Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები და დიპლომატიური კორპუსები ანტიერაყული კამპანიის ცხელ წერტილებში - ისრაელსა და თურქეთში


ომის მოლოდინში მყოფი მსოფლიოს თითოეულ სახელმწიფოში მოქალაქეები, ძირითადად, ერაყის საზღვრებიდან მათი ქვეყნის საზღვრებამდე არსებული მანძილის გამოთვლით არიან დაკავებულნი.

ეს არის პირველი თავდაცვითი რეაქცია, რომლითაც ადამიანები ომის საფრთხეზე რეაგირებენ. ანტიერაყული კამპანიის მოსალოდნელ ცხელ წერტილებში, ისრაელსა და თურქეთში, მოსახლეობა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ მდგომარეობა დაძაბულია. როგორ გრძნობენ თავს ამ ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები? ამის გასარკვევად საქართველოს საელჩოებს დავუკავშირდი.

ისრაელში ლეგალურად რამდენიმე ათეული ქართველი ცხოვრობს, არალეგალურად კი დაახლოებით - 2000. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური თუ ბიოლოგიური შეტევის შემთხვევაში ისინი ისრაელის მოქალაქეებთან გათანაბრებული უსაფრთხოების უფლებებითა და საშუალებებით სარგებლობენ, მაინც არსებობს ერთი საგულისხმო განსხვავება. აირწინაღებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით აღჭურვის მოთხოვნით, ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრებმა ადამიანებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციას მათი აღრიცხვისა და, საჭირო შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურა საგრძნობლად უმარტივდება. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ განგვიმარტა, ამ ეტაპზე პოლიცია მათი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საელჩო ამ გარანტიაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე მაინც ვერ იღებს. დღეისათვის ისრაელში სრული დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის 80-ვე დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის, საქართველოს საელჩოც, რომლის ევაკუაციის შესახებ საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა 18 მარტს დეზინფორმაცია გაავრცელეს.
[რევაზ გაჩეჩილაძის ხმა] "არანაირი პანიკა არ არის. საქართველოს საელჩო სრული შემადგენლობით არის ისრაელში და განაგრძობს ფუნქციონირებას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, რომ მოხდება ოჯახის წევრების ევაკუაცია და არა თანამშრომლების. ოჯახის წევრი სხვა არის და ჩვენ აქ, ფაქტობრივად, ოჯახის წევრი არცა გვყავს არავის."
ისრაელში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსების ოჯახის წევრების ევაკუაციის შედეგად, ეს განსაკუთრებით ეხება ამერიკის საელჩოს, ტელ-ავივში ამერიკული სკოლა დროებით დაიხურა. ამ სკოლაში, ჩვენი მონაცემებით, ქართველი ბავშვები არ სწავლობენ, მაგრამ რამდენიმე ქართველი მოსწავლე ამჟამად ნამდვილად იმყოფება ისრაელში. დახმარებისა და საქართველოში დაბრუნების სურვილით მათ საქართველოს საელჩოს უნდა მიმართონ, რაც, რევაზ გაჩეჩილაძის თქმით, ჯერ არ გაუკეთებიათ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ.
კიდევ უფრო ძნელია საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთში, სადაც საქართველოს საკონსულოს სამი წარმომადგენლობა მოქმედებს - სტამბულში, ანკარასა და ტრაბზონში. უშუალოდ საქართველოს საელჩოში 10 კაცი მუშაობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის მიუხედავად, ისინი ოჯახის წევრების სამშობლოში გამომგზავრებას არ გეგმავენ. როგორც მისიის მეთაურის მოადგილემ, დესპანმა გიორგი ტაბატაძემ გვაცნობა, 19 მარტს თურქეთში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსების დაცვისა და ქალაქებში უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართეს თურქეთის მთავრობისა და პოლიციის წარმომადგენლებმა. ზოგადი დაძაბულობის მიუხედავად, თურქეთში სიმშვიდეა და საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისადმი, რომლებმაც უახლოეს საათებში ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ - ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისათვის თურქეთის საჰაერო სივრცის დათმობისა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის შეყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG