Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი იუნკრების მოსაგონარი


25 თებერვალი საქართველოს ისტორიის კალენდარში

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 82 წლის წინ ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა, თითქმის ორკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლებით, დაიკავეს თბილისი და ხიშტებით კომუნისტური წეს-წყობილების დამყარებას მიჰყვეს ხელი. მაგრამ სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მე-11 არმიის ხელმძღვანელობა საგონებელში იყო ჩავარდნილი - ორი მიმართულებით საქართველოზე წამოწყებული შეტევა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ქართული ჯარის რეგულარული ნაწილებისა და მოხალისეების მხრიდან. ბრძოლებში თბილისის დასაცავად განსაკუთრებით ისახელეს თავი ოფიცერთა სკოლის მსმენელებმა, ქართველმა იუნკრებმა, რომლებიც კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ ბოლშევიკთა ურდოებს. 82 წლის შემდეგ ქართველ მხედართა ამ თავდადებას პატივს მიაგებდნენ თანამედროვე საქართველოს დამცველები, რომლებმაც იუნკრების ობელისკთან 22 თებერვალს ერთგულების ფიცი დადეს.



თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელების კვლავ სჭექდა გრდემლი.
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი.

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს.

თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს,
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

ეს სტროფები ცნობილ ქართველ პოეტს კოლაუ ნადირაძეს ეკუთვნის. ლექსს კი 1921 წლის 25 თებერვალი ეწოდება და ზუსტად გადმოსცემს იმ ტრაგიკულ განწყობას, რომელიც ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ სუფევდა ქართულ საზოგადოებაში. ლექსში ნახსენები კოჯორი და ტაბახმელა თბილისთან ახლოს მდებარე ის სოფლებია, სადაც გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის ნაწილებთან.

82 წლის წინ მე-11 არმიამ, რომელსაც საქართველოს გიმნაზიის კურსდამთავრებული, გენერალი გეკერი ხელმძღვანელობდა, თბილისს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოუტია. აჯანყების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი ახორციელებდა ე.წ. შულავერის კომიტეტი, რომელშიც სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, "თბილისი საქართველოს ვერდენად" გადაექციათ.
82 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს თბილისის უნივერსიტეტის დოცენტი, ისტორიკოსი გელა საითიძე:

[გელა საითიძის ხმა] "16 თებერვალს დიდმა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტობა გააცილა თვალცრემლიანმა და მოუწოდა, რომ ახლა სამშობლოს სჭირდებით დამცველებადო. რაც მთავარია და საინტერესოა, მეორე დღეს, 17 თებერვალს, იუნკრების 350 კაციანი რაზმი, იმჟამად პოლკოვნიკის, იუნკრების ამ სასწავლებლის უფროსის, ალექსანდრე ჩხეიძის ხელმძღვანელობით, გაეშურა ფრონტზე. საოცრად საინტერესოა, მომსწრენი როგორ აღწერენ, როგორ დარბაისლურად, მთელი ვაჟკაცური შემართებით გაიარეს მათ აღლუმზე რუსთაველის პროსპექტზე და ისე გაეშურნენ ფრონტის ხაზზე."[სტილი დაცულია]

ქართველმა იუნკრებმა, რომლებსაც მხარს უჭერდა არტილერიის ნაწილები, სამი დღე-ღამის განმავლობაში შეძლეს ბოლშევიკური არმიის ნაწილების შეჩერება თბილისის მისადგომებთან. მაგრამ მე-11 არმიამ ამ დროისთვის ახალი შევსება მიიღო. მის განკარგულებაში იყო 4 მსროლელი და ერთი ცხენოსანი დივიზია, სომხური ცხენოსანი ბრიგადა, 5 ჯავშან-მატარებელი, 5 ტანკი და 16 თვითმფრინავი, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. უთანასწორო ბრძოლაში ქართველი იუნკრების უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა და მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა საზღვარგარეთ წასვლა. 25 თებერვალს მე-11 არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ.



იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი.

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.

82 წლის წინ კოჯორ-ტაბახმელაში მიმდინარე ბრძოლების მომსწრეები საქართველოში თითქმის აღარ დარჩნენ, მხედრული ლექსიკონიდან გაქრა ტერმინი იუნკერი, აღარ არსებობს არც იუნკერთა სასწავლებელი, მაგრამ მათ მხედრულ თავდადებას დიდი ადგილი უჭირავს ქართველ სამხედროებთან აღმზრდელობითი მუშაობის პროცესში. 1998 წლიდან მოყოლებული, კოჯორთან აღმართულ მემორიალთან ფიცს დებენ საქართველოს სწრაფი რეაგირების ბრიგადის მებრძოლები, რომლებიც, ქართველი იუნკრების მსგავსად, მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვან საკუთარი სამშობლო.
[ნაწყვეტი ფიცის ტექსტიდან] "ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მის უსაფრთხოებასა და მთლიანობას, ვიქნებით შეურიგებელი მტრებისადმი, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით მეომრის მაღალ ღირსებას, არავის მივცემთ მისი შებღალვის ნებას."

82 წლის შემდეგ საქართველო სულ სხვა ისტორიულ ვითარებაში იმყოფება. მისი დამოუკიდებლობაც, ავად თუ კარგად, 12 წელიწადს ითვლის და, საყოველთაო აზრით, საერთაშორისო კლიმატიც ბევრად უფრო კეთილსაიმედოა. თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელმაც საბრძოლო დროშა გადასცა ქართველ იუნკერთა მემკვიდრეებს, გარკვეულ საფრთხეზეც მიანიშნა.

[დავით თევზაძე] "მე მინდა, გახსოვდეთ, რომ დამპყრობლის აჩრდილი დღესაც არის წამომდგარი საქართველოზე; მე მინდა, გახსოვდეთ, რომ დედასაქართველოს მოწყვეტილი სამაჩაბლო და აფხაზეთი ჯერ კიდევ ელოდება თავის გმირს. და ეს გმირი თქვენ ხართ, თქვენ უნდა დაეხმაროთ წაქცეულს ადგომაში, თქვენ უნდა მოუბანოთ წყლულები ჭრილობებიდან, და თქვენ უნდა მტრის სისხლით ჩამორეცხოთ ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG