Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ომი ერაყში


ჯორჯ ბუშის ულტიმატუმის 48 საათიანი ვადის გასვლიდან საათნახევარში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა დაბომბეს ბაღდადის ახლოს მდებარე სამიზნეები.

ამას მოჰყვა ერაყის საჰაერო თავდაცვის საპასუხო გასროლაც, რომლის სამიზნესაც ქუვეითის ჩრდილოეთში განლაგებული მოკავშირეთა ნაწილები წარმოადგენდა. რამდენიმე წუთში ჯორჯ ბუშმა თეთრი სახლიდან მიმართა თავისი ქვეყნის მოსახლეობას. ერაყის ტელევიზიით გადაიცა სადამ ჰუსეინის მიმართვაც. გარდა მათი გამოსვლებისა, ჩვენ საშუალება გვაქვს მოგასმენინოთ ქუვეითში მყოფი ჩვენი კორესპონდენტის რონ სინოვიცის მონათხრობიც, რომელიც სწორედ წუხანდელი მოვლენების თვითმხილველი გახლდათ.

ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან საკუთარ მოსახლეობას მიმართა და განუმარტა, რომ ეს მხოლოდ შესავალი ღონისძიება იყო და ის ერაყის სამხედრო მნიშვნელობის ობიექტების განადგურებას ითვალისწინებდა. ბუშის განცხადებით, სამხედრო კამპანია გაცილებით ფართო მასშტაბს შეიძენს და ხანმოკლე იქნება:

[ბუშის ხმა]
"ახლა, როცა კონფლიქტი სახეზეა, მისი ხანგრძლიობის შეზღუდვისთვის აუცილებელია გადამჭრელი ძალის გამოყენება. გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ნახევარზომებით განხორციელებული კამპანია; და რომ შედეგი იქნება გამარჯვება და არაფერი სხვა."

პირველი დაბომბვის სამიზნე სადამ ჰუსეინის სავარაუდო ადგილსამოყოფელიც იყო. თუმცა, დაბომბვიდან რამდენიმე საათში ერაყის ტელევიზიით გადაიცა სადამ ჰუსეინის გამოსვლა. არ არის დაზუსტებული ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა, თუ ტელევიზიამ მისი ჩანაწერი გამოიყენა. სადამ ჰუსეინმა ასე შეაფასა ვაშინგტონის გადაწყვეტილება:

[ჰუსეინის ხმა]
"დღეს, 2003 წლის 20 მარტს უპასუხისმგებლო ბოროტმოქმედმა - უმცროსმა ბუშმა კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, რომლითაც ის უკვე დიდი ხანია გვაშინებდა".

ოპერაციის დაწყების შეზღუდულმა მასშტაბმა გააკვირვა ექსპერტები, რადგან ისინი ვაშინგტონისგან უფრო მძლავრ საწყის ოპერაციას ელოდნენ. საგულისხმოა, რომ ჩვენი კორესპონდენტი რონ სინოვიცი, რომელიც ჩრდილოეთ ქუვეითში შეერთებული შტატების ქვეითთა მესამე დივიზიას ახლავს, ასევე ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩნენ ამერიკელი სამხედროებიც. რონ სინოვიცი ჩრდილოეთი ქუვეითიდან:

[სინოვიცის ხმა]
"ისინი ელოდნენ გაცილებით ინტენსიურ საჰაერო თავდასხმას იმასთან შედარებით, რაც წუხელ ვნახეთ. ამჟამად ჯარები მზადყოფნაში არიან და ელოდებიან რა იქნება ამაღამ, მოხდება თუ - არა საჰაერო ოპერაციების ესკალაცია".

რაც შეეხება ერაყის მიერ ჩრდილოეთი ქუვეითის ტერიტორიის დაბომბვას, რონ სინოვიცის თქმით, ამან ამერიკის ჯარის ნაწილებში დიდი პანიკა არა, მაგრამ გარკვეული მოძრაობა გამოიწვია:

[სინოვიცის ხმა]
"ამერიკელი სამხედროების მიერ "პატრიოტის" ტიპის რაკეტით ერაყის მიერ გასროლილი "სკადის" ტიპის რაკეტის გაუვნებელყოფის შემდეგ ამ რაიონში სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილების გააქტიურება შევნიშნე. "პატრიოტით" "სკადის" "დაჭერის" მიუხედავად, მომწამლავი გაზის, ან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო უშიშროების ზომების დაუყოვნებლივი გაძლიერების შესახებ რაიმე ცნობა არ ყოფილა".

"რადიო თავისუფლების" მეორე კორესპონდენტი ჩარლზ რეკნეიგელი ქალაქ ქუვეითში მყოფი მოსახლეობის განწყობაზე მოგვითხრობს:

[რეკნეიგელის ხმა]
"დილაადრიან შეერთებული შტატების მიერ დაბომბვის დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, განწყობა აქ საკმაოდ მშვიდი იყო. ახლა ატყდა სირბილი პურის მაღაზიებისკენ. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის დღეში მხოლოდ 5 მილიონი ცალი პურის გამოტანას აპირებ იმისათვის, რომ გარკვეული მარაგი შეინარჩუნოს."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG