Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კანონმდებლობა - ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 იანვარს გაიმართება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის პირველი შეხვედრა. კონსულტაციებისას მიღწეული შეთანხმებით, ერთობლივი ჯგუფი, პირველ რიგში,

საარჩევნო სიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის დათხოვნის საკითხებზე იმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხი საქართველოს პარლამენტმა თებერვლის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს. საფიქრებელია, რომ პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებშიც ყველაზე დიდ კამათს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი გამოიწვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების ”დემოკრატიული კოალიციისა” და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის რამდენიმერაუნდიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის შემადგენლობა. მასში შევიდნენ: ”დემოკრატიული კოალიცია”, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების, სოციალური დაცვის სამინისტროების, ადგილობრივი და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების, ასევე, ედპ-სა და სახალხო პარტიის წარმომადგენლები, აგრეთვე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
საინტერესოა, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ არის მიწვეული. ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე აშშ-ში იმყოფება, ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილე გია ზესაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ თავად ამ სტრუქტურის წარმომადგენლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, თუმცა, სამწუხაროდ, საარჩევნო კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა მხოლოდ კიდევ უფრო გაართულა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების რა ვარიანტს შეიმუშავებს ერთობლივი ჯგუფი, მალე გახდება ცნობილი. ჯერჯერობით კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესის ვარიანტები მხოლოდ მოქალაქეთა კავშირმა წარმოადგინა. ვარიანტი პირველი: ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებით კომპლექტდება. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 წევრით იქნება წარმოდგენილი.
ვარიანტი მეორე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ხელისუფლების სამი შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების - სამ-სამი წარმომადგენლით კომპლექტდება პლუს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების თითო წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია 11 წევრით დაკომპლექტდება.
ასევე 11 წევრით იქნება წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისია მესამე ვარიანტით, რომელიც ხელისუფლების სამი შტოს ორ წარმომადგენელსა და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 7 პროცენტგადალახული პარტიების წარმომადგენლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, ასე წარმოუდგენია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი მოქალაქეთა კავშირს.
წარმოდგენილი ვარიანტები უკვე გახდა კრიტიკის ობიექტი. მაგალითად, ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ თუ პირველი ორი ვარიანტის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მთლიანად ხელისუფლების მიერ იქნება კონტროლირებული, მესამე შემთხვევაში არჩევნების ჩატარების ბერკეტებს ხელში სამი პარტია აიღებს, რადგან 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 7 პროცენტიანი ბარიერის დაძლევა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირმა, აღორძინებამ და მრეწველთა მოძრაობამ შეძლო. არადა, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის რომ პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ არის დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამას ერთ-ერთი ანონიმი ექსპერტის ხუმრობანარევი ფრაზაც ადასტურებს: მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის მისცა ხმა; მნიშვნელოვანია, როგორ დაითვალეს ეს ხმები.
XS
SM
MD
LG