Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის თბილისის მერს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თბილისის მერი ვანო ზოდელავა წელს უკვე მეორედ დადგა თანამდებობის დაკარგვის საშიშროების წინაშე. სახელმწიფო მინისტრთან გართულებულ ურთიერთობას ახლა თბილისის

საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებაც დაერთო, რაც, მთლიანობაში, მერს ცხოვრებას უთუოდ გაურთულებს. მეორე მხრივ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ კულუარულ თამაშებში გაწაფულმა ვანო ზოდელავამ ამჯერადაც შეძლოს ორმხრივად გახსნილ ცეცხლს თავი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე დააღწიოს. რა ბედი ელის თბილისის მერს?

საქართველოში პოლიტიკური პარტიების ლიდერები კარგა ხანია აღიარებენ თბილისის მერის თანამდებობის განსაკუთრებულ მომხიბვლელობას. თბილისის მერის არჩევითობის შემთხვევაში, ალბათ, თბილისის მერობის კანდიდატთა რაოდენობა არაფრით ჩამოუვარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისას. ასეთი ლტოლვა დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელის პოსტისადმი ადვილად ასახსნელია: პოლიტიკურ ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ დედაქალაქის მერობას თავისებური ტრამპლინის როლი შეუსრულებია ქვეყნის პრეზიდენტის პოსტისკენ. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა მერის არჩევითობას.
თბილისის მერს დღემდე პრეზიდენტი ნიშნავს. შესაბამისად, დანიშნული მერების მომავალს ასევე პრეზიდენტი განსაზღვრავს. თბილისის ყოფილი მერებისგან განსაკუთრებულად წარმატებული კარიერა ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. თბილისის პირველი მერი კოტე გაბაშვილი დიპლომატიურ საქმიანობაში გადაერთო, რიგით მეორე – ნიკო ლეკიშვილი, მართალია, პირველი სახელმწიფო მინისტრი გახლდათ, მაგრამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მის კარიერაში განსაკუთრებული წინსვლა არ შეიმჩნევა. კიდევ ერთი ყოფილი მერი – ზოდელავას წინამორბედი ბადრი შოშიტაიშვილი დღეს საქსტანდარტის ხელმძღვანელია.
რაც შეეხება ვანო ზოდელავას, მან საბჭოთა საქართველოს ეპოქაში ნომენკლატურული საფეხურები - კომკავშირის მდივნობიდან კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორობამდე - წარმატებით განვლო. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი. მას თავადვე არაერთ ინტერვიუში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკმაოდ სოლიდური ქონება სწორედ წარმატებული ბიზნესმენობის პერიოდში შეიძინა. სახელმწიფო სამსახურს ზოდელავა 1996 წელს თბილისის საგადასახადო ინსპექციის თანამდებობაზე დაუბრუნდა. შემდეგ ერთი წელი ფოთის მერი იყო. თბილისის მერად 1998 წელს დაინიშნა.
სახელმწიფო მინისტრისა და თბილისის მერის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად საკრებულოს არჩევნების შედეგს ასახელებენ. მოარული ხმებით, თბილისის არჩევნებზე ვანო ზოდელავამ ყოფილ მოქკავშირებლზე – ზურაბ ჟვანიას გუნდზე - იმუშავა. თუმცა, ეს, შესაძლოა, მხოლოდ საბაბი იყოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრი დაინტერესებულია თბილისის მერის თანამდებობაზე ჰყავდეს, ასე ვთქვათ, თავისი კაცი, რომელსაც არც საპრეზიდენტო ამბიციები ექნება და, თანაც, სახელმწიფო მინისტრის პოლიტიკას გაატარებს. აქამდე პრეზიდენტი ორ ფავორიტს შორის წონასწორობის დაცვას ახერხებდა. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ავთანდილ ჯორბენაძის მხრიდან ვანო ზოდელავას კრიტიკის შემდეგ, მან თბილისის მერს გამოსასწორებელი ვადა მისცა. რამდენიმე დღეში კი, თბილისობის დღესასწაულზე, მერის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
თბილისის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საკრებულოს რეკომენდაციის კომენტარი კი პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპერატიულად გააკეთა – 16 ნოემბერს მან განაცხადა, რომ არც აპირებს ვანო ზოდელავას საკითხის განხილვას.
XS
SM
MD
LG