Accessibility links

logo-print

კორუფცია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, ღია საზოგადოების ინსტიტუტმა, რომელსაც ამერიკელი მილიონერი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი აფინანსებს, გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ

ქვეყნებში ფეხმოკიდებული კორუფციის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ პრობლემამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს ევროკავშირის ეკონომიკა და სერიოზულად შელახოს ამ გაერთიანების ავტორიტეტი.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის საანგარიშო მოხსენებაში ევროკავშირის მისამართით გამოთქმულია კრიტიკა იმის გამო, რომ კავშირმა დღემდე ვერ შეიმუშავა ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკა, რაც სწორ მიმართულებას მისცემდა კანდიდატ ქვეყნებს. საანგარიშო მოხსენების ავტორის კვენტინ რიდის აზრით, პრობლემის არსი იმაშია, რომ თავად ევროკავშირს არა აქვს შემუშავებული ანტიკორუფციული სტრატეგია.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ იმ სახელმწიფოების მიღება, რომლებშიც კორუფციას ეპიდემიური ხასიათი აქვს, "სერიოზულ საფრთხეს" შეუქმნის ევროკავშირის დემოკრატიულ სტრუქტურებს, ძირს გამოუთხრის მის კანონებსა და პოლიტიკურ ფასეულობებს, ხოლო ეკონომიკას დააზარალებს.

საანგარიშო მოხსენებაში გაკეთებული დასკვნები ემყარება "ტრანსპარენსი ინტერნეშნლისა" და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანდიდატ ქვეყნებში კორუფციის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. მაგალითად, ესტონეთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ კანდიდატად არის მიჩნეული. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სლოვენიასა და უნგრეთზეც.

რაც შეეხება ლიტვას, პოლონეთსა და სლოვაკეთს, კორუფცია ამ ქვეყნებში, საანგარიშო მოხსენების ავტორთა აზრით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, ლატვიაში კორუფციის აყვავებას ხელი შეუწყო საკანონმდებლო სტრუქტურებში კერძო ინტერესების გავლენამ.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის საანგარიშო მოხსენების თანახმად, ამ მხრივ კიდევ უარესი მდგომარეობაა ბულგარეთში, სადაც კორუფციამ "საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ფენა მოიცვა". რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების კიდევ ერთ კანდიდატს, რუმინეთს, კორუფციამ ამ ქვეყანაში, საანგარიშო მოხსენების ავტორთა აზრით, ეპიდემიური ხასიათი მიიღო.
XS
SM
MD
LG