Accessibility links

logo-print

საქართველო, შესაძლოა, ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში მსოფლიო ეკონომიკურ მედიაში გავრცელებულ ცნობას უკრაინის მთავრობის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაცია FATF–ის მიერ სანქციების წაყენების შესახებ საქართველოში არცთუ

ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ”შავი ფულის” წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციამ უკრაინის ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვები დაუწესა ქვეყანაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლოს გამო. არადა, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რადამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც სწორედ ”შავი ფულის” გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ FATF –მა ეს კანონი არასათანადოდ მკაცრად მიიჩნია, რასაც შესაბამისი სანქციები მოჰყვა. ამიერიდან უკრაინასთან ნებისმიერი საბანკო ანგარიშსწორება ეჭვის ქვეშ დადგება, ხოლო ინვესტორებისათვის ეს ქვეყანა არაკეთილსაიმედოდაა მიჩნეული.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამგვარ საეჭვო კაპიტალს უღებენ კარს. საინტრესოა, რომ ამ კონტექსტში, შესაძლოა, საქართველოც “შავი ფულის” პოტენციურ ცენტრად განვიხილოთ.
FATF(ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი სპეციალური ჯგუფი), რომელმაც უკრაინის მიმართ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა, 1989 წელს იქნა დაფუძნებული 26 ქვეყნის მიერ ქ. პარიზში. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზანია რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება იმისათვის, რომ გადაიჭრას მსოფლიოს ერთ-ერთი გლობალური პრობლემა – აღმოიფხვრას „შავი“ ფულის ლეგალიზაცია.
ამჟამად FATF-ის შემადგენლობაში 31 წევრი და 5 რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია შედის.

FATF პერიოდულად განსაზღვრავს იმ ქვეყნების სიას (ე.წ. „შავი სია“), რომლებიც „შავი“ ფულის გათეთრების პოტენციურ ცენტრებს წარმოადგენენ. ამ ღონისძიებას ის ატარებს იმ მიზნით, რომ შეამციროს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების შესაძლებლობა და უზრუნველყოს თავისი წევრი ქვეყნების (ტერიტორიების) დაცულობა. ცოტა ხნის წინ უკრაინა სწორედ “შავ სიაში” იქნა შეტანილი. საგულისხმოა, რომ ამ სიაში შესატან კანდიდატთა შორის, შესაძლოა, მოკლე ხანში საქართველოც აღმოჩნდეს. მით უმეტეს,
FATF-ისაგან ორი გაფრთხილება უკვე გვაქვს მიღებული. საქართველოს ევროკავშირის მიმართ აღებული აქვს ვალდებულება, რომ უმოკლეს პერიოდში მიიღებს სპეციალურ კანონს. იგივე ვალდებულება საქართველოსათვის “სიღარიბის დაძლევის პროგრამის” ფარგლებში სავალუტო ფონდისაგან მისაღები ტრანშის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს.
„შავი ფულის” ლეგალიზაციის წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის განკარგულებით, შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია. აღნიშნულ კომისიას დაევალა ფულის „გათეთრების” საწინააღმდეგო ღონისძიებათა სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენა. კომისიის სხდომებზე განხილულ იქნა სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტები, მიმდინარეობდა მსჯელობა ფულის „გათეთრების” წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე. არსებული საკითხების სერიოზულობიდან გამომდინარე, გაიმართა დამატებითი კონსულტაციები სამინისტროებსა და უწყებებთან, აგრეთვე აქტიური თანამშრომლობა წარიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კანონპროექტის ძირითადი პრინციპების განხილვის მიზნით.
კანონპროექტმა გაიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის ტექნიკური მისიის ექსპერტიზაც. მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ეროვნული ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ამერიკის იუსტიციისა და ხაზინის დეპარტამენტების დახმარებით, გაიმართა სამდღიანი კონფერენცია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, კონფერენციას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები. კონფერენციაზე მუხლობრივად იქნა განხილული კანონპროექტი, გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელთა დიდი ნაწილი გაზიარებული იყო.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე გაიტანეს და, იქ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ხელისუფლებას წარუდგინეს. გასულ კვირაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პროექტის განხილვა მოეწყო. ანუ პროექტი მზად არის საპარლამენტო განხილვებისა და დამტკიცებისათვის. თუმცა, თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამ ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, დიდი შანსია კანონის მიღება ვერ მოხერხდეს, რაც FATF-ის მკაცრი სანქციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან კრედიტების შეჩერების ტოლფასი იქნება.
მომზადებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ევროსაბჭოს 1990 წლის „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ“ სტრასბურგის კონვენციის პრინციპები, FATF-ის რეკომენდაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის ოქტომბრის ტექნიკური მისიის შენიშვნები და წინადადებები და ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორებიცაა: ევროგაერთიანების ქვეყნები, აშშ, ისრაელი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და რუსეთი.
პროექტი მოიცავს ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: ფულის „გათეთრების“ კრიმინალიზაცია, კლიენტის იდენტიფიკაცია, შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა, საზედამხედველო ორგანოების უფლებამოსილების გამოყენება, უწყებებს შორის კოორდინაცია და სხვ.
კანონპროექტი, FATF-ის 23-ე რეკომენდაციის თანახმად, ითვალისწინებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნას. ამ სამსახურის უწყებრივი დაქვემდებარების თაობაზე ექსპერტებს შორის აზრი გაიყო. ზოგიერთი მათგანი მონიტორინგის ჯგუფის დამოუკიდებლად ფუნქციონირების, ნაწილი კი ფინანსთა სამინისტროსთან ფუნქციონირების მომხრე იყო, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა სამსახური ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ამ უწყებისთვის საგამოძიებო ფუნქციების მინიჭებას. ეს არის დაწესებულება, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და გარკვეულ პირობებში კომპეტენტურ ორგანოებს გადასცემს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ანუ, ფაქტობრივად, ქმნის და მართავს მონაცემთა ბაზას. საუბარია ანალიტიკური სამსახურის შექმნაზე. აღნიშნული მოდელი უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა მრავალ ქვეყანაში.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს, სებ-ის საბჭოს წარდგინებით, ქვეყნის პრეზიდენტი დაამტკიცებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ეფექტური მუშაობისათვის ოთხი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება დასჭირდება. ეს კრიტერიუმებია: დამოუკიდებლობა, ნდობა, თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობებით აღჭურვა. ფინანსური მონიტორინგის სამსახური უნდა იყოს ერთგვარი დამხმარე დაწესებულება, რომელიც ინფორმაციულ მხარდაჭერას აღმოუჩენს ყველა და არა ერთ კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს. აქედან გამომდინარე, მიზანშეუწონელი იქნებოდა ასეთი სამსახურის შექმნა გამოძიების უფლების მქონე ორგანოებში, ვინაიდან ამან შეიძლება მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს.
მნიშვნელოვანია აგრეთვე საკითხი, თუ რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ სამსახურს მიეწოდება ინფორმაცია მარტო საეჭვო ოპერაციებზე. მრავალ ქვეყანაში საეჭვო ინფორმაციასთან ერთად იგზავნება ინფორმაცია გარკვეულ ოპერაციებზე განსაზღვრული თანხის ზემოთ, ძირითადად, ნაღდ ფულთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს პირობებში ცოტა ძნელი დასადგენია ის თანხობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც უნდა შემოწმდეს ფულის წარმომავლობა; ამასთან, ისედაც მყიფე საფინანსო სექტორისათვის ამ წესის ამოქმედებამ, შესაძლოა, კლიენტის ნდობა კიდევ უფრო შეარყიოს.
საინტერესო ის არის, რომ ამ კანონის მიღებაზე დიდად არის დამოკიდებული სავალუტო ფონდის ტრანშის მიღება და, რაც მთავარია, თუ საქართველომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებების მთელი კომპლექსის გატარება და კანონპროექტის წელს მიღება ვერ შეძლო, გამორიცხული არ არის, უკრაინის ბედი გაიზიაროს და მკაცრი სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG