Accessibility links

logo-print

რა შეცვალა უშიშროების საბჭოში კოლინ პაუელის გამოსვლამ?


ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გამოსვლამ ახალი ჩაფიქრებისა და სპეკულაციების საბაბი მისცა მსოფლიოს.

მაგრამ თავად უშიშროების საბჭოს საკვანძო მნიშვნელობის წევრები კვლავაც აღნიშნავენ იმის აუცილებლობას, რომ გაეროს ინსპექტორებმა უნდა განაგრძონ ერაყში თავიანთი მისია. მიმომხილველების აზრით, მიმდინარე კვირის ბოლოს გაეროს ორი მაღალი რანგის ინსპექტორის ერაყში გამგზავრება სადამ ჰუსეინს უკანასკნელ შანსს აძლევს იმისთვის, რომ კეთილი ნება გამოიჩინოს და დაჰყვეს მსოფლიო თანამეგობრობის მოთხოვნებს.

ახლავე შეიძლება ითქვას: უშიშროების საბჭოში კოლინ პაუელის მიერ ოთხშაბათს გაკეთებულ მოხსენებას ერაყის ბედი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია. პირიქით, პაუელის გამოსვლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაურთულებს გადაწყვეტილების მიღებას უშიშროების საბჭოს რიგ უმნიშვნელოვანეს წევრს.

ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ომის მოწინააღმდეგეებისთვის პაუელის მიერ წარმოდგენილი სამხილი არ იძლევა პოზიციის შეცვლის საბაბს. უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა მომხრეა იმისა, რომ ინსპექტორებმა გააგრძელონ სამუშაო და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი მეტი უფლებამოსილებებით იქნენ აღჭურვილნი.

მიუხედავად ზემოთქმულისა, დიპლომატები მთელს მსოფლიოში ერთი აზრის არიან: ერაყს თვალსა და ხელს შუა ეცლება ომის თავიდან აცილების შანსები.

თავის 75 წუთიან მოხსენებაში კოლინ პაუელმა ოთხშაბათს წარმოადგინა ამერიკის სადაზვერვო მონაცემები ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების თაობაზე. სახელმწიფო მდივნის თქმით, სრულიად აშკარაა, რომ საქმე გვაქვს უხეშ დარღვევებთან და რომ ერაყი არაფრად აგდებს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს.

პაუელის თქმით, აშკარაა ისიც, რომ ბაღდადი ბირთვულ იარაღზე მუშაობს. თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, მოჰამედ ელ ბარადეიმ გასულ კვირაში უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთები.

პაუელის გამოსვლის შემდეგ უშიშროების საბჭოს სამმა მუდმივმა წევრმა - საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა - მხარი დაუჭირეს კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა წინადადება წამოაყენა, რომ ერაყში გაეროს ექსპერტთა რიცხვი გასამმაგდეს. პაუელის გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ არსებობს ერაყის მხრიდან დარღვევების "აბსოლუტური დადასტურება". ეს ინსპექტორთა რიცხვის გაზრდის აუცილებელობაზე მიუთითებსო.

[ვილპენის ხმა] "არსებობს მინიშნებები, ინფორმაციები, ეჭვები და საჭიროა უფრო მეტი ვიცოდეთ ამის შესახებ. ამიტომ ინსპექტორებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ჩვენი მიზანი, რაც ერაყის განიარაღებაში მდგომარეობს."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა პაუელის მოხსენების შემდეგ გამოსვლაში თქვა, რომ ახალი ინფორმაცია გულდასმით უნდა შეისწავლონ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ექსპერტებმა. მაგრამ ერაყი ვალდებულია, უპასუხოს პაუელის მიერ წამოჭრილ ბრალდებებსო.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პაუელმა სუსტი არგუმენტები მოიტანა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთისთვის. სამაგიეროდ, პაუელის მიერ წარმოდგენილი სამხილი თავად ამერიკელებს კიდევ უფრო დაარწმუნებს მათი მთავრობის კურსის სისწორეში. გარდა ამისა, როგორც ჩვენს რადიოს განუცხადა ზოგიერთმა სპეციალისტმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პაუელის მიერ მოტანილი სამხილი სწორია, მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, რატომ წარმოადგენს ერაყი სერიოზულ საფრთხეს მსოფლიო მშვიდობისთვის.

თავად ერაყის წარმომადგენელმა ამირ ალ-საადიმ ოთხშაბათს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას ამერიკულ სტილში დადგმული შოუ უწოდა პაუელის მიერ წარმოდგენილ მტიკებულებებს. მან კვლავ გაიმეორა, რომ ერაყს აღარ მოეპოვება მასობრივი განადგურების იარაღი.
XS
SM
MD
LG