Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაახალწლო ბაზარი, ტრადიციულად, გაძვირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, წინასაახალწლო დღეებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სადღესასწაულო სუფრისთვის სამზადისშია ჩართული.

ამ დროისთვის ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე ხალხის არნახული მოზღვავებაა და, მომავალი წლის კარგად შეხვედრის იმედით, მოსახლეობაც ხშირად უკანასკნელ დანაზოგს სწორედ ბაზრობებზე ხარჯავს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი შემდგომი ახალი წელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის არცთუ ისე დამძიმებული საზეიმო სუფრის ფონზე თენდება, ახალი წლის შეძლებისდაგვარად გულუხვად შეხვედრის ტრადიციის მიმდევრები ჩვენთან მაინც ბლომად არიან. შესაბამისად, სადღესასწაულო სამზადისი საქართველოში უკვე პიკს აღწევს, რაც თბილისის ბაზრებისაკენ მიმავალ საგრძნობლად გადატვირთულ ქუჩებსაც ეტყობა.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პირობები არ გაუმჯობესებულა, სამომხმარებლო ბაზარი კი გაძვირდა. ანუ უცვლელი შემოსავლით დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეს იმაზე გაცილებით ნაკლების შეძენა და, შესაბამისად, საახალწლო სუფრის ნაკლებად გადახალისება შეუძლია, რაც იმავე მოქალაქეს თუნდაც შარშან შეეძლო. თუ ამას დავუმატებთ წინასაახალწლოდ ერთიორად გაძვირებულ პროდუქტს, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ, პირდაპირი მნიშვნელობით, რა ფასი დაჯდება სადღესასწაულო ნუგბარი.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, წლევანდელი წლის განმავლობაში ფასების მატება 5,1 პროცენტის დონეზეა დაფიქსირებული, ანუ ცხოვრება, დაახლოებით, ამდენად გაძვირდა.

რაც შეეხება საახალწლო დოვლათს, ამ დღეებში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან თბილისში მთელი წლის მონაგარით დატვირთული გლეხები ჩამოდიან, რათა მცირეოდენი მოგება მაინც ნახონ. დიდთოვლობამ და უჩვეულო ყინვებმა ამ პროცესს ოდნავ ხელი შეუშალა, თუმცა თბილისის ცენტრალურ ბაზრებსა და სუპერმარკეტებს ეს ნამდვილად არ დასტყობია.

წინასაახალწლო ვაჭრობა თბილისში ხშირად 31 დეკემბრის ღამის 12 საათამდეც გრძელდება, ხოლო მისი პიკი 30-31 დეკემბერზე მოდის. ფასებიც ამის შესაბამისია და გაყინულ თბილისში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დახლებს "ცეცხლი უკიდია". ამ პერიოდისათვის, ჩვეულიბრივ დღეებთან შედარებით, სამომხმარებლო ბაზარი 10-15 პროცენტით ძვირდება. მიუხედავად სიძვირისა, ყველა ცდილობს ამ დღეს შეძლებისდაგავარად განსაკუთრებული სუფრით შეხვდეს, ასე რომ, მყიდველის ნაკლებობა მაინც არ იგრძნობა.

წინასაახალწლოდ სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად მატულობს სხვა სავაჭრო ობიექტებშიც. განსაკუთრებული პოპულარობით ამ პერიოდში პარფიუმერული და მზა ტანსაცმლის ბიზნესი ხეირობს; ხალხის ტრადიციული მოზღვავებაა ტკბილეულის და სუვენირების მაღაზიებშიც.

საახალწლოდ მთელი დატვირთვით იმუშავებენ თბილისის პრესტიჟული რესტორნები და ღამის კლუბები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების სტუმარს გაუწევენ მასპინძლობას. თუმცა ამგვარი გართობა მხოლოდ შედარებით შეძლებული მოქალაქეების ხვედრია. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი საახალწლო სუფრის გასაშლელად მთელი წლის დანაზოგის რაციონალურად განაწილება მოუწევს.
XS
SM
MD
LG