Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე


შეერთებული შტატების მიერ ერაყის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია განსხვავებულია. დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, იაპონიამ,

ფილიპინებმა და სხვა ქვეყნებმა (რომელთა შორის საქართველოც არის) მხარი დაუჭირეს ვაშინგტონის ქმედებას, რასაც ვერ ვიტყვით საფრანგეთზე, გერმანიაზე, რუსეთზე, ჩინეთზე, ევროპისა და აზიის სხვა მრავალ სახელმწიფოზე. მასალაში, რომელიც დავით კაკაბაძემ მოამზადა, საუბარია ერაყში დაწყებული ომის განსხვავებულ შეფასებაზე.

ვიდრე ცალკეული ქვეყნების პოზიციებზე ვისაუბრებდე, აღვნიშნავ, რომ ომის მიმართ თვით სახელმწიფოებს შიგნითაც განსხვავებული, ხშირად დიამეტრულად საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმის. მაგალითად, იმ წუთებში, როცა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰაუარდი პოლიტიკოსთა და სამხედრო პირთა ერთი ჯგუფის წინაშე, დედაქალაქ კანბერაში, ვაშინგტონის სამხედრო აქციის მხარდასაჭერ სიტყვებს წარმოთქვამდა, სიდნეისა და მელბურნში ათიათასობით ავსტრალიელი მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში.

ანალოგიური ვითარებაა ესპანეთში, სადაც მთავრობა სადამ ჰუსეინის რეჟიმის სამხედრო გზით ჩამოგდების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა, ხოლო მოსახლეობა თითქმის ერთხმად ეწინააღმდეგება ომს.

რუსეთში საქმე სხვაგვარად არის. იქ ქვეყნის ხელმძღვანელობაც და - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა თანახმად - მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც, ერაყთან ომის წინააღმდეგი არიან. პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა მთავრობის ხუთშაბათის სხდომა სწორედ ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკით გახსნა:

[მიხაილ კასიანოვის ხმა] "რუსეთის ხელმძღვანელობა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ერაყის კრიზისის, ერაყის პრობლემის გადაჭრა სამხედრო გზით ხდება; გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებათა გვერდის ავლით, ან სულაც ამ გადაწყვეტილებების გარეშე."

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი სამხედრო აქციის დაწყებას "დიდი პოლიტიკური შეცდომა" უწოდა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა]

გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის ნაბიჯის გამო ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული. ამავე შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთის საგარეო უწყებამაც, ხოლო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გი ვერჰოფსტადმა დაგმო ამერიკის გადაწყვეტილება, "უგულებელეყო საერთაშორისო სამართლებრივი მოწყობა".

კიდევ უფრო მკაცრი იყო პეკინის ოფიციალური რეაქცია. აი, რა თქვა ჟურნალისტებისთვის მოწყობილ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კონ ჰუანმა:

[კონ ჰუანის ხმა] "ერაყზე თავდასხმა უგულებელყოფს მსოფლიოს მთავრობათა და ხალხთა უმრავლესობის წინააღმდეგობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიციას, რაც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო აქცია და დაუბრუნდნენ ერთადერთ სწორ გზას: პოლიტიკური საშუალებებით და გაეროს ჩარჩოებში სცადონ ერაყის პრობლემის მოგვარება."

სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულ ომს "გაუმართლებელი" და "უკანონო" უწოდა ერაყის მეზობელმა და მოქიშპემ ირანმა. ოფიციალურ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებით ამერიკა დაუფიქრებლად მოიქცა და ანგარიში არ გაუწია "კოლექტიურ სიბრძნეს", რითაც, მინისტრის თქმით, "მთლიანად მოისპობა ის, რასაც ნახევარი საუკუნის მანძილზე, ქვეყნებისა და მთავრობების თანამშრომლობით, უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად მივაღწიეთ."
XS
SM
MD
LG