Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რა ვითარებაში წარდგნენ ძალოვანი მინისტრები პარლამენტარების წინაშე


მართალია, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი ჩვეულებრივ ამბად იქცა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში წარმოქმნილი გაწევ-გამოწევის მოტივი ბევრისთვის და, მათ შორის,

თვით დეპუტატებისთვისაც ხშირად გაუგებარი რჩება. ასე მოხდა ჯემალ გოგიტიძისა და თამაზ ნადარეიშვილის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. საქართველოს პარლამენტი ორი დღე განიხილავდა და შეფასებას აძლევდა ამ დაპირისპირებას, უფრო ზუსტად, დაპირისპირების მოტივს, რომელიც გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შინაარსის გახმაურებასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების მფარველობაში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დადანაშაულებას ეხება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებმა ოთხშაბათს უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს მოუსმინეს.


11 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი უშიშროების მინისტრის მალხაზ კორძახიას მიერ საქართველოს უშიშროების მინისტრის სახელზე გაგზავნილი გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შინაარსის გახმოვანებით, ჯემალ გოგიტიძემ თამაზ ნადარეიშვილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მის მფარველობაში დაადანაშაულა. როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები, ცნობილია. უკვე 12 თებერვალს პარლამენტის წევრები პარლამენტის შენობაში შესვლის დროს ჩხრეკას დაექვემდებარნენ. პარლამენტის 12 თებერვლის სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ადგილი აღარ ჰქონია. ამ დღეს დეპუტატებმა პარლამენტში ბოლო დღეებში წარმოქმნილ დაპირისპირებაზე პასუხი უშიშროების მინისტრს მოსთხოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრს კი ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდა ქვეყანაში ძალადობის აღზევებასა და, პირველ რიგში, "ახალი მემარჯვენეების" ოფისის დარბევასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ უშიშროების მინისტრის ინფორმაციით. გრიფით საიდუმლო დოკუმენტს, რომლის შინაარსიც პარლამენტის სამშაბათის სხდომაზე გახმაურდა, ხაბურძანიამ გრიფი ახსნა და ამით ცხადი გახადა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი უშიშროების მინისტრის მალხაზ კორძახიას მიერ უშიშროების ცენტრალურ აპარატში გადაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტი შეიცავდა სასიგნალო ინფორმაციას, რომელიც არ დადასტურებულა. აქვე განვმარტავთ, რომ ხსენებული სასიგნალო ინფორმაცია უშიშროების მინისტრმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობაში დეპუტატ ჯემალ გამახარიას ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მიიღო. გამახარიაზე თავდამსხმელებად "იუპიტერის" წევრები დასახელდნენ. კორძახია ზემდგომ პირს სწერდა, რომ უჭირს სათანადო ზომები მიიღოს შეიარაღებული ფორმირების, "იუპიტერის", კრიმინალური წარსულის მქონე წევრების მიმართ, რადგან მათ მფარველები ჰყავთ. უშიშროების მინისტრის საქმის კურში ჩაყენების არსი ის იყო, რომ ინფორმაციაზე რეაგირება უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაში გადასულიყო, რაზეც უარი ითქვა. ხაბურძანიამ მთავარი პრობლემა უშიშროების სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტში დაინახა და აღიარა, რომ ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება, მაგრამ, თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურების გამო, მისი აღკვეთა ვერ ხერხდება.

არსებითად, პარლამენტართა შეკითხვებს უშიშროების მინისტრმა უფრო იოლად გაართვა თავი, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც "ახალი მემარჯვენეების" ოფისის დარბევის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია წაიკითხა და არაერთხელ მიანიშნა იმაზე, რომ თავდამსხმელები, ძირითადად, ამავე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. კობა ნარჩემაშვილის მოხსენების ამ ნაწილით უკმაყოფილო მემარჯვენეებმა მინისტრს ტენდენციურობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზირებაში დასდეს ბრალი. დავით გამყრელიძემ ნარჩემაშვილი მისი მობილური ტელეფონის მოსმენის შესახებ დავალების მიცემაშიც კი დაადანაშაულა, სხვებმა კი - კრიმინალებისა და მოძალადეების წინააღმდეგ უმოქმედობაში. მინისტრმა სცადა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ, კრიმინალური თვალსაზრისით, საქართველოში არცთუ ისე მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ, ამის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ მას ადამიანის გატაცების ახალი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ის ზესტაფონის რაიონიდან 14 წლის ბავშვის გატაცებას ეხებოდა.
XS
SM
MD
LG