების შეფერხება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული ორი იდენტური ოქმის შედგენა თუ არეულობები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, თბილისის მერიასთან და პარლამენტში) საქართველოში დამკვიდრებული ძალადობრივი საარჩევნო პრაქტიკის შედეგია, შედეგებზე პასუხისმგებლად ისევ და ისევ ხელისუფლება უნდა მივიჩნიოთ - ხელისუფლება, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების მიღწევა სურს და რომელსაც, სინამდვილეში, სამართლიანი არჩევნებისთვის არ უზრუნია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაშინ 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში გამოვლენილ მასშტაბურ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებიც გამოაშკარავდებოდნენ და არც ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს მიეცემოდათ ცენტრალური საარჩვენო კომისიის შენობაზე შტურმის განხორციელებისა თუ მერიის შენობის ბლოკირების საშუალება. ასეთ ფაქტებზე რეაგირებას ხელისუფლება დაგვიანებით იწყებს, ასე რომ, არავინ იცის რისთვის რეაგირებს ის, უბრალოდ, ფორმალობისთვის თუ ძალადობის აღკვეთის პრეცედენტების შესაქმნელად.

6 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა მთავრობის წევრებს აუწყა, რომ თბილისის მერიასთან და პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებისა და პარალიზების მუხლით. სისხლის სამართლის ამ საქმის აღძვრას სათანადო შედეგები თუ მოჰყვება, ძალადობრივი საარჩვენო პრაქტიკის დამამკვიდრებელი ხელისუფლება ზედმეტი პოლიტიკური პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნოემბერია, ესე იგი ერთი წლის თავი იმ მოვლენებიდან, რომლებიც კახა თარგამაძის და გია მეფარიშვილის თანამდებობებიდან წასვლითა და ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით დაგვირგვინდა. წლევანდელ 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი განიხილავდა განცხადების პროექტს, რომელიც თავის კოლეგებს სოციალისტთა ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა წარუდგინა:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “საქართველოს პარლამენტი ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების დროს ჩადენილ კანონდარღვევათა სიმრავლე საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რაც შეიძლება უმართავ მოვლენებში გადაიზარდოს.”

ამავე დღეს თბილისის საოლქო სასამართლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სოციალისტთა სარჩელს იხილავდა და, ამ განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლოს შენობას სპეცდანიშნულების რაზმი იცავდა.
XS
SM
MD
LG