Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტიის როლი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში


ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ლეიბორისტული პარტია თითქმის ერთადერთია, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რომელიმე საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას და არჩევნებში ყოველთვის

დამოუკიდებელ ერთეულად მონაწილეობს. ერთი მხრივ, ეს არის პარტია, რომელსაც სტაბილური და მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს, - ამის გამო, ლეიბორისტული პარტიის გარეშე პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია; მეორე მხრივ, ეს არის არაპროგნოზირებადი პარტია, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ქართულ პოლიტიკაზე.

თუ ფორმალური ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ, ლეიბორისტული პარტია პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სუბიექტია: მას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორების ძებნაში დროს არ კარგავს. მეორე მხრივ, ამ პარტიას დამოუკიდებელს ძნელად თუ ვუწოდებთ, რადგან შალვა ნათელაშვილი მიღწეულ შედეგს არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერასოდეს ინარჩუნებს და თუკი ხელისუფლებას ვინმეს გადაბირება სჭირდება, ამას ყველაზე იოლად ლეიბორისტების ხარჯზე ახერხებს.

პრესის ვერსიით, არა მხოლოდ პარტიის რიგითი წევრები, თავად თავმჯდომარეც ეჭვმიტანილია ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში. 17 ნოემბერს “ახალი თაობა” წერდა, რომ შალვა ნათელაშვილი ავთანდილ ჯორბენაძის კაბინეტში დაარწმუნეს – უმჯობესი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლეიბორისტებმა მხარი ლევან გაჩეჩილაძეს კი არა, მიხეილ სააკაშვილს დაუჭირონო.

შეუძლია თუ არა წინააღმდეგობებით აღსავსე ლეიბორისტულ პარტიას სერიოზული როლის შესრულება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში? ის, რაც შალვა ნათელაშვილს ნამდვილად ხელეწიფება – ამომრჩეველთა ხმების მოგროვებაა. თბილისის წინა საკრებულოშიც ოპოზიციური პარტიებიდან ლეიბორისტებს ყველაზე მეტი მანდატი ჰქონდათ, მაგრამ მათ საპროტესტო სიტყვებს მოსახლეობამდე არ მიუღწევია. მით უმეტეს, არავის უნახავს მათი გაკეთებული საქმე. წინა საკრებულოს საქმიანობამ შრომის პარტიის უსუსურობა წარმოაჩინა, ოღონდ ამ პროცესმა როგორღაც უხმაუროდ ჩაიარა. ახლა კი ლეიბორისტები არჩევანის პირისპირ აღმოჩნდნენ: ან უნდა ჩაებან საპროტესტო ფერხულში, ან ღიად უნდა დაუჭირონ მხარი ხელისუფლებას. გამოდის, მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა შალვა ნათელაშვილისთვის ერთგვარი ტესტია: მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ან დადასტურდება და ან გაქარწყლდება პრესის ეჭვი ლეიბორისტების ლიდერის ხელისუფლებასთან ფარული ალიანსის შესახებ.

ჯერჯერობით შრომის პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობს და პოლიტიკურ პროცესში აქტიურადაც მონაწილეობს. ამიერიდან ლეიბორისტები ხელისუფლების დაკვეთას ისე უმტკივნეულოდ და საზოგადოების თვალისგან ფარულად ვეღარ შეასრულებენ, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ასე რომ, თავისი სულისკვეთებით რეალურად ოპოზიციური საკრებულო ყველაზე დიდ გამოცდას მთავარ ოპოზიციონერებს – ლეიბორისტებს უწყობს. შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი წინასწარ დათმო და ჩრდილში გადავიდა. იქნებ, ეს სამომავლო სცენარზე მინიშნებად უნდა მივიჩნიოთ?
XS
SM
MD
LG