Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბარი ფრიდ ნილსენტან


გიორგი მაისურაძე, ბერლინი ამა წლის 15 იანვარს გერმანიის ტელეკომპანიების, Pro 7-ისა და Sat 1-ის ბერლინის ოფისში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც საქართველოს თემას მიეძღვნა. საღამოს ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი

იყო გერმანელი დიპლომატი ფრიდ ნილსენი, რომელიც 1992-95 წლებში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილედ მუშაობდა. გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა საკმაოდ მოზრდილი ფორმატის წიგნი სათაურით "ქარი ქრის. საქართველო იცვლება", რომელიც, ერთი მხრივ, სამოგზაურო-მემუარული ჟანრის საკმაოდ საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებია. ამავე დროს, თითქმის დოკუმენტური სიზუსტით ასახავს საქართველოს მისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს და გადამწვეტ პერიოდში. გერმანელი დიპლომატის წიგნი არის აგრეთვე ნიმუში იმ ამაღელვებელი თემისა, თუ როგორ აღიქმება საქართველო, მასში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები თუ ქართული ყოფა და ადათ-წესები, ევროპელების მხრიდან. 15 იანვარს ფრიდ ნილსენმა წაიკითხა ფრაგმენტები თავისი წიგნიდან და სცადა 90-იანი წლების დამდეგის და დღევანდელი საქართველოს შედარება. რა შეიცვალა ამ უკანასკნელ ათწლეულში და საით მიემართება საქართველო? ამ თემაზე გთავაზობთ ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტის, გიორგი მაისურაძის, საუბარს ფრიდ ნილსენთან.

მაისურაძე: რას აფასებთ ამ ქვეყანაში ისე, რომ იგი წიგნითაც დააფასეთ?

ნილსენი: საქართველოში განსაკუთრებული ვითარება იყო 1992 წელს, როცა ჩვენ იქ ჩავედით. იგი პოლიტიკური არეულობით იყო აღბეჭდილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ურთიერთობებში. ამასთან, საქმე ისე იყო, რომ ყველა ინფორმაცია დასავლეთისკენ რუსეთის არხებით მიდიოდა და ეს, რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია იყო. ჰოდა ვიფიქრე, რომ გერმანულადაც უნდა გამოსულიყო წიგნი, რათა გერმანულენოვან მკითხველს შეძლებოდა საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება. და მოხარული ვარ, რომ დღეს ერთი წიგნი მაინც არსებობს, რომლის მეშვეობითაც ხალხს შეუძლია გაიცნოს ქვეყანა, საქართველოს ადამიანები, კულტურა, ისტორია და პოლიტიკური აწმყო. ჩემის აზრით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ საქართველოს იმიჯი დადებითისკენ შეიცვლა.

მაისურაძე: თქვენ ეს ქვეყანა მისი სახელმწიფოებრიობის, ასე ვთქვათ, "დაფეხმძიმების სტადიაში" გაიცანით. რა შეიცვალა მას მერე?

ნილსენი: მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი ბევრად უფრო გაუმჯობესდა. ვიცი, ზოგიერთი ქართველი ამაზე სხვა აზრისაა, მაგრამ ისინი ცდებიან, საბედნიეროდ ცდებიან. თუ დღევანდელ დღეს შევადარებთ 1992-დან 1997-98 წლებამდე პერიოდს, ნათელი ხდება, რომ ვითარება გაუმჯობესდა. მივაღწიეთ ღრმა შიდაპოლიტიკურ სტაბილიზაციას; კარგი წანამძღვრები გვაქვს დემოკრატიული ქცევისათვის; უპირველეს ყოვლისა გვაქვს ეკონომიკა, რომელმაც ფეხი მოიკიდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილური ლარი – რასაც ვერ ვხედავთ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური ბლოკის თითქმის ვერცერთ ქვეყანაში – ეს კი ძირითადი პირობაა ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საქმეს ერთგვარად ართულებს, მაგრამ სამაგიეროდ ვითარება ძალიან გამოსწორდა. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორია ადამიანთა ყოველდღიური ქცევა. დემოკრატიულ მთავრობას, საბედნიეროდ, მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს ადამიანების ფორმირებისა და მათთვის იმის თქმისა, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ეს ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ. არ შეიძლება მთავრობისგან ძალიან ბევრს მოელოდე. ვისაც დიდხანს უცხოვრია დემოკრატიაში, იცის, რომ მთავრობას მხოლოდ პირობების შექმნა შეუძლია, დანარჩენი ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მაისურაძე: ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას?

ნილსენი: დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობ. სხვა ქვეყნებთან შედარებითაც, რომლებშიც მიცხოვრია, რუმინეთთან, რუსეთთან შედარებით: ქვეყანა სწორ გზაზეა. ცხადია, არ შეიძლება მოველოდეთ, რომ იგი სულ რამდენიმე წელში იქცევა სამოთხედ, ეს სისულელე იქნებოდა. მაგრამ დაწყებული გზა სწორია ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონსტიტუცია, ასევე ძირითადი კანონები და დემოკრატიის მშენებლობა. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ახლა გონივრულად და მოთმინებით უნდა მივდიოთ ამ განვითარებას.

მაისურაძე: თქვენ გერმანული დიპლომატიის პიონერი იყავით საქართველოში. შეუძლია დიპლომატიას საქართველოში პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა ან, თუნდაც, მათზე ზემოქმედება?

ნილსენი: ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ჩვენი ხელშეწყობით საკონსტიტუციო სამართლის ბევრი სპეციალისტი ჩავიდა საქართველოში. კანონების შემუშავებაში გერმანელი პროფესორები და იურისტებიც მონაწილეობდნენ. მაგრამ უბრალოდ ჩვენი იქ ყოფნითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის წინსვლას. ჩემის აზრით, პირველ რიგში ეკონომიკური ინვესტიციებით – რაც იოლი არ არის, მაგრამ ხერხდება და კიდევ უფრო მეტად მოხერხდება – შეგვიძლია ხელი შევუწყოთ დემოკრატიული ურთიერთობების კიდევ უფრო სტაბილიზაციას და განვითარებას. ამავე დროს უნდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ საქართველოს მუდამ იცნობდნენ პოლიტიკურ რუკაზე. ამისთვის კიდევ უფრო მეტი წიგნი უნდა გამოქვეყნდეს. სამწუხაროდ ასე არ ხდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველო არც ლიტერატურულ სამყაროში არ იქნეს დავიწყებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG