Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის სახელმწიფო


გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გუშინდელ გამოსვლას დღესაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გუშინდელ გამოსვლას დღესაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
სახელმწიფოთა უმრავლესობა მოითხოვს გაეროს კიდევ ერთ რეზოლუციას ერაყის წინაღამდეგ შესაძლო ომის დაწყებამდე. ასეთ სახელმწიფოთა შორის არის იაპონია, რომლის პრემიერ-მინისტრ იუნიჩირო კოიზუმის თქმით, კოლინ პაუელის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ერაყი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. ასევე კოიზუმის თქმით, ომის დაწყებამდე მაინც სასურველია გაეროს კიდევ ერთი რეზოლუცია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ პაუელის გამოსვლას "მეტად მნიშვნელოვანი" უწოდა, მაგრამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება სამხედრო ოპერაციას გაეროს დასტურის გარეშე. მოსკოვიდან გავრცელებული განცხადებით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ერაყის განიარაღების მისაღწევად დიპლომატიური გზა უნდა გამოინახოს. ამ ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა და ჟაკ შირაკმა დღეს განიხილეს კოლინ პაუელის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან პიერ რაფარენმა დელიში ვიზიტის დროს დაადასტურა თავისი ქვეყნის პოზიცია, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებმა უნდა განაგრძონ ერაყში მუშაობა და რომ ომი, შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული. გერმანიიდან კი იუწყებიან, რომ ოპოზიციის ლიდერმა ანგელა მერკელმა მთავრობას მოუწოდა, გადასინჯოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის წინააღმდეგ ომის საკითხში. ხოლო გერმანიის მთავრობის განცხადებით, ის ემხრობა საფრანგეთის ინიციატივას, ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის მასშტაბის გაზრდის შესახებ. ამასობაში, ხორვატიამ განაცხადა, რომ ემხრობა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის მოწოდებას ერაყისადმი, დაუყოვნებლივ შეასრულოს გაეროს რეზოლუციები. გაეროში სირიის ელჩის თქმით, ვაშინგტონმა დამაჯერებელი სამხილები წარადგინა ერაყის ხელში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის დასასაბუთებლად. ხოლო ინდონეზია ემხრობა მოთხოვნას ერაყში გაეროს ექსპერტების საქმიანობის ვადის გაგრძელების შესახებ.
XS
SM
MD
LG