Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს მოსკოვთან შეთანხმებას ჩეჩნების ექსტრადირების თაობაზე


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ეროვნული უშიშროების

საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ აგვისტოს დასაწყისში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირებაზე მოილაპარაკეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ეს ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ჯემალ გახოკიძის განცხადებით, ჩეჩნების ექსტრადირების საკითხს საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით გადაწყვეტს.


თუ თბილისის ნომერ მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში მყოფი 5 ჩეჩენის ექსტრადირების საკითხი საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, მაშინ ჩეჩნების ექსტრადირების დაჩქარებას არ უნდა ველოდეთ. როგორც ცნობილია, მათ საკითხს ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო სწავლობს და სწორედ მან უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერია რუსეთის მიერ საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების მოთხოვნა, რამდენად კანონიერად მოხდა აგვისტოს დასაწყისში დაკავებული 13 ჩეჩნიდან 5-ის რუსეთისთვის გადაცემა და იქნება თუ არა კანონიერი დანარჩენების ექსტრადირებაც, თუკი ეს მოხდება. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ევროპის სასამართლომ საქართველოს 13 ჩეჩენის ექსტრადირების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. სამწუხაროდ, 13-იდან 5-ის ექსტრადირების შეჩერება ვერ მოხერხდა.

ამ 5 ჩეჩენისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მხოლოდ მათი ექსტრადირების წინ, ასე რომ, მათ ადვოკატებს საშუალება არ მიეცათ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. მას შემდეგ ცამეტივე ჩეჩენის საკითხს სტრასბურგის სასამართლო სწავლობს და, თუ ის ჩეჩნების ექსტრადირებას არაკანონიერად მიიჩნევს, ამან, წესით, ექსტრადირებულთა სასარგებლოდაც უნდა იმოქმედოს. თუმცა ისინი რუსეთის ხელში არიან და, საეჭვოა, რუსეთი ევროპის სასამართლოს მოთხოვნას დაემორჩილოს. სტრასბურგში უკვე მიიღეს საჭირო განმარტებები საქართველოდანაც და რუსეთიდანაც. სტრასბურგის სასამართლოდან წამოსულ შეკითხვებს პასუხი ჩეჩნების ქართველმა ადვოკატებმაც გასცეს და, როგორც ერთ-ერთი მათგანი, მაკა ძამუკაშვილი, ამბობს:

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] "თუ ეს პასუხები დააკმაყოფილებს მას და აღარ გაუჩნდება სხვა შეკითხვები, მაშინ სასამართლო დაჯდება და იმსჯელებს, არის თუ არა ჩვენი მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ ძალაში დარჩეს 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება."

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატს უკვირს, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში დარჩენილ ჩეჩნებს რუსეთში ექსტრადირებას პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველეზე უპირებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ჩეჩნებს შორის 2 საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და, ამდენად, მათ რუსეთში ექსტრადირება არ უნდა ემუქრებოდეთ. ასეა თუ ისე, მაკა ძამუკაშვილის თქმით, ჩეჩნების ექსტრადირებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არსებობდეს, მაშინ მათი ექსტრადირების პროცესი ამდენ ხანს არ გაჭიანურდებოდა.


ჩემთან საუბრისას ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე სტრასბურგში ინტენსიურად გზავნის წერილებს, რომლებშიც ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარისთვის მიცემულ გარანტიებზე საუბრობს და, ამის გათვალისწინებით, ჩეჩნების ექსტრადირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. სტრასბურგი ამ წერილებზე არ რეაგირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გარანტიებს იქ ეჭვის თვალით უყურებენ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან იმ ჩეჩნებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს, რუსეთში სიცოცხლის ხელშეუხებლობის გარანტია, უბრალოდ, არ არსებობს.

ქართველი ადვოკატები ევროპის სასამართლოში 6 თვის წინ დაკავებული ჩეჩენის, ალიევის, ექსტრადირების გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ალიევის რუსეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნას და გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოც კანონიერად მიიჩნევს. ალიევის ექსტრადირების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მთაწმინა-კრწანისის სასამართლომ უკვე მიიღო, ჯერი უზენაეს სასამართლოზეა. ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი ამბობს, რომ მთაწმინა-კრწანისის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მოსამართლის კი არა, პროკურორის გადაწყვეტილებას ჰგავდა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ალიევი უკანონო პატიმრობაში მყოფ პირად მიიჩნევა და აი, რატომ:

[მაკა ძამუკაშვილის ხმა] " ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს ისეთიევ უფლებებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ალიევი საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება, რადგან მას აქვს მიღებული ლტოლვილის მოწმობა. ახლა ნახეთ, რა ხდება. საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ ადამიანს არ შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არ არსებობს მის მიმართ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება ალიევის მიმართ არსად არ მოიპოვება."

ვნახოთ, რას იტყვის უზენაესი სასამართლო. ადვოკატები სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და, საჭიროების შემთხვევაში, ისევ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG