Accessibility links

კოდორის ხეობაში გაეროს ვერტმფრენის კატასტროფის რუსული და ქართული ვერსიები


რუსეთის მხარე გაეროს სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებაში ჩეჩენ ბოევიკებსა და ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებს. 2001 წლის 8 ოქტომბერს კოდორის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით,

რამაც ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანი შეიწირა, რუსეთის მხარემ გაეროში ნახევარსაათიანი ფილმი წარმოადგინა. ამ ფილმის გმირის ჩვენებების საფუძველზე ცდილობს რუსეთი იმის დამტკიცებას, რომ ვერტმფრენის ჩამოგდებაში ჩეჩნებისა და ქართველების ხელი ურევია. რუსეთის მხარის მიერ მომზადებულ ფილმს პირველი შეფასება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელმა რევაზ ადამიამ მისცა და თქვა, რომ მასში მოყვანილი მტკიცებულებები არადამაჯერებლად ჟღერდა.


გაეროს სამხედრო ვერტმფრენში, რომელსაც კოდორის ხეობის ზედა ზოლის პატრულირება უნდა განეხორციელებინა, გაეროს 6 სამხედრო დამკვირვებელი, ეკიპაჟის წევრები და აფხაზი ეროვნების თარჯიმანი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი 2001 წლის 8 ოქტომბერს ჩამოაგდეს. 2001 წლის ოქტომბერში კი კოდორის ხეობა ცხელი წერტილი იყო. შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ დროს დაიწყო კოდორის ხეობიდან აფხაზეთის სიღრმეში ჩეჩენი მებრძოლების შეჭრა და რომ 2001 წლის შემოდგომა იყო უკიდურესად დაძაბული პერიოდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაშიც. გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია, რაც რუსული წყაროებით გავრცელდა და გაეროს გენერალური მდივნის სამხედრო მრჩევლის გენერალ-მაიორ ფორდის განცხადებას ეფუძნებოდა, იყო ის, რომ გაეროს ვერტმფრენის სამხედრო ვერტმფრენში არევა შეუძლებელი იყო, რადგან ის საგანგებოდ თეთრად იყო შეღებილი. ფორდის განცხადებით, ის ჩეჩენ და ქართველ მებრძოლებს უნდა ჩამოეგდოთ.


საქართველოს მხარემ მომხდარის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო. მიზეზი ის გახლდათ, რომ ვერტმფრენის ჩამოგდება საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ცოტა მოგვიანებით დანაშაულის მიზეზების შესწავლის მიზნით აფხაზეთში გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა, თუმცა უშედეგოდ. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2003 წლის იანვრის რეზოლუციით, მხარეებს ერთხელ კიდევ მოეწოდათ, ყველა ღონე იხმარონ იმ პირების გამოსავლენად და დასასჯელად, რომელთა ქმედებასაც 9 ადამიანი შეეწირა. ეს მისია თავის თავზე რუსეთმა აიღო და წარმოადგინა ფილმი , რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა და რომლის ავტორებიც ამ ერთ ადამიანზე დაყრდნობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გაეროს სამხედრო ვერტმფრენი ჩეჩენი ბოევიკებისა და ქართველი პარტიზანების ჩამოგდებულია. ფილმის გმირი ირწმუნება, რომ ის პანკისის ხეობიდან კოდორის მიმართულებით გადაადგილებულ ჩეჩენ ბოვიკებს შორის იმყოფებოდა და ამტკიცებს, რომ ვერტმფრენის ჩამოგდება უშუალოდ გელაევის ხელქვეითმა ვინმე არბიმ განახორციელა.

პირი, რომლის ჩვენებებზეც გვაქვს საუბარი, ემზარ კვიციანმა ამოიცნო. მისი თქმით, ის ქართულმა სპეცსამსახურებმა დაადევნეს კოდორის ხეობაში გადასროლილ ჯგუფს; არის ქართველი-სომეხი, რომელიც იფიცებოდა, რომ პარტიზანია და, როცა საქმე საბრძოლო მოქმედებებზე მიდგა, სოფელ საკენიდან გამოიქცა.


ემზარ კვიციანი დარწმუნებულია, რომ ჩეჩენი მებრძოლების კოდორში გადასროლა რუსეთის, კერძოდ კი, რუშაილოს გეგმის მიხედვით, კახა თარგამაძისა და ვახტანგ ქუთათელაძის ხელით განხორციელდა და, ფიქრობს, რომ ზემოხსენებული პირი კოდორის ხეობაში გაგზავნილ ჯგუფს აგენტურული მიზნებით დაემგზავრა და, შესაბამისად, რუსეთის მხარისთვის მიცემული ჩვენებებიც წინასწარ დაგეგმილ მიზნებს შეუთანხმა. ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით კვიციანი განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს.

[ემზარ კვიციანის ხმა] "ჩეჩნებს ჰყავდათ ტყვედ სომეხი პოლიციელი, რომელიც სოფელ გეორგიევსკაიაში აიყვანეს. მან მისცა ჩეჩნებს ინფორმაცია, რომ აფხაზებს ჩამოგდების შიშით აქვთ თეთრად შეღებილი ვერტმფრენი და, ფაქტობრივად, ამ კაცმა ჩამოაგდებინა ეს ვერტმფრენი."

ასეთია კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ვერსია. რაც შეეხება გაეროში წარმოდგენილ მასალას, მას გაეროში საქართველოს წარმომადგენელი რევაზ ადამია ერთი თვის მანძილზე ელოდებოდა და, როცა ნახა, იმდენად არადამაჯერებლად ეჩვენა, თქვა, რუსეთის სპეცსამსახურებისგან ასეთ არადამაჯერებელ მტკიცებულებებს ნამდვილად არ ველოდიო.
XS
SM
MD
LG