Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეამცირებს თუ არა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა სამხედრო დანაშაულთა რიცხვს?


საქართველოს პრეზიდენტი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს "სოციალურად ორიენტირებულს" უწოდებს და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მეორე

მოსმენით აუცილებლად დაამტკიცებს. ედუარდ შევარდნაძე განსაკუთრებით იმ ფაქტით ამაყობს, რომ მომავალ წელს ფინანსურ ასიგნებათა რეალური ზრდა იგეგმება ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის. თუმცა, ვიდრე ხელისუფლება სამხედრო უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე ბჭობს, დაუფინანსებლად დარჩენილი სამხედრო ნაწილებიდან კვლავ გრძელდება იარაღის დატაცების მცდელობები.

ნატოში გაწევრიანება, რისი სურვილიც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პრაღის ნოემბრის სამიტზე გამოხატა, საქართველოს ხელისუფლებას, სხვა პირობების შესრულების გარდა, თავდაცვის ხარჯების გაზრდას ავალდებულებს. ნატოს წევრობაზე ორიენტირებული ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტს უნდა შეადგენდეს, რათა, საკუთარი მოთხოვნილებების გარდა, იმ ხარჯების დაფინანსებაც შეძლოს, რაც საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას დასჭირდება. სწორედ ამ სტანდარტს ეყრდნობოდა თავდაცვის სამინისტრო, როცა აუცილებელი თავდაცვითი ხარჯების დასაფინანსებლად 2003 წლისთვის ჯერ 120 მილიონ ლარს ითხოვდა, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამართული კონსულტაციების შემდეგ იძულებული გახდა 80 მილიონ ლარს დასთანხმებოდა, თუმცა საბოლოო პროექტში თავდაცვის სამინისტროს 55 მილიონი ლარი ერგო. დავით თევზაძემ ამის გამო არაერთხელ გამოთქვა პროტესტი ფინანსთა მინისტრის მისამართით. მაგრამ ვინაიდან მირიან გოგიაშვილის ბიუჯეტის კრიტიკა თავად უმაღლესი მთავარსარდლის ნების წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა, თევზაძემ, სამხედრო ტერმინს თუ ვიხმართ, წინასწარ გამზადებულ პოზიციებზე დაიხია. აი, ედუარდ შევარდნაძეს კი თავდაცვის ბიუჯეტი მოსწონს.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "განსაკუთრებით საყურადღებოა ფინანსურ ასიგნებათა რეალური ზრდა ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის. ამ მიმართულებით თანხის ოდენობა 60 პროცენტამდე იზრდება და 93 მილიონ ლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი განცხადება პრაღის სამიტზე ნატოში გაწევრიანების შესახებ, ლიტონ სიტყვებად არ დარჩება."

აქ აუცილებლად დასაზუსტებელია, რომ 93 მილიონი მთლიანად სამხედრო ძალების კრებითი საბიუჯეტო მაჩვენებელია და არა თავდაცვის სამინისტროსი. თანაც, სამხედრო უწყებისთვის დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი მთლიანად "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე ქვედანაყოფების შენახვას უნდა მოხმარდეს და არა შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც 2002 წელს კუთვნილი თანხის 20 პროცენტი კვლავ მიუღებელი დარჩა.

ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება დაუფინანსებლობას, მაგრამ დიდად არც ამერიკელების მიერ მომზადებულ "კომანდოს"ბატალიონს ულხინს. წვრთნის დამთავრების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებულ ბატალიონში ჯერ 5 სატაბელო პისტოლეტი და რამდენიმე ოპტიკური ხელსაწყო დაიკარგა. ორი დღის წინ კი ოპერატიულმა სამსახურებმა ნაწილის გამონგრეულ ღობესთან მოსაპარად გამზადებული 11 ცალი ავტომატი აღმოაჩინეს. საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის გია ჯიქიას განცხადებით, იარაღის დაკარგვა საყარაულო სამსახურის ცუდი ორგანიზების ბრალია. თუმცა იგი არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ რაღაც ძალები პირველი პროფესიული ქვედანაყოფისა და მთლიანად ამერიკული პროგრამის დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ელიტურ სამხედრო ნაწილში, დისციპლინისა და მართლწესრიგის განმტკიცების მიზნით, ერთი თვის წინ ვაზიანში რეგიონალური სამხედრო პროკურატურის ოფისიც კი გაიხსნა. იარაღის მოპარვის მცდელობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ისეა გაოგნებული, რომ ვითარების გამოსასწორებლად შემდგომში ვაზიანში, შესაძლოა, სამხედრო საბჭოს ფილიალი შეიქმნას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG