Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპი იწყება


შარშანდელი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებას დაექვემდებარა. კრიმინალური ვითარება იქ მეტ-ნაკლებად შემსუბუქდა. რამდენიმე თვეა,

პანკისი აღარც ჩეჩენი მებრძოლებისა და ტერორისტების თავშესაფრად აღიქმება. და, მიუხედავად ამისა, იქ მაინც ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპი იწყება. პარასკევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ მოიწონა გეგმა, რომელშიც პანკისის ხეობაში გასატერებელ ღონისძიებებზე იყო საუბარი. გეგმის მიხედვით კი, ოპერაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლების გარდა, თავდაცვის სამინისტრომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპის დაწყება 3 მარტისთვის გადაწყდა.

პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის გეგმა უწყებათშორისმა ჯგუფმა შეიმუშავა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე
განხილვის შემდეგ ის უმნიშვნელო გადამუშავებას 2 დღის მანძილზე გაივლის. ამ გეგმას პრეზიდენტი ორშაბათს მოაწერს ხელს. ამის შემდეგ კი ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპი პანკისის ხეობაში გახსნილად გამოცხადდება. ოპერაციას კვლავინდებურად სპეციალური შტაბი და შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპი წინა ეტაპისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ მასში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებისა და სასაზღვრო ძალების წარმომადგენლების გარდა, თავდაცვის სამინისტროც აქტიურად იქნება ჩართული. მესაზღვრეებთან ერთად, სწორედ სამხედროებს დაევალებათ ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის დაცვა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების ხელახალი შემოჭრის აღკვეთა. დანარჩენი საიდუმლოა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ძალები სიტუაციის მიხედვით იქნება გამოყენებული.

[თედი ჯაფარიძის ხმა] "თუ საჭირო იქნება, შევიყვანთ დამატებით ძალებს. თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტროს ძალები არ მონაწილეობდნენ შიგნით, ახლა ვნახოთ. თუ საჭირო იქნება, გეგმის მიხედვით გამოვიყენებთ ყევლა იმ ძალას, რომელიც გაგვაჩნია. "

ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხელისუფლება ირწმუნება, რომ არც გელაევი და მისი ჯგუფი და არც შორეული ქვეყნებიდან შემოსული საეჭვო პირები პანკისის ხეობაში აღარ იმყოფებიან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პანკისში წესრიგია და იქაურობა კრიმინალებისგან გათავისუფლებულია. როგორც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა 24 თებერვლის რადიოინტერვიუში: "პანკისში კვლავ იმალებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გაქცეული ძებნილი დამნაშავეები, ნარკოტიკებით მოვაჭრენი და ადამიანის გამტაცებლები. თუმცა ლაპარაკია არა იმ რაოდენობაზე, რომელიც ადრე იყო. სამართალდამცავების ძალისხმევით, ისინი თავისუფლად ვეღარ დასეირნობენ სოფლებში." აღნიშნულის მიუხედავად, აშკარაა, რომ პანკისში დაგეგმილი ახალი ღონისძიებები, პირველ რიგში, მაინც საზღვრის დაცვის მოთხოვნას უნდა ემსახურებოდეს - იმას, რომ თოვლის დადნობის შემდეგ რამენაირად მოხერხდეს საზღვარზე მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება და ამით რუსეთთან ზამთრის კვალობაზე მიღწეული არაფეთქებადსაშიში ურთიერთობის შენარჩუნება. საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის გამაგრება და პანკისის ხეობაში სტაბილურობის შენარჩუნება ედუარდ შევარდნაძემ წლის მთავარი ამოცანის რანგში აიყვანა. გასული ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში მან თქვა, წელს მთავარი მიზანი ჩეჩნეთიდან თუ სხვა საზღვარგარეთული რეგიონებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შემოღწევის ყოველგვარი მცდელობის ჩანასახშივე აღკვეთაა, - პანკისის ხეობა ამიერიდან მხოლოდ დადებით კონტექსტში უნდა იხსენიებოდესო.

ვნახოთ, რას მოიტანს ანტიტერორისტული ოპერაციის მორიგი ეტაპი. პანკისის ხეობაში დღეისათვის 4 ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს და ისინი ისევ ეძებენ მესამე ქვეყანაში გადასვლის საშუალებებს.
XS
SM
MD
LG