Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეს"


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეს"

ამ დღეებში პატრონი გამოუჩნდა. კინომცოდნეებსა და ჟურნალისტებთან საგანგებოდ მოწყობილ შეხვედრაზე, რომელიც "კინოს სახლში" შედგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი დავით ოქიტაშვილი "პრომეთეს" მესვეურებს დაჰპირდა 25 ათას ლარს, რომელიც, ფესტივალის დირექტორის გაგა ჩხეიძის თქმით, სავსებით საკმარისია კინოფესტივალის მოსამზადებლად. "მოსამზადებლად" და არა ჩასატარებლად... თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ეს მინიმალური დახმარება, "პრომეთეს" მესვეურების თქმით, სპონსორების მოზიდვის საშუალებასაც ქმნის - ამიერიდან "პრომეთე" გამოეყოფა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "საჩუქარი" და მუნიციპალურ კინოფესტივალად გამოცხადდება. გაგა ჩხეიძის თქმით, საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება მერიის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მით უმეტეს, თუ "პრომეთე" ისევ ოქტომბერში, "თბილისობის" დღეებში, მოეწყობა. როგორც "პრომეთეს" დირექტორმა ამ შეხვედრაზე აღნიშნა:

[გაგა ჩხეიძის ხმა] "მე ვთვლი, რომ თბილისს ნამდვილად სჭირდება კინოფესტივალი, მით უმეტეს, რომ ეს არის ერთადერთი ფესტივალი ამიერკავკასიაში...ინტერესი საქართველოსადმი და ქართული კინოსადმი ძალიან დიდია."

რა თქმა უნდა, კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა ამ შეხვედრაზე დღევანდელი ქართული კინოს ჭირ-ვარამზეც ისაუბრეს. თუ ფესტივალს სახელმწიფო დააფინანსებს, იქნებ ხელისუფლებამ ეროვნული კინოს განვითარებაზეც იზრუნოს. ბოლოს და ბოლოს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმებიც ხომ უნდა ვაჩვენოთ? კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის აზრით:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესი ჩადებული იმ საქმეში, რასაც კინო ჰქვია... სახელმწიფოს ხელშეწყობა კინოსადმი. ნაბიჯები გადაიდგა, დღეს უკვე ჩვენ მივდივართ ახალი ქართული ფილმის პრემიერაზე."

და ჩვენ, მართლაც, წავედით ახალი ქართული ფილმის სანახავად - გავემართეთ კინოთეატრ "ამირანში", სადაც იმ საღამოს გაიმართა პრემიერა თინა მენაბდის და კახა მელითაურის ახალი ფილმისა "როგორც ლურჯა ცხენები". თანაც, როგორი პრემიერა! ვახტანგ რჩეულიშვილი და კობა ნარჩემაშვილი, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, კინემატოგრაფისტები... ვინ არ ვიხილეთ იმ საღამოს დარბაზში. პირადად მე თავიდან ბოლომდე ფეხზე დამდგარს მომიხდა ფილმის ყურება, რაც, თუ არ ვცდები, არც არასდროს გამიკეთებია. მაგრამ ამ შემთხვევაში ინტერესმა დასძლია კომფორტის სიყვარულს თუნდაც იმიტომ, რომ თინა მენაბდეც და კახა მელითაურიც ნიჭიერ რეჟისორებად ითვლებიან. კახა, საერთოდ, თანაავტორია ფილმისა "ახალი წელი", რომელიც 80-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. თანაც, ეს პრემიერა იმდენად ორიგინალურად მოეწყო, რომ თავისუფალი სავარძლის ძებნის სურვილი არც მქონია - მაყურებელს "ამირანის" ეკრანის წინ, სცენაზე, დახვდა ორკესტრი, რომელსაც ფილმისთვის "აკომპანემენტი" უნდა გაეწია... მოგვიანებით გამოირკვა, რომ სურათის ავტორები ფილმის ჩვენების ასეთ ფორმას სიახლედ მიიჩნევენ. "არცოდნა- არცოდვაა"... მუნჯი კინოშედევრების ჩვენება ორკესტრის ცოცხალი შესრულებით დღეს არაერთ კინოფესტივალზე ეწყობა.

"არცოდნა" რომ "არცოდვაა" - ეს იმ საღამოს გმირად წოდებულ კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკა მემანიშვილსაც ეხება. მისი მუსიკით თითქმის ყველა აღფრთოვანდა. თუმცა პედრო ალმოდოვარის მოყვარულებს ამ მუსიკამ მაშინვე გაგვახსენა ალმოდოვარის კომპოზიტორის ალბერტო იგლესიასის მელოდიები.

[ხმა.ალბერტო იგლესიასი. მუსიკა ალმოდოვარის ფილმებისთვის]

ეს ალბერტო იგლესიასია - მუსიკა ფილმებისთვის "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" და "ელაპარაკე მას". ახლა ნიკა მემანიშვილის მუსიკას მოვუსმინოთ ფილმისთვის "როგორც ლურჯა ცხენები"

[ხმა. ნიკა მემანიშვილის მუსიკა ფილმისთვის "როგორც ლურჯა ცხენები"]

მართლაც, აღარ არსებობს საზღვრები ამ პლანეტაზე. ესპანელი კომპოზიტორის მელოდია თითქოს აიტაცა ახალგაზრდა ქართველმა კაცმა, რომელმაც, სხვათა შორის, ახლახან საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეზე "ჰეპი ბერდ დეი" დაუკრა.

"არცოდნა - არ ცოდვაა", მაგრამ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ცოდნაც არაა ცოდვა. იგლესიასი იქით იყოს, ახალგაზრდა კომპოზიტორს, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ვერდის "ტრავიატაც" რომ ძალიან ჰყვარებია, ეს ახალი ქართული ფილმის დაწყებისთანავე ნათელი გახდა.

[ხმა. მუსიკა]

ამ მშვენიერი ჰანგების აჟღერების წინ (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორკესტრი იმ საღამოს, მართლაც, მშვენივრად უკრავდა), ალბათ, მოჰკარით ყური სასწრაფო დახმარების საყვირის ხმას. საქმე ისაა, რომ ფილმის დაწყების წინ, სწორედ იმ გასასვლელში, სადაც მე მომიხდა დგომა, საყვირის ხმაზე გამოჩნდნენ თეთრხალათიანი ახალგაზრდები, საკაცით ხელში. "გაგვატარეთ, გაგვატარეთო", გვთხოვდნენ და პირველი რიგისკენ გაემართნენ. თქვენ, ალბათ, ჩემს გვერდით მდგომი ქალბატონის რეპლიკაც მოისმინეთ: "ა, ნუ, მერე საავადმყოფოში ხდება მოქმედება"...

დიახ, ასეა. "როგორც ლურჯა ცხენების" მოქმედება, მართლაც, საავადმყოფოში ხდება. ოღონდ, მაპატიეთ და ჩემგან ნუ მოელით გითხრათ, თუ სხვა რა ხდება ამ ფილმში. კინო, რომელსაც ვერ მოყვები, არსებითად, შეიძლება ძალიან კარგი კინოც იყოს... ასეთი იყო თუნდაც კახა მელითაურისა და დათო შენგელიძის "ახალი წელი" - სურათი, რომელშიც სიუჟეტი კინოსახეებმა შეცვალა, ამბის თხრობა - ეკრანული გამოსახულების მუსიკალურმა განვითარებამ. "როგორც ლურჯა ცხენებში" კი აღარც კინოსახეებია უკვე, აღარც მხატვრული მთლიანობა... არაპროფესიონალი მსახიობები თეატრის მსახიობებთან ერთად ჩნდებიან კადრში. არაპროფესიონალები ცდილობენ ბუნებრიობა შეინარჩუნონ, თეატრის მსახიობები კი ისე თამაშობენ, როგორც ოდესღაც თბილისში გახსნილ "სანიტარული კულტურის თეატრში"... დროდადრო ისმის საზოგადოებაში გავრცელებული კლიშე-გამოთქმები, მაგალითად, "დასავლეთი მხარს გვიჭერს" (ირონიულად, რა თქმა უნდა), დროდადრო კი არაფერი ისმის - ხმას ხან მემანიშვილ-პიაცოლას ტანგო ფარავს, ხანაც, უბრალოდ, ხმაური, რომელსაც უხარისხო გახმოვანება ქმნის. "მთავარი გაზეთის" კინომიმომხილველმა გიორგი კალატოზიშვილმა რეცენზიაში, რომელიც ამ ფილმს მიუძღვნა ფრიად შთამბეჭდავი სათაურით "ქართული მატრიცა, გმირის გარეშე", აღნიშნა: "ხშირად გებადება სურვილი, რომ თვალი დახუჭო და დაივიწყო, რომ იქ, ეკრანზე, რაღაც ხდებაო". გიორგი კალატოზიშვილმა ასეთი სურვილი ნიკა მემანიშვილის კარგი მუსიკით ახსნა, მე კი უფრო იმით ავხსნიდი, რომ "ამირანში" თავმოყრილმა საზოგადოებამ, ჩვენი ტელეარხების კორესპონდენტმა გოგონებმა, თავიანთი ოპერატორებით, პარლამენტარებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იმ საღამოს იხილეს "კინო, კინოს გარეშე", ჯერ გარდაცვლილი, მერე კი სახელმწიფოს, კერძოდ, ახლახან ამოქმედებული "კინოცენტრის" მიერ მკვდრეთით აღდგენილი ქართული კინოხელოვნების დასაფლავება, ვერდი-პიაცოლა-იგლესიასის მუსიკის თანხლებით. შესაძლებელია, ამიტომაც მოამზადეს საკაცეები ფილმის დაწყების წინ თეთრხალათიანებმა. ვინმეს ამ სანახაობისთვის რომ ვერ გაეძლო, მას აქვე აღმოუჩენდნენ სასწრაფო დახმარებას.

იმ საღამოს მივხვდი, რომ ბედი მწყალობს, როგორც კინომცოდნეს. გასასვლელში დგომა მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეკრანზე ფინალური ტიტრების გამოჩენისთანავე მომეკურცხლა იქიდან, სადაც კინო დაასაფლავეს. მაგრამ დაბნეული, დათრგუნული და, რა თქმა უნდა, დაღლილი, სიბნელეში არა გასასვლელის კარებს, არამედ სახანძრო დაწესებულების თუ საკუჭნაოს მსგავს ოთახს მივადექი. რატომღაც ჟაკ ტატის თუ ჩაპლინის ფილმები გამახსენდა. ე.ი. გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ არსებობს სადღაც კარგი კინო ამ პლანეტაზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG