Accessibility links

logo-print

გაეროს წევრთა უმრავლესობა ერაყთან ომის წინააღმდეგია


19 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში დამთავრდა ერაყის კრიზისისადმი მიძღვნილი დებატები, რომელიც წინა დღეს "მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის" ინიციატივით დაიწყო.

დებატებში გაეროს ის ქვეყნები მონაწილეობდნენ, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან. ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა. თუმცა, გაეროს წევრი ქვეყნების ორდღიან მარათონზეც გამოჩნდნენ ერაყის საკითხზე შეერთებული შტატების პოლიტიკის მომხრეები.

უშიშროების საბჭოზე გამოსულთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერაყში გაეროს ინსპექციების გაგრძელებას. ამდენად, მათი ხმა უშიშროების საბჭოს გასული პარასკევის სხდომის ზოგიერთი მუდმივი წევრის, კერძოდ კი საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის პოზიციათა ექოდ გაისმა. ისინი აცხადებენ, რომ გაეროს ინსპექტორების მიერ ერაყში ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოების პროგრამებზე გამოძიების წარმოების ინტენსიფიკაციის ფონზე, ერაყის კრიზისის სამხედრო გზებით გადაჭრაზე საუბარი ნაადრევია. ზოგიერთი ქვეყანა საფრანგეთის წინადადებასაც ემხრობა, რომელიც ინსპექციის პროცესის გამკაცრებას ითვალისწინებს.

გაეროში ორდღიანი დებატების ორგანიზატორის, "მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის" პირველი შეკრება 1961 წელს გაიმართა იუგოსლავიის პრეზიდენტის - იოზეფ ბროზ ტიტოს ინიციატივით და ის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების საფრთხეს ეხებოდა. მაშინ მოძრაობა 25 ქვეყანას აერთიანებდა, დღეს კი 115 წევრისგან შედგება და მის ერთ-ერთ ამოცანას გაეროში ე.წ. "მიუმხრობელი ქვეყნების" მოქმედების კოორდინაციაც წარმოადგენს. "მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის" სახელით გაეროს 18 თებერვლის დებატებზე გამოვიდა სამხრეთი აფრიკის წარმომადგენელი დუმისანი კუმალო, რომელმაც განაცხადა:

[კუმალოს ხმა] "დღემდე მოწოდებული არც ერთი ცნობა არ გამოდგება უშიშროების საბჭოს მიერ ინსპექციის პროცესის შეჩერებისა და რეზოლუციაში ნახსენებ მუქარის შემცველ "სერიოზულ შედეგებზე" დაუყოვნებლივ გადასვლისთვის."

სამხრეთი აფრიკის ელჩის შემდეგ გამოსვლისას ერაყის რამდენიმე მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებმაც დაგმეს ერაყის ხელისუფლების პოლიტიკა, გამოთქვეს შიშიც შესაძლო ომით გამოწვეული შედეგების გამო. გაეროში ქუვეითის ელჩმა მანსურ ალ-ოთაიბიმ ერაყის განიარაღებასთან დამოკიდებულება მის მიერ 1990 წელს ქუვეითში შეჭრის შემდეგ გაუჩინარებული ქუვეითელებისა და დაკარგული სიმდიდრის საკითხის მიმართ ერაყის დამოკიდებულებას შეადარა. მაგრამ ოთაიბიმ დასძინა, რომ ქუვეითი ამ შემთხვევაშიც სამხედრო ძალის გამოყენებას უკანასკნელ საშუალებად განიხილავდა.

ირანელმა დიპლომატმა ჯავად ზარიფმა გააკრიტიკა როგორც ერაყის, ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკა. ზარიფმა აღნიშნა, რომ ირანის მოსახლეობა დღემდე განიცდის ირან-ერაყის ომის დროს მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგებს და ძალიან აწუხებს ერაყის განიარაღების საკითხი. თუმცა, ზარიფი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ომის დაჩქარების მიზეზს ვერ ხედავს.

[ზარიფის ხმა] "ჩვენ გვესმის, რომ 1441-ე რეზოლუცია ეხება განიარაღებას და არა - ინსპექციას, მაგრამ გვწამს, რომ სანამ ინსპექციის ხელმძღვანელები მუშაობის გაგრძელების განზრახვაზე გვატყობინებენ, პროცესის შეწყვეტისა და სამხედრო მოქმედებაზე გადასვლის საფუძველი არ არსებობს, რასაც მოსალოდნელი თუ მოულოდნელი გამანადგურებელი შედეგები მოყვება."

თურქეთის ელჩმა უმით პამირმა კი გაეროში ერაყის კრიზისზე გამართული დებატების მონაწილეების ყურადღება შესაძლო ომის ეკონომიკურ შედეგებზე შეაჩერა. პამირმა მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიან დასრულებას და პასუხისმგებლობა მთლიანად ერაყს დააკისრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდამჭერებად დებატებზე ავსტრალიელი და იაპონელი დიპლომატები გამოვიდნენ. არაბული ლიგის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა სახელმწიფო, ისრაელის გარდა, ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგია.

ერაყის წარმომადგენელმა გაეროში - მოჰამედ ალ-დურიმ მიმდინარე დებატებზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აღარ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. ალ-დურის თქმით, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერაყში იარაღის არსებობის მოტივით სადამ ჰუსეინის ხელისუფლების წინააღმდეგ ომის წამოწყებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG