Accessibility links

logo-print

ორშაბათ დილით ჰოლივუდიდან ჩვენთვის სასიამოვნო ცნობა მოვიდა. მართალია, ამერიკის კინოაკადემიის


ორშაბათ დილით ჰოლივუდიდან ჩვენთვის სასიამოვნო ცნობა მოვიდა. მართალია, ამერიკის კინოაკადემიის პრემიის, "ოსკარის", ნომინანტებს შორის ქართული ფილმი ვერ ვიხილეთ, გამარჯვება გერმანელ

კინორეჟისორ კაროლინე ლინკის სურათისა "არსად აფრიკაში" ჩვენმა კინოს მოყვარულებმა მაინც ქართული კინოს გამარჯვებად აღიქვეს, რაც ბუნებრივია: ამ სურათში მთავარ როლს ხომ მერაბ ნინიძე ასრულებს. ფილმის პრემიერა ახლახან გაიმართა თბილისში. კაროლინა ლინკის "არსად აფრიკაში", რა თქმა უნდა, დამსახურებულად აღინიშნა "ოსკარით".

"ოსკარით" დაჯილდოების წლევანდელი ცერემონიალი პაციფისტების მიტინგად არ გადაქცეულა. კინოაკადემიკოსების უმრავლესობა კორექტულად, შეიძლება ითქვას, "მეტისმეტადაც" კორექტულად იქცეოდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის კინოაკადემიის წევრებს არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია ყველაფერი იმის მიმართ, რაც დღეს ხდება მსოფლიოში. აშკარაა, რომ ჰოლივუდი წუხს სამყაროში გამეფებული შეუწყნარებლობის, კულტურათა დაპირისპირებისა და რელიგიური შუღლის მომძლავრების გამო, წუხს და მსოფლიო კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული პრემიით, "ოსკარით", აღნიშნავს იმ ფილმებს, რომელთა ავტორები სამყაროს ხსნას "სილამაზეში" ხედავენ.

ზუსტად ორი კვირის წინ თბილისელები მოხიბლა გერმანელი რეჟისორის კაროლინე ლინკის ფილმმა "არსად აფრიკაში" - მოხიბლა ამ ფილმის სილამაზემ. თუმცა მას შემდეგ, რაც მერაბ ნინიძემ "კინოს სახლში" შეკრებილ საზოგადოებას ეს სურათი უჩვენა, სკეპტიკოსებიც გაჩნდნენ; ისინი ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ამერიკის კინოაკადემია დღეს არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავს "ოსკარით" გერმანულ ფილმს, მით უმეტეს, სურათს, რომლის ავტორი, გერმანულ ნაციზმთან ერთად, ბრიტანულ კოლონიალიზმსაც ამხელს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კაროლინე ლინკმა უარი თქვა "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობაზე, გერმანული სურათის გამარჯვების შანსი მინიმალური გახდა. თუმცა თბილისში მერაბ ნინიძე ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ჰოლივუდისთვის ყოველთვის არაა განმსაზღვრელი და რომ სურათს "არსად აფრიკაში", რომელმაც შარშან კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმარჯვა, ამერიკელები აუცილებლად დააფასებენ. სხვათა შორის, "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიალამდე ამერიკის პრესამ, განსაკუთრებით გაზეთ "ჩიკაგო ტრიბუნის" კინომიმომხილველმა, გერმანულ სურათს უმაღლესი შეფასება მისცა. ახლა კი, როცა "არსად აფრიკაში" "ოსკარის" ლაურეატი გახდა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, თავად მერაბ ნინიძეს გაუჩნდა შანსი თავისი ნიჭი ამერიკელ კინემატოგრაფისტებსაც დაუმტკიცოს. ორშაბათ დილით ინტერნეტში, ამერიკულ კინოსაიტებზე, უამრავი ინფორმაცია გაჩნდა მერაბ ნინიძის შემოქმედებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში მერაბის გულშემატკივრები ქართველი მსახიობის ახალი გამარჯვების მოწმენი გახდებიან.
XS
SM
MD
LG