Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის წინ ერაყზე პოზიციები არ იცვლება


7 მარტს გაეროს უშიშროების საბჭო მოისმენს ერაყის განიარაღების პროცესის შესახებ ინსპექციის მორიგ და ალბათ ბოლო ანგარიშს, რომლის წერილობითი ვერსია ინსპექციის ხელმძღვანელმა ჯანს

ბლიქსმა გასულ პარასკევს წარუდგინა. ბლიქსის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერაყის განიარაღება "ძალიან შეზღუდულად" ხორციელდება.

ერაყმა "ალ-სამუდ ორი" ტიპის რაკეტების თითქმის მეხუთედი გაანადგურა. საფრანგეთისთვის ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის მტკიცებისთვის, რომ ინსპექციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ესპანეთი კი იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირას მათ მიერ შედგენილი ახალი რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე გავა. საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ კი, როგორც ადრე მოგახსენებდით, გაავრცელეს მემორანდუმი, რომელიც ინსპექციის პროცესის ივლისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელის განწყობა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის წინ კი ასეთი გახლავთ:

[პაუელის ხმა]
"არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სადამ ჰუსეინი რამდენიმე დღეში, ან თუნდაც ერთ კვირაში შეძლებს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ჩვენ და მთელს მსოფლიოს დაარწმუნებდა, რომ ის მართლაც ცდილობს მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებას".

შეერთებული შტატები კვლავ თვლის, რომ ერაყში საომარი მოქმედებების დაყწებისთვის არ სჭირდება აგეროს ახალი რეზოლუცია და განაგრძობს სპარსეთის ყურის რეგიონში ჯარების განლაგებას, სადაც ახლა უკვე 225 ათასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება.

ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ დიაბ ალ-აჰმედმა ოთხშაბათს ბაღდადში გამართულ სამხედრო აღლუმის მსვლელობისას ჟურნალისტებს განუცხადა:

[ალ-აჰმედის ხმა]
"ვისაც აქ ხედავთ, არის ჩვენი ხალხის ნაწილი, რომელიც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზად არის თვითმკვლელ ტერორისტად იქცეს და გაანადგუროს მომხდური, თუკი ის ჩვენს ხალხზე თავდასხმას შეეცდება. ჩვენი ხალხი პალესტინაში სიონისტებს ქვებით ებრძვის".

ეს გახლდათ ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ნეგროპონტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი რეზოლუციის ინიციატორები უშიშროების საბჭოში მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. საუბარია აუცილებელ ცხრა ხმაზე. დღეს ბალანსი ასეთი გახლავთ: უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრიდან სამი - რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ახალი რეზოლუციის წინააღმდეგია, ასეთივე პოზიცია აქვთ არამუდმივ წევრებს გერმანიასა და სირიას, ბულგარეთი შეერთებული შტატების პოლიტიკას უჭერს მხარს. კიდევ ექვსი არამუდმივი წევრის პოზიცია ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული. მათმა უმეტესობამ ინსპექციის გაგრძელებას დაუჭირა მხარი, მაგრამ ყოვლედღიური კონტაქტი აქვს ვაშინგტონის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალი რეზოლუციის პროექტის ლობირებით არიან დაკავებული. პაკისტანისა და გვინეის ელჩებმა გაეროში განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების პოზიცია ჯერ არ არის გამოკვეთილი. გვინეა ამ თვეში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მისი პოზიცია აფრიკის კიდევ ორ სახელმწიფოსთან ერთად საჭირო იქნება ახალი რეზოლუციის მისაღებად. საბჭოს კიდევ ორი წევრი ჩილე და მექსიკა კი უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა პოზიციების დაახლოებას ცდილობენ კანადის მიერ შემოთავაზებული სქემის გამოყენებით, რომელიც ინსპექციის ბოლო ანგარიშის თარიღის მარტის ბოლოსთვის გადატანას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG