Accessibility links

რა უფრო ძლიერია, ევროპელების ანტიამერიკული განწყობილება თუ ამერიკელთა ანტიევროპული გრძნობები?


დასავლეთის სამყაროზე როცა ლაპარაკობენ,

არ განასხვავებენ ამერიკას და ევროპას. ეს ეხება, ალბათ, უფრო ყოფილ სოციალისტურ სამყაროს, რომელიც დასავლეთს ერთიან სისტემად აღიქვამდა და ამიტომაც ბავარიელიც და ტეხასელიც მონათესავე ფენომენებად ეჩვენებოდა. ბოლო წლებში ხალხი გაერკვა, გათვითცნობიერდა, მოგზაურობის მოყვარულებს თვალები აეხილათ, განსხვავების დანახვა დაიწყეს. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, სტერეოტიპები კვლავ მძლავრობენ და, ხალხი - გარდა მცირე, უფრო გონებაგახსნილი, ნაწილისა - იმით იკვებება, რასაც მასმედია სთავაზობს. ბოლო ხანს ეს დასავლეთი თითქოს პოლიტიკურადაც გაიყო - ვერ იტყვი, რომ გაითიშა, მაგრამ გაიყო. ამერიკელი პოლიტიკოსები ვერ ეგუებიან იმას, რომ ევროპელები, ერთხმად, ერაყის წინააღმდეგ შესაძლებელ ომში ჩართვას არ აპირებენ. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, მათ მიერვე ხდება ევროპის ძველ და ახალ ნაწილებად გაყოფა. საინტერესოა, რომ ახალთა შორის არიან ის ქვეყნები, რომლებიც სულ ახლახან იდეოლოგიური მოწინაააღმდეგეები იყვნენ. მაგრამ ამ ახლებს, ჩეხეთს, უნგრეთს თუ სხვებს, - ნატოს ახალი წევრები იგულისხმებიან, ძირითადად, - არ ავიწყებენ ევროპული იმპერიების მიმართ არაკეთილ დამოკიდებულებას და ამით კვლავ გერმანიისა თუ რუსეთის, ან კიდევ, მათი ალიანსის მიმართ უნდობლობას უღვივებენ. ამ კამათმა, ერაყის კრიზისის თაობაზე ევროპასა და ამერიკას შორის აზრთა სხვადასხვაობამ, თუკი შიძლება ასე რბილად გააფორმო რამსფელდისადმი ერთი ფრანგი პოლიტიკოსის პასუხი, იქაც და აქაც ის სტერეოტიპები ამოატივტივა, რომლებიც ამ ორ სამყაროს აქვს ერთმანეთის შესახებ. უფრო მეტს ლაპარაკობენ ევროპელთა ანტიამერიკელობაზე, მაგრამ ხომ არსებობს ამერიკელთა ანტიევროპულობაც? ან შეიძლება კი ერთნაირად ილაპარაკო შვეციის, საბერძნეთისა და თუნდაც ირლანდიის ანტიამერიკანიზმზე? ორ მაგალითს, ორ ციტატას გაგაცნობთ იმის თაობაზე, თუ რას ამბობენ ამერიკელები ევროპელებზე. პირველი: "იმ პოლიტიკურ ქმნილებათა სიაში, რომლებიც ამორჩეულია ისტორიის სანაგვეზე გადასაყრელად, ევროპის კავშირი და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაც უნდა შევიტანოთ. სხვა საკითხია, რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს ეს". ეს ციტატა 2002 წლის მაისის "ჯუიშ უორლდ რევიუდანაა" და მარკ სტეინს ეკუთვნის. "იუნაიტედ პრეს ინტერნეშნელის", ასევე 2002 წლის ნოემბრის, ერთ სტატიაში მარტინ უოლკერი წერდა: "გსურთ იცოდეთ ჩემი აზრი ევროპელებზე? მე ვფიქრობ, წელს ისინი ყველა მნივშნელოვან საერთაშორისო საკითხში ცდებოდნენ". ეს ორი ციტატა არ გამოხატავს მხოლოდ ტენდენციას. ამერიკელებს ევროპელები აღიზიანებთ - სულ მცირე, ისინი მათ ზემოდან უყურებენ; ძველი კონტინენტის შვილები სუსტებად, მლიქვნელებად, წვრილმანების გამო მოჩხუბრებად მიაჩნიათ, ხანდახან - ანტისემიტებადაც. ამერიკაში ფიქრობენ, რომ ევროპელებმა თავიანთი ფასეულობები დაკარგეს პოსტმოდერნული საზოგადოების შენებისას და ფულს გასცემენ არა სამხედრო მიზნებისთვის, არამედ ღვინისა და კარგი დასვენებისთვის. ამ დროს, ამერიკელებს უმძიმესი საქმის კეთება უწევთ - მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება, ევროპელთა სასარგებლოდაც. ამერიკელები მტკიცენი არიან, თავისუფლების დამცველის პრინციპთა ერთგულები, ერთადერთი ჭეშმარიტად სუვერენული სამშობლოსთვის თავდადებულნი. შეგახსენებთ, ეს არის სტერეოტიპი, რომელიც ამერიკელებს ევროპელების და საკუთარი თავის შესახებ აქვთ. ევროპელთა შორის ამერიკელებს ყველაზე მეტი სალანძღავი სიტყვები ფრანგებისთვის აქვთ შემონახული. იმან, რაც ადრე ინგლისისთვის იყო ჩვეული, ფრანგის მუდმივი შაყირი, ახლა ამერიკაში გადაინაცვლა. ამერიკელ ახალგაზრდებს, მაგალითად, ვერ დააჯერებთ, რომ ფრანგები ჭუჭყიანები და დაუბანლები არ არიან. მაგრამ, ისე, ძნელი ასახსნელია, რატომ უნდა გავრცელებულიყო ასეთი აზრი ინგლისის გზით.
საერთოდ, ამერიკელთა ანტიევროპელობა და ევროპელთა ანტიამერიკელობა, ერთმანეთისგან განსხვავდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული ანტიევროპელობა უფრო მსუბუქია, ის უფრო გულგრილობაა, უფრო უვიცობითაა გამოწვეული.
პრობლემა ისიც არის, რომ ევროპის კავშირის კონსტრუქციული კრიტიკა და ევროპის მიმართ მტრული განწყობა, ან კიდევ შარონის ანტიჰუმანური ქმედების კრიტიკა და ანტისემიტიზმი უნდა განსხვავებულ იქნეს ერთმანეთისგან. ხშირად იგივე ამერიკელები ამას არ აკეთებენ. ევროპელებს კი, ყველაზე მეტად გერმანელებს, აკრძალული აქვთ - ეს მათ საკუთარ თავს თავადვე აუკრძალეს - ვინმეს კოლექტიური კრიტიკა. იმავე რამსფელდის გამოსვლას გერმანელებმა მხოლოდ თავის გადაქნევით უპასუხეს, განსხვავებით ფრანგებისაგან, რომელთა რეაქცია უფრო ადეკვატური და უშიშარი იყო. მაგრამ სად არის საზღვარი ამ კონსტრუქციულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას, მტრულ გამონათქვამებს შორის? რა უნდა იფიქროთ, როცა ჯორჯ ბუშის მთავრობის ერთ-ერთი თეორეტიკოსი, თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრი რიჩარდ პერლი ამბობს, ევროპელებმა მორალური კომპასი დაკარგესო? არ უნდა დაგვავიწყდეს იუმორის არსებობა და გამოყენება. იუმორი ხომ შეურაცხყოფის შერბილების, მოწინააღმდეგის მრისხანებისგან თავის დაცვის შესანიშნავი საშუალებაა. ევროპელები ხომ ჯორჯ ბუშის კრიტიკას მის გამონათქვამებზე სიცილით აფორმებენ. მაგრამ ხუმრობა და იუმორი წყვეტს ქმედითობას, როცა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. ამერიკელ ებრაელს შეუძლია ფრანგს "ყველის მჭამელი მაიმუნი" უწოდოს, მაგრამ ფრანგი ვერ იტყვის ებრაელებზე, "ეგ მაცის მჭამელი მაიმუნებიო", უბრალოდ, იმიტომ, რომ ფრანგების მასობრივი განადგურება ამერიკაში არასოდეს მომხდარა.
ევროპაში ახსოვთ საფრანგეთის "მონდის" სათაური, როცა ნიუ იორკში თავდასხმები მოხდა. "ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ", წერდა ფრანგების საყვარელი ჟურნალი. მაგრამ მალევე მხოლოდ ბრიტანეთის პრემიერიღა შერჩა ამერიკელებს ერთგულ თანამებრძოლად. რატომ მოხდა ეს განხეთქილება? ტერორიზმის წინააღმდეგნი ხომ ყველანი ვართ?
არის მოსაზრება, რომ ამ განხეთქილების კატალიზატორი ახლო აღმოსავლეთია - არა მხოლოდ ერაყი, არამედ პალესტინელებიც, ისრაელის მთავრობის პოლიტიკა მათ მიმართ, სპარსეთის ყურის წინა ომის გამოცდილებაც და ისლამური სამყაროს მიმართ საერთო დამოკიდებულება. ევროპაში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება საფუძველს გამოაცლიდა ტერორიზმს. ერაყთან ომი კი ტერორს, ალბათ, გაზრდის. ის დრო, როცა ევროპა და ამერიკა ერთად იყვნენ ჩაბმულნი ცივ ომში, წავიდა. ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ომი კი მათ თიშავს. ალბათ, იმიტომაც, რომ ამ ომით მხარეებს - მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს - სხვადასხმა მიზნების მიღწევა სურთ და ეს ამ მხარეებმა კარგად იციან.
XS
SM
MD
LG