Accessibility links

logo-print

რა ელის წელს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს?


საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველაზე რთულ, ჩრდილოეთის, მონაკვეთს ზამთრის პერიოდში საიმედო ბუნებრივი მოკავშირე - თოვლი კეტავს. მაგრამ მთებში თოვლის დადნობა,

რასაც ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებათა განახლება მოჰყვება ხოლმე, 80 კილომეტრის რთული კატეგორიის სასაზღვრო მონაკვეთის დამცველებს კვლავ დაურღვევს სიმშვიდეს. ისევე, როგორც წინა წლებში, ქართველი მესაზღვრეები ოპერატიული ვითარების გართულებას სწორედ რუსეთის მხრიდან ელოდებიან, თუმცა საზღვრის სრულყოფილი კონტროლისთვის რესურსები კვლავაც შეზღუდული რჩება.

სამხედრო ტრადიციის თანახმად, როცა ქვეყანა ისვენებს, სამხედროებმა სიფხიზლე განსაკუთრებით უნდა გააძლიერონ. თუმცა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მდებარე შატილისა და გირევის სასაზღვრო საგუშაგოების მებრძოლები, რომლებიც წელიწადზე მეტია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ახალი წლის დღესასწაულებზე გრძნობენ. ორი მეტრის სიმაღლის თოვლი და კავკასიონის ზამთრის მკაცრი კლიმატი საიმედოდ კეტავს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთს. თუმცა, როგორც ქართველი, ისე საზღვრის იქითა მხარეს მდგარი რუსი მესაზღვრეები გაზაფხულის მოახლოებისთანავე კვლავ ელოდებიან ოპერატიული ვითარების გართულებას.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ შარშან მიიღო გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მონაკვეთზე დამატებითი სასაზღვრო ძალების მობილიზების შესახებ, რის შედეგადაც, რუსეთის იტუმ-ყალეს სასაზღვრო რაზმი უპრეცედენტო მასშტაბებამდე - 3000 კაცამდე გაიზარდა, რაც ლამის მთელი ქართული სასაზღვრო დეპარტამენტის პირად შემადგენლობას უდრის. მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ამ რაოდენობის მესაზღვრის კონცენტრირებაც კი ვერ იქნება იმის სრული გარანტია, რომ საზღვრის დარღვევა არ მოხერხდა. რუსეთ-საქართველოს საზღვრის 80 კილომეტრი სიგრძის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ასობით საცალფეხო ბილიკი გადის, რომლის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, ქრთამი კარგად ჭრის მთიან პირობებშიც, ხოლო რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ბევრი ცხოვრებისეული აუცილებლობის ნაკლებობას განიცდიან, ამგვარ ცდუნებასთან გამკლავება მეტისმეტად გაუჭირდებათ.

ამოცანა კიდევ უფრო რთულია ქართველი მესაზღვრეებისთვის, რომლებსაც ამ მიმართულებაზე ორი - გირევისა და შატილის, დაახლოებით, 500 კაციანი საგუშაგო აქვთ. თანაც, ამ საგუშაგოების გაძლიერება შარშან სხვა რაზმების შემცირების ხარჯზე მოხდა, რის უფლებასაც საკუთარ თავს წელს ნამდვილად ვეღარ მისცემს საზღვრის დაცვის უწყება. საშემოდგომო გაწვევის კამპანიის ჩაშლის გამო სასაზღვრო უწყებამ, 1600 წვევამდელის ნაცვლად, ამის ნახევარიც ვერ მიიღო. პირადი შემადგენლობით ნახევრად დაკომპლექტებულ უწყებას წელს არც ფინანსური თვალსაზრისით ექნება უკეთესი მდგომარეობა. შარშან ქართველ მესაზღვრეებს კვლავ მიუღებელი დარჩათ 845 ათასი ლარი. ხოლო 2003 წლის ბიუჯეტში საზღვრის დაცვისთვის, შარშანდელი 9 მილიონის ნაცვლად, ორი მილიონით მეტი - 11 მილიონის გამოყოფაა ნავარაუდევი. ეს მაშინ, როცა საზღვარზე ოპერატიული ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფას 27 მილიონი ლარი სჭირდება.

ასე რომ, წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის საზღვრის მონაკვეთზე სიმშვიდის გარანტიას ვერც ერთი მხარე ვერ მისცემს საკუთარ თავს. მით უფრო, რომ ობიექტური მიზეზების გარდა, არსებობს წმინდა სუბიექტური - პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი - გარემოებები, რაც კავკასიონის ქედს აქეთ-იქით მყოფ მესაზღვრეებს ვითარების მძევლებად აქცევს.
XS
SM
MD
LG