Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს სამხედრო აეროდრომების დათმობის თხოვნით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 მარტს ანტიტერორისტული კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა, დანიამ, გამოუცხადა ომი ერაყს. საინტერესოა, რომ ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ აშშ-ის ოფიციალური მხარდამჭერი ქვეყნების

რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. მთლიანობაში, ანტიტერორისტული კოალიციის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის რაოდენობა ხუთივე კონტინენტზე მილიარდს აღემატება. ამ სახელმწიფოთა დიდი ნაწილის მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში შეიძლება შეფასდეს სიმბოლურად, რაც, მეტწილად, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მათ ტერიტორიაზე ამერიკული ავიაციის გადაფრენის უფლების მიცემით გამოიხატება. რამდენად სიმბოლური იქნება საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში?

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, ვაშინგტონს არ მიუმართავს საქართველოსთვის სამხედრო აეროდრომების გამოყენების თხოვნით, ერაყის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კამპანიაში საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული აეროდრომების გამოყენების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად არის ქცეული ქართულ საზოგადოებაში. ინტერესი ამ საკითხისადმი კიდევ უფრო გაამძაფრა საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებამ, რომ პენტაგონი განიხილავს ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მარნეულის აეროდრომის გამოყენების საკითხს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მართალია, მარნეულის აეროდრომის რეკონსტრუქცია თურქეთის დახმარებით წარმოებს, მაგრამ, ტექნიკური თვალზარისით, აეროდრომს ჯერაც არა აქვს ყველა თანამედროვე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა - მაგალითდ, არ მოეპოვება ღამის ხედვის სისტემა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ მარნეულის აეროდრომის გამოყენების საჭიროება დღის წესრიგში დადგა, აუცილებელ სამუშაოებს ამერიკელები თავად განახორციელებენ უმოკლეს ვადაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკულ მხარეს საქართველოსთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენების თხოვნით ჯერ არ მოუმართავს. მართალია, ეს თხოვნა, შესაძლოა, პირდაპირ უშიშროების საბჭოს ან თავდაცვის სამინისტროს მისამართით გაკეთდეს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე საქმის კურსში აუცილებლად იქნება, - მითხრა სატელეფონო საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ნატო ჩიქოვანმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარლამენტარ გიორგი ყარყარაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ანტიერაყული მოქმედებების განსახორციელებლად შეუძლია ვაშინგტონს შესთავაზოს არა მხოლოდ მარნეულის აეროდრომი, არამედ ვაზიანისა და კოპიტნარის აეროდრომებიც, ასევე, ფოთის პორტი. თუმცა იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი საბოლოოდ უარს ეტყვის ანტიერაყულ კოალიციას თავისი სამხედრო ინფრაქსტრუქტურის გამოყენებაზე, ნაკლებსავარაუდოა საქართველოს როლის გაზრდა, უპირველესად, გეოგრაფიული სიშორის გამო. გიორგი ყარყარაშვილის განმარტებით, ის 600 კილომეტრი, რომელიც საქართველოს ერაყისგან აშორებს, სამხედრო თვალსაზრისით, ნაკლებ მოსახერხებელს ხდის საფრენი პლაცდარმის საქართველოში მოწყობას.
პრეზიდენტი შევარდნაძე ასევე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ანტიტერორისტულ კოალიციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო აეროდრომების გამოყენება დასჭირდეს. პარალელურად, იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველო ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ერაყში ამერიკა ებრძვის არა ერაყელ ხალხს, - ეს ჩემი ღრმა რწმენაა ასეთი, - არამედ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც ერთი მხრივ, თრგუნავს საკუთარ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, ქმნის მასობრივი განადგურების იარაღს და ამით საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. რეჟიმი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ქმნის, ის რეჟიმი უნდა დაემხოს, ის რეჟიმი უნდა დაისაჯოს."
როგორც ჩანს, საქართველოში ყველა არ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებას. გავრცელებული ხმებით, საქართველოში ერაყელთა მხარდასაჭერად მოხალისეებს აგროვებენ. ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს საქართველოს უშიშროების სამინისტრო. და არცთუ უსაფუძვლოდ: ერაყს გამოცდილი სამხედროები სჭირდება და არა ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობით გულდათუთქული მოხალისეები. გამოცდილი სამხედროები კი, სამწუხაროდ, საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია.
XS
SM
MD
LG