Accessibility links

გასული კვირის ქართული პრესის ძირითადი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის ძირითადი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები. 20 იავნრის გაზეთ ”24 საათის” აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელმა აგრესიულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის კრიზისი,

რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოში სუფევს: ამ ქვეყანაში ზუსტად არავინ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ამის ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ არ გაქვს მკაფიოდ გააზრებული, თუ რას ნიშნავს შექმნილ სიტუაციში ცნება ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.” გაზეთის დაკვირვებით, როცა პოლიტიკოსები, ლტოლვილები, ჩვეულებრივი ადამიანები ამ თემაზე მსჯელობენ, მათი უმრავლესობა გულისხმობს, რომ უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რაც ომამდე იყო. მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ის სიტუაცია, რაც ომამდე იყო, იმავე ფორმით, იმავე შინაარსით, ვეღარასოდეს დაბრუნდება,” - წერს ” გაზეთი ”24 საათი”.


”წარმატებული სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ჩვენ მაინც მოგვიწევს ისეთ პოლიტიკურ სისტემაზე ფიქრი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და რომელიც ამ რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ეს საკმაოდ გრძელვადიანი და მრავალსაფეხურიანი პროცესი იქნება. ყველა ჩვენი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, თუ არ შევეცდებით თავად აფხაზების დარწმუნებას, რომ მათთვის ხელსაყრელი იქნება საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იარსებებს იმის საშიშროება, რომ განმეორდება ის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება. მით უმეტეს, რომ ამ პრობლემით მუდმივ დაინტერესებას შეინარჩუნებს რუსეთი, რომლის ლიდერებიც და ელჩებიც გეგმაზომიერად ახორციელებენ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგებს უკვე მეათე წელია, ვიმკით.
დღეს, როდესაც აფხაზებს კონკრეტულს ვერაფერს ვთავაზობთ, როდესაც ქვეყნის შიგნით ელემენტარულ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ, როდესაც სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია არ ჩანს, რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, სრულიად მოსალოდნელი იყო ის პოზიცია, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამოთქვა: აფხაზებისთვის არაფრით არისმიმზიდველი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ აფხაზების პოზიცია რუსეთის ზეგავლენის გარეშეც ასეთი იქნებოდა. რაც დღეს აფხაზეთთან მიმართებაში ხდება, მხოლოდ აღრმავებს პრობლემას და, რაც უფრო დროში გაიჭიმება ეს პროცესი, მით უფრო ძნელი იქნება დღევანდელი, ჩვენთვის არასასურველი, სტატუს-კვოს შეცვლა.”




”რუსი სამშვიდობოები მაინც რჩებიან,” - იუწყება 24-30 იანვრის გაზეთი ”ახალი ეპოქა”, რომლის ცნობითაც, გაერომ უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მანდატის ვადა გაუგრძელოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს. ”გაერო კვლავ ე.წ.-ი ”ბოდენის დოკუმენტის” განხილვას სთავაზობს საქართველოს. მართალია, კოფი ანანს გული სწყდება, რომ აფხაზური მხარე ჯიუტობს და ახლოსაც არ ეკარება ამ დოკუმენტს, მაგრამ სეპარატისტებზე ძალდატანების რაიმე გზას ქართულ მხარეს არ სთავაზობს.
გადაჭარბებული არც იმის თქმა იქნება, რომ რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის მორიგ გაგრძელებას არც საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ აფხაზეთისკენ კვლავ დაიძვრებიან ე.წ. ”დაქირავებულები” და განმეორდება გალის ტრაგედია. მისივე აზრით, გამორიცხული არ არის, ეს უბედურება ზუგდიდსაც შეეხოს,” -წერს გაზეთი და განაგრძობს:


”გამოდის, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ყოფნა მხოლოდ ”აფხაზეთის დაბრუნებისთვის” კი არა, მთელი საქართველოს ”გაუბედურების” თავიდან აცილების წინაპირობა ყოფილა. თუ საქართველოს მთავრობა და ჯარი იმისთვის ჰყავს, რომ ქვეყნის ბედი რუსი სამშვიდობოების ყოფნა-არყოფნაზე იყოს დამოკიდებული, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
წლიდან წლამდე ასე გრძელდება: როგორც კი მოახლოვდება რუსი ცისფერჩაფხუტიანების მანდატის ამოწურვის დღე, საქართველოს ხელისუფლება ჯერ მუქარის კორიანტელს დააყენებს, სამშვიდობო ძალებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონაო, შემდეგ კი ვითომ არაფერი, ხალხს ღიმილით ამცნობს, ამ ეტაპზე უმაგათოდ ვერაფერს შევძლებთო.”




ამ კვირის ქართული პრესის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ბლოკადის შემთხვევაში, უშოშროების საბჭო არ გამორიცხავს ნავთობსადენებზე დივერსიების განხორციელებას. ეს მოსაზრება რომ არცთუ უსაფუძვლოა, 18 იანვრის ფაქტიც მოწმობს, როცა, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დაზიანების გამო, სოფელი სვენეთი კინაღამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 20 იანვრის ”დილის გაზეთის” ცნობით, ეკოლოგიური კატასროფის თავიდან აცილება სპეცტექნიკის წყალობით მოხერხდა:



” ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დაზიანების მიზეზებს უახლოეს დღეებში სპეციალური კომისია დაადგენს. როგორც ცნობილია, 18 იანვარს, მილსადენი დაახლოებით 15.30 წუთზე განზრახ დააზიანეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანება ნავთობსადენის 132-ე კილომეტრზე, გორის რაიონის სოფელ სვენეთთან, მოხდა. როგორც კომპანია ”ბი-პის” წარმომადგენლები აცხადებენ, ავარიის შედეგად, ნავთობით დაახლოებით 40-50 კვადრატული მეტრის ფართობი დაბინძურდა. დაზიანების ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის, კომპანია ”ბი-პის” და მილსადენის კომპანია ”ჯი-პის” ექსპერტები. მათი ინფორმაციით, მილის დაზიანების მიზნით, 70 სმ სიღრმისა და 2 კვადრატული მეტრი ფართობის თხრილია გათხრილი. ”ბი-პის” წარმომადგენელთა განცხადებით, უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილება სპეციალური სენსორული სისტემის წყალობით მოხერხდა, რომელიც ნავთობსადენის მთელ სიგრძეზეა დამონტაჟებული. დაზიანებიდან 15 წუთის შემდეგ სწორედ ამ სისტემამ ჩაკეტა ავტომატურად მილსადენი და ნავთობის დაღვრაც შეჩერდა.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მომხდარისთვის დივერსიის კვალიფიკაციის მიცემას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. მათი თქმით, ვინც ეს ჩაიდინა, ან ნავთობის მოპარვა, ან ნავთობსადების უსაფრთხოების დისკრედიტაცია ჰქონდა განზრახული. როგორც ბი-პისა და ჯი-პის ექსპერტები აცხადებენ, მილსადენი, რომელიც მიწაში, მინიმუმ, ერთი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, გაუთვითცნობიერებელი ხალხისთვის არცთუ ადვილად ხელმისაწვდომი და მისაკვლევია. ამდენად, ექსპერტები ეჭვობენ, რომ საქმე, ამ შემთხვევაში, დივერსიასთან აქვთ და არა უბრალო ქურდობასთან.”



რაც შეეხება წინასაარჩევნო მზადებას, ამ კვირაში ერთგვარ სენსაციად იქცა ცნობა ნაციონალურ მოძრაობისა და პოლიტიკურ გაერთიანება ”ერთობის” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა “ერთობის” ერთ-ერთი ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თანამშრომლობის ინიციატივის შემთხვევაში, “ერთობა” შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.
მართალია, საპარლამენტო არჩევნების ვადამდე 9 თვე მაინც არის დარჩენილი, მაგრამ ქართული პრესა უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს პარტიათა რეიტინგების მიმართ. 20-26 იანვრის გაზეთი ”ქრონიკა” აქვეყნებს სოციოლოგიური კვლევითი ჯგუფის ”ემ-ჯი-ემ”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგს. 512 რესპონდენტს პასუხი უნდა გაეცა ერთ კითხვაზე: “დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას.” შედეგი, გაზეთ ”ქრონიკის” ინფორმაციით, ასეთია:


512 გამოკითხულიდან 139 ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, 149 არც ერთს არ აძლევს ხმას. ჯამში, ეს 57%-ს აღწევს, ანუ თუ ამ სურათს მთელი ქვეყნის მასშტაბით გავშლით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, უპარლამენტოდ დავრჩებით.
რაც შეეხება პარტიებს, დღეს 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას აქვს. სააკაშვილი და ნათელაშვილი ექსცენტრიულობით და მემარცხენე სკანდალ-პოპულიზმით ჰგვანან ერთმანეტს. ელექტორატს ასეთები მოსწონს. მათ შორის, უბრალოდ, დიდი განსხვავებაა - ნათელაშვილი თითქმის მარტოა და ამიტომ, როცა შალვას ახსენებენ, გულისხმობენ ლეიბორისტულ პარტიას და, პირქით. სააკაშვილისა და მისი პარტიის რეიტინგი კი ასე იდენტური სულაც არ არის. მასთან ჭრელი და თან ცნობილი ხალხია. ეს ფაქტორი ბევრსაც იზიდავს და ბევრსაც აფრთხობს.
არჩევნებამდე გამორიცხული არ არის, სააკაშვილს და მის მოძრაობას რეიტინგი დაუვარდეს. მას წინ სერიოზული გამოცდა ელის - თბილისელებს საქმენი საგმირონია უნდა უჩვენოს და არა ნაძვზე დაკიდებული ფეხბურთელის ”მაიკა.”
ჟვანიას პარტიამ, მართალია, სადღაც 5 %-მდე მოაგროვა, მაგრამ რეიტინგში ახალ მემარჯვენეებთან ერთად ინაწილებს მესამე ადგილს. თანაც, ასე ბოლო დროს დაწინაურდნენ, ხელფასებზე ატეხილი სკანდალის წყალობით. ასე რომ, ვისაც იმედი აქვს, რომ ჟვანიას პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, ცდება. წინ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. ხალხს, ვისაც ექსცენტრიული პოლიტიკოსები არ უყვარს, არჩევანის გაკეთება ”ახლებსა” და ჟვანიას შორის მოუწევს. მათ ბოლო დროს საკმაოდ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ და, თუ არჩევნებზეც ერთი ბლოკით გამოვლენ, ინტელექტუალური და ზომიერი ამომრჩეველი მათკენ წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ელექტორატი დაქუცმაცდება.
ამ ბოლო დროს ახლები შემადგენლობას აფართოებენ. ნიკო ლეკიშვილი აღარ მალავს ”განახლებას”. ახლებთან ურთიერთობა გამოუკეთდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. ნინო ბურჯანაძე საკმაოდ რეიტინგული ფიგურაა და მისი სიებში გამოჩენა ნებისმიერ პარტიას წაადგება. წაადგება ახლებსაც, რომლებიც არც მალავენ, რომ ,”თუ ნინო მათთან შევა, გაუხარდებათ.” მაგრამ აქ არსებობს ერთი ”მაგრამ”. ბურჯანაძის რეიტინგი წამყვან პოზიციებს და ლიდერობას ითხოვს. დაუთმობენ კი გამყრელიძე და გაჩეჩილაძე თავის პოზიციებს ბურჯანაძეს? თავად ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG