Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლების როლი ქართულ -აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში


მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძე და ვახტანგ რჩეულიშვილი რუსი პოლიტიკოსების სიმპათიებით სარგებლობენ და ერთიც და მეორეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში

რუსეთის განსაკუთრებულ როლს აღიარებს, კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის ამ ორი პირადი წარმომადგენლის პოლიტიკა ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. ასლან აბაშიძე სახელისუფლებო ოპოზიციაში რჩება და, როგორც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, დამოუკიდებლად მოქმედებს. ვახტანგ რჩულიშვილი სხვაგვარად იქცევა. მან ხელისუფლების ოპოზიციის რიგები დატოვა და, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ედუარდ შევარდნაძის პირადი წარმომადგენლის სტატუსის მიღების შემდეგ, პრეზიდენტთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის გზას დაადგა.

კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლების როლზე საუბარს იმ განცხადებით დავიწყებ, რომელიც სოხუმში ჩასულმა კონსტანტინ ზატულინმა( შეგახსენებთ: ის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორია) ასლან აბაშიძესა და ვახტან რჩეულიშვილზე საუბრისას გააკეთა: "ასლან აბაშიძე და ვახტანგ რჩეულიშვილი ის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც კარგად ესმით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და აფხაზეთის სტატუსის შესახებ მსჯელობის სამომავლოდ გადატანის აუცილებლობა. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ედუარდ შევარდნაძის პირად წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში კი ამ სტატუსის ვახტანგ რჩეულიშვილისთვის მინიჭება გონივრული ნაბიჯები იყო. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ამინდს ეს ადამიანები კი არა, შევარდნაძის დაჯგუფება ქმნის."

ზატულინის ეს წუხილი ვახტანგ რჩეულიშვილის შემთხვევაში უადგილოდ გამოიყურება. ქართველ სოციალისტთა ლიდერმა ბოლო დროს ადგილი შევარდნაძის დაჯუფებაში მონახა და ქართულ-რუსულ-ოსურ ურთიერთობაში ამინდის შეცლისთვის მუშაობასაც ედუარდ შევარდნაძესთან მჭიდრო თანამშრომლობით შეუდგა. უფრო მეტიც, ის, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კოლეგის - ასლან აბაშიძის - მიმართ უკვე მსუბუქ შენიშვნასაც გამოთქვამს:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ყველა ძირითად ნაბიჯს მე ვდგამ პრეზიდენტთან შეთანხმებით. ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის მოუგვარებელი ურთიერთობა არის ხელის შემშლელი ფაქტორი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში. სწორედ პრეზიდენტია ის კაცი, ვინც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირში შეიძლება ამ საკითხებზე მუშაობა. თუ გვინდა პრეზიდენტის ოპოზიციონერობა, მაშინ არ უნდა მოვკიდოთ ამ საქმეს ხელი."

კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლების - ასლან აბაშიძისა და ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკა ერთმანეთისგან სწორედ პრეზიდენტთან დამოკიდებულების თვალსაზრისით განსხვავდება. სხვა მხრივ, რჩეულიშვილი და აბაშიძე ძველი თანამოაზრეები არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ორივეს რუსეთში ეგულება.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] " მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარების გზაზე დევს კონფლიქტის მოგვარების გასაღები. ჩემდამი ოსი პოლიტიკოსების ნდობა გამოიწვია რუსი პოლიტიკოსების ნდობამ, რუსი პოლიტიკოსების ნდობა კი - მილიონმა ხელმოწერამ."

"საქართველო ჩემი სახლია, რუსეთი - ჩემი მეგობარი" - ასე ერქვა აქციას, რომელიც სოციალისტებმა საქართველოს მილიონი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებით დააგვირგვინეს. ამ აქციით რჩეულიშვილმა რუსი პოლიტიკოსების ნდობა, მართლაც, დაიმსახურა. ასლან აბაშიძეს კი რუს პოლიტიკოსებში ნდობის გაღრმავებისთვის ზედმეტი თავის შეწუხება არ სჭირდებოდა: რუსეთში მას უპირობოდ ენდობიან, შესაბამისად, მოსწონთ კიდეც იდეები, რომლებიც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს მოსკოვში ჩააქვს ხოლმე. ესენია: აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის, აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენის, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების გაუქმების და სხვა იდეები. ასლან აბაშიძის ამ იდეებს აკრიტიკებენ ცენტრში, ისინი მაინცდამიანც მისაღები არც ედუარდ შევარდნაძისთვის არის. ასლან აბაშიძემ რამდენჯერმე მიიღო შევარდნაძის მკაცრი საყვედური აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით მასთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო. რჩეულიშვილი პრეზიდენტს ყველა ნაბიჯს უთანხმებს; შესაბამისად, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ის უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ძასოხოვს შეხვდება. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ედუარდ შევარდნაძის პირად წარმომადგენელს ძასოხოვი თანამოაზრედ და პროგრესულ პოლიტიკოსად მიაჩნია და ფიქრობს, რომ მასთან თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოლაპარაკებაზე დაყოლიების საქმეს წაადგება. პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით აღჭურვის შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რჩეულიშვილი ჯერ პროგრამა-მინიმუმზე ანუ ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ნდობის აღგენაზე მუშაობს. პროგრამა-მაქსიმუმი - სტატუსზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა. რჩეულიშვილი საქართველოს მომავალს ფედერაციულ მოწყობაში ხედავს და სამხრეთ ოსეთი ფედერაციის სუბიექტად წარმოუდგენია. ამბობს, რომ სტატუსის თაობაზე შეთანხმებამდე მისვლა რთული იქნება, მაგრამ, რუსეთისა და დასავლეთის ხელში არსებული მექანიზმების უკეთ გამოყენებისა და, რაც მთავარია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონტაქტების გაღრმავებით სერიოზული წინსვლის მიღწევა შეიძლება. მანამდე ის დადებითად აფასებს ქართულ-ოსურ-რუსულ სამშვიდობო მისიას, რომლის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების გამო პოლიტიკური ოპონენტებისგან კრიტიკა მიიღო. იგი ფიქრობს, რომ ღირს ამ პრაქტიკის აფხაზეთში, კერძოდ კი, გალის რაიონში გამოყენება.
XS
SM
MD
LG