Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე მუშაობა დაასრულა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მუშაობა სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ამზადებდნენ საქართველოს მთავრობაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ქვეყნების მონაწილეობით,

დასრულებულია. მაინც, რას გულისხმობს ეს დოკუმენტი და როგორ მიმდინარეობდა მასზე მუშაობა?

საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნულ პროგრამაზე მუშაობას მთავრობა 3 წლის წინ შეუდგა. თავდაპირველად მომზადდა ამ პროგრამის შუალედური დოკუმენტი, რომლის განხილვის შემდეგ სადისკუსიო ვარიანტის დამუშავება დაიწყო. დოკუმენტის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები, დიდი ბრიტანეთისა და მეგობარი სახელმწიფოების მთავრობები. დონორების მოთხოვნით, სადისკუსიო ვარიანტის განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორიც ჩაერთო. 3 დეკემბერს კი სიღარიბის დაძლევის საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს.

დოკუმენტში გაანალიზებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რეფორმების მიმდინარეობა, სისტემური პრობლემები. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას თქმით, სიღარიბის დაძლევის პროგრამა, ფაქტობრივად, ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიაა და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას და სიღარიბის არსებით შემცირებას.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულ ინდიკატორულ გეგმას, რომელიც შორს იყო რეალური სტატისტიკისგან, საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის წლებში, ფაქტობრივად, არ ჰქონია თავისი სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრების განმარტებით, სიღარიბის დაძლევის პროგრამა წარმოადგენს სწორედ ამგვარ გრძელვადიან დოკუმენტს, რომელიც 2015 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და სამ ეტაპად იყოფა. ამასთან, ხანგამოშვებით მოხდება ამ პროგრამის გადახედვა და სრულყოფა, სხვადასხვა რეალიების გათვალისწინებით.

თავად დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებლები კი შემდეგნაირად გამოიყურება: დაგეგმილია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდის ტემპის 5-8 პროცენტამდე გაზრდა, რამაც უნდა უზრუნველყოს, 2001 წელთან შედარებით, 2015 წლისთვის მშპ-ს გაზრდა, დაახლოებით, 2-3-ჯერ. ასევე ნავარაუდევია უკიდურესი სიღარიბის დონის შემცირება 14 პროცენტიდან 4-5 პროცენტამდე და ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის შემცირება 52-დან 20-25 პროცენტამდე.

ეს საპროგნოზო პარამეტრებია, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყვეს ყოველი უწყების მიერ დეტალური, დროში გაწერილი გეგმის მომზადება და ამ დოკუმენტთან სინქრონიზება. გეგმით გათვალისწინებულია როგორც საბიუჯეტო, ისე სტრუქტურული რეფორმები. საგულისხმოა, რომ დონორები სერიოზულ ფინანსურ დახმარებას გვპირდებიან, თუკი დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებლები შესრულდა და რეფორმა თანმიმდევრულად წარიმართა,.

ჯერჯერობით სიღარიბის დაძლევის პროგრამა სრული და საბოლოო სახით არ არის გამოქვეყნებული. ამგვარი პროგრამა და განვითარების სტრატეგიის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საიმისოდ, რომ რეფორმამ მიზანმიმართული და, შესაბამისად, ეფექტური სახე მიიღოს. მაგრამ ნებისმიერი სტრატეგია და პროგრამა კარგად შედგენილ, მაღალკვალიფიციურ დოკუმენტად დარჩება, თუ მისი რეალიზებისათვის ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოავლინა.
XS
SM
MD
LG