Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ტარდება რეფორმები საქართველოში?


2002 წლის ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ტენდენცია ისაა, რომ ეს წელიწადი, რეფორმების თვალსაზრისით, სრული უძრაობის ხანა აღმოჩნდა.

ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რეფორმების გატარება შეუძლებელია შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე; ისეთი პოლიტიკური ძალა კი, რომელიც იტვირთებდა რეფორმების გატარებას საქართველოში, არ არსებობს იმის გამო, რომ რეფორმა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს საზოგადოების ცხოვრებაში.

ამ მოსაზრების ფონზე, საინტერესოა, რა ბედი ეწია ანტიკორუფციული "შვიდკაცას" მიერ მომზადებულ პროგრამას, რომელიც მმართველობის სისტემის და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირებას ითვალისწინებდა. პროგრამის შემოკლებული ვარიანტი გამოიცა, ხოლო ვრცელი ვარიანტი, სადაც თარიღების მითითებით იყო ჩამოწერილი, როდის რისი გაკეთება იყო საჭირო შედეგის მისაღწევად - საზოგადოებას თვალით არ უნახავს. ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს, მაგრამ იგი არავის სჭირდება, რადგან ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც "შვიდკაცას" პროგრამის შესასრულებლად შეიქმნა, სულ სხვა გეგმით მუშაობს.

ვინ იყო პასუხისმგებელი "შვიდკაცას" რეფორმატორული პროგრამის შესრულებაზე? არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა, არამედ - პირადად პრეზიდენტი. ამიტომაც მოხერხდა ასე უმტკივნეულოდ პროგრამის უგულებელყოფა.

ედუარდ შევარდნაძის პოზიცია, რომ გარდაქმნების ტემპს პოლიტიკური ნება კი არა, გარდამავალი პერიოდის კანონზომიერებები განსაზღვრავს, აღარავისთვის არის სარწმუნო. კორუფცია საზოგადოების სტაბილურობის გარანტიდან ნელ-ნელა გადაიქცა მახინჯი მმართველობითი სისტემის შენარჩუნების გარანტად. ამიტომ, თუ ვიკითხავთ, ვის აძლევს ხელს რეფორმების შეჩერება და არსებული ვითარების გახანგრძლივება, უფრო მეტად აღმასრულებელ ვერტიკალზე უნდა ვისაუბროთ, ვიდრე პოლიტიკურ ძალებზე. მაგრამ ამგვარი მინიშნებაც არასრულად ასახავს რეალობას.

რა არის საჭირო რეფორმის გასატარებლად? შესაბამისი კანონების მიღება პარლამენტის მიერ, ამ კანონების შესრულება მთავრობის მიერ და "თამაშის წესების" დაცვა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, ვიდრე ხელისუფლების სამივე შტო შეთანხმებულად არ იმოქმედებს, რეფორმებზე საუბარი წყლის ნაყვად დარჩება.

ამჟამად პარლამენტში არსებული ძალთა ბალანსი რეფორმატორული კანონმდებლობის შექმნას გამორიცხავს, ხოლო მთავრობა გუნდურად იცავს კორუფციული პირამიდების სისტემას. შესაბამისად, რეფორმების გატარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნების დეფიციტი თანაბრად ეხება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

არსებობს კიდევ ერთი "მძიმე" შეკითხვა, რომელზე პასუხიც ვითარების კომპლექსურ შესწავლას და ანალიზს მოითხოვს. რეფორმირება გულისხმობს, რომ სისტემა ან დარგი თავის თავში უნდა მოიცავდეს გარკვეულ მდგრადობას, გარდაქმნისთვის აუცილებელ საფუძველს. თუ საფუძველი არსებითად მორყეულია, მაშინ გარდაქმნისთვის დახარჯული მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება.

ამიტომ საფიქრებელია, რომ, მრავალწლიანი ნგრევის შედეგად, ზოგიერთი სფერო დაექვემდებარება გარდაქმნას, ზოგიერთი კი ძირეულად იქნება შესაცვლელი. მაგალითად, კადრების შერჩევის ამჟამინდელი სისტემის რეფორმირება შეუძლებელია, რადგან მართვის ნომენკლატურული წესი მთლიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური პასუხისმგებლობით. ამგვარი ცვლილება კი თავისთავად გამოიწვევს თანამდებობებზე სრულიად სხვა ყაიდის ადამიანების დანიშვნას. პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემის შეცვლა თუ მისი რეფორმირება იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ხოლო რეფორმა ბევრ მათგანს სამსახურს დააკარგვინებს. ეს ქმნის მოჯადოებულ წრეს, რომლის გარღვევა უდიდეს საზოგადოებრივ ენერგიას მოითხოვს.

ნებისმიერმა დასაქმებულმა ადამიანმა იცის, რომ მის სამსახურში არსებითი ცვლილებები უფროსის ნების გარეშე ვერ განხორციელდება. თუკი ეს ცვლილებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს უფროსის კეთილდღეობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ყოფნას თანამდებობაზე, ასეთი ცვლილებების იმედი თანამშრომლებს არ უნდა ჰქოდეთ. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი შეკითხვაზე - რატომ არ ტარდება რეფორმა საქართველოში?

ამიტომაც არის, რომ გარდაქმნა თუ ძველის ახლით შეცვლა, სინამდვილეში, მაინც საზოგადოებას უკავშირდება და არა პოლიტიკურ ძალებს ან მთავრობას. დღეს თანამდებობის პირს საფრთხეს უქმნის გარდაქმნა, რომელსაც საზოგადოება მისგან მოელის. ხვალ კი უნდა შეიქმნას ვითარება, როდესაც თანამდებობის პირი სამსახურს თავისი უმოქმედობისთვის და არაეფექტური საქმიანობისთვის დაკარგავს. სწორედ ამას გულისხმობს გაუყალბებელი არჩევნები და ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. დღეს პოლიტიკური ლიდერები ძალაუფლებაზე ფიქრობენ, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე ქვეყნის რიგიანად მართვა.
XS
SM
MD
LG